მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე ბანერების დაბლოკვაზე: Facebook-ს საქართველოდან ძალიან სპეკულაციური და მდაბიო ინფორმაცია მიაწოდეს

მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონზე ბანერების დაბლოკვაზე: Facebook-ს საქართველოდან ძალიან სპეკულაციური და მდაბიო ინფორმაცია მიაწოდეს

Facebook-მა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საინფორმაციო ბანერები საქართველოდან, მათი კონტრაქტორი კომპანიების მიერ მიწოდებული სპეკულაციური ინფორმაციის საფუძველზე დაბლოკა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორ შეიძლება, ასეთი ცენზურით და გამოხატვის თავისუფლებასთან „ნაცურ“ სტილში ასეთი ბრძოლით დაიწყო ინფორმაციის დაბლოკვა? უპასუხე! არგუმენტები არ არსებობს და იმიტომ ცდილობენ, დაბლოკონ. Facebook-მა რის საფუძველზე დაბლოკა, როგორ მოხდა - პოლიტიკურ დებატებში ერთი მხარის არგუმენტები დაიბლოკა. საქართველოდან ძალიან სპეკულაციური და ძალიან მდაბიო ინფორმაცია მიაწოდეს მათი კონტრაქტორი კომპანიებიდან - სერგი კაპანაძე და სხვები რომ ხელმძღვანელობენ. Facebook-ს ჰყავს თავისი კონტრაქტორები, რომლებიც ასე სპეკულაციურად და ბინძურად ამბობენ სიმართლეზე, რომ ტყუილია და ეს მათი მიწოდებული ინფორმაციაა. Meta-ს ცენტრალური აპარატის სტაფი ხომ არ გაარჩევდა, ლომჯარია რომ ამბობს, მართალია და მდინარაძე რომ ამბობს - ტყუილიაო? საქართველოდან კონტენტი - ბინძური ტყუილი იყო მიწოდებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე ვარაუდით, მოგვიანებით Facebook-ში დაასკვნეს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება არ იყო სწორი.

„როგორც ჩანს, შემდეგ დაფიქრდა ვიღაც, რომ პოლიტიკურ დებატებში ერთი მხარის არგუმენტების უაპელაციოდ დაბლოკვა არ ვარგა. ახლა ჩემ გვერდზე შედით და ნახეთ, 7 ათასამდე ლაიქი აქვს ჩემს პოსტს და ეს ქარდი უვნებლად არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.