ცნობილმა მსახიობმა, ენდრიუ სკოტმა, თავი Fleabag-ში შესრულებული მღვდლის როლით თავიდან შეგვაყვარა. 2019 წელს დასრულებული სერიალი, წლების გასვლის მიუხედავად, აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, შოუს ერთგული გულშემატკივრები მას თავიდან და თავიდან უყურებენ და ფლიბეგისა და მღვდლის არშემდგარი წყვილის გამო დღემდე გული სწყდებათ. ენდრიუ სკოტმა მათ გლოვის შეწყვეტა და სუფთა ჰაერზე გასვლა ურჩია.
"გარეთ გადით და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ. მორჩით ოთახში ფარდების ჩამოფარებასა და ტირილს. ცხოვრებაში უკეთესი რამეების გაკეთებაც შეგიძლიათ. Fleabag საოცარი შოუა და ყველას გვიყვარს, მაგრამ კარგით რა. თავი ხელში აიყვანეთ. გახსენით ფარდები და სახლიდან გადით", — ამბობს სკოტი.
ოქროს გლობუსის 2020 წლის დაჯილდოებაზე Fleabag საუკეთესო კომედიურ სერიალად დასახელდა, ფიბი უოლერ-ბრიჯმა კი, რომელიც შოუს სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობია, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ჯილდო მოიპოვა. ასევე, Emmy-ის რიგით 71-ე დაჯილდოების ცერემონიალზე საუკეთესო კომედიური სერიალი სწორედ Fleabag გახდა.
შოუ 20-იან წლებში მყოფი ლონდონში მცხოვრები ქალის ცხოვრება გვიყვება, რომელიც ცხოვრების სირთულეებთან გამკლავებას არაჩვეულებრივი იუმორით ცდილობს და სასოწარკვეთასაც ამ გზით მალავს.