9 აპრილის მემორიალთან 1989 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის მემორიალთან 1989 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები ტრადიციულად გვიან ღამით შეიკრიბნენ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 35 წლის წინ განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა 1989 წლის აქციების რამდენიმე მონაწილეც, სასულიერო პირმა კი 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.