ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ბილი აილიშმა ახალი, რიგით მე-3 სტუდიური ალბომის გამოშვება დააანონსა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ალბომის გარეკანის ფოტო ერთვის, ბილიმ ფანებს ნამუშევრის სახელი და გამოსვლის თარიღიც გაუმხილა.
"ჩემი მესამე ალბომი, Hit Me Hard And Soft, 17 მაისს გამოვა", — წერს ბილი, — "ძალიან ვნერვიულობ და აღელვებული ვარ. სინგლების ცალ-ცალკე გამოშვებას არ ვაპირებ, მინდა, ყველაფერი ერთიანად შემოგთავაზოთ. მე და ფინეასს [მომღერლის ძმა და სიმღერების თანაავტორი, ფინეას ო'კონელი] ეს ალბომი ძალიან გვეამაყება და ერთი სული გვაქვს, როდის მოისმენთ მას. მიყვარხართ".
ბილი აილიშმა რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამზე თავისი ყველა გამომწერი "ახლო მეგობრებში" დაამატა. ბევრმა მაშინვე ივარაუდა, რომ ახლო მეგობრებისთვის გაზიარებული "სთორებით" მუსიკოსი ახალი ალბომის დასაანონსებლად ემზადებოდა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აილიშის გამომწერების რაოდენობა 10 მილიონზე მეტით გაიზარდა.
მარტის თვეში ბილი აილიშმა თავის კარიერაში უკვე მეორე ოსკარი მიიღო. ამერიკული კინოაკადემიის აღიარება სიმღერამ What Was I Made For? დაიმსახურა, რომელიც აილიშმა ძმასთან, ფინეას ო'კონელთან, ერთად დაწერა გრეტა გერვიგის ბარბისთვის.
22 წლის აილიშს ამ დროისთვის ორი ალბომი აქვს გამოშვებული: When We All Fall Asleep, Where Do We Go? (2019) და Happier Than Ever (2021). ორი ოსკარის გარდა, პოპვარსკვლავს მიღებული აქვს ორი ოქროს გლობუსი და გრემის 9 ჯილდო. თავისი მიღწევებით, აილიშმა ორჯერ მოხსნა გინესის მსოფლიო რეკორდიც. 2021 წელს ჟურნალმა Time-მა მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.