„9 აპრილი ძალიან მძიმედ გასახსენებელი თარიღია. ამ ამბის სიმძიმე მუდამ გვემახსოვრება, მაგრამ, ასევე, მუდამ გვემახსოვრება ის სიამაყე, რაც მოგვიტანა იმან, რომ ქართველმა ერმა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა - რაიმე ფორმით ვინმესა და რამეზე დამოკიდებულებას.
„მაშინ, 9 აპრილს, ახალგაზრდებს არ უბრძოლიათ იმისთვის, რომ დღეს თავისუფლება და ჭეშმარიტი სუვერენიტეტი ისევ სახვეწარი, საბრძოლველი გვქონდეს და კითხვის ნიშნის ქვეშ იდგეს. დამოუკიდებლობა ნიშნავს დამოუკიდებლობას და არა - რაიმე ფორმით დამოკიდებულებას, ეს იქნება უფროს-უმცროსი ძმის ურთიერთობა თუ, მით უმეტეს, ყველაზე მძიმე - ფულად რესურსზე დამოკიდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.