თემურ მჟავია: წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, ახლა თავისუფლების განცდაა მეტი - სადაც გინდა, რაც გინდა თქვი

თემურ მჟავია: წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, ახლა თავისუფლების განცდაა მეტი - სადაც გინდა, რაც გინდა თქვი

ჩვენი მეგობრები ციხეში ისხდნენ - ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ჩვენში პროტესტი გამოიწვია. რადგანაც „რუსთავი 2“-ში ვმუშაობდით, არავინ გვეხებოდა, მაგრამ ჩვენს გარშემო არ არსებობდა ოჯახი, სადაც პატიმარი არ იყო, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა და პროდიუსერმა, თემურ მჟავიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელმაც 12 წლის წინანდელი მოვლენები და „რუსთავი 2“-დან წასვლის ფაქტი გაიხსენა.

მან ისაუბრა, თუ როგორ იღებდა მუქარის შემცველ მესიჯებს.

„პირადად ჩემს შემთხვევაში ძალიან პროფესიონალურად მოქმედებდნენ. მუქარას რაღაც ჭორის დონეზე ავრცელებდნენ, მაგალითად, ჩემმა დეიდამ მოკრა ყური და დამირეკა. მითხრა ძალიან შეშინებულმა, რომ ასეთი რამ გავიგე შენზე და გთხოვ, ფრთხილად იყავი. იქნებ ქალაქიდან არ გახვიდე. მე უფრო ვნერვიულობდი ოჯახზე, იმაზე, რომ დედა, დეიდა ნერვიულობდა და შემდეგ საკუთარ თავზე, მართლაც რომ რამე მომხდარიყო. არც დამჭირდა ქალაქიდან გასვლა, ისე მოვხვდი ავარიაში. ეს შემთხვევა დღემდე არავის გამოუძიებია, მართლაც მოწყობილი ამბავი იყო, თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა. იყო ფარული მუქარა და ავარია - დასკვნები შეგვიძლია გამოვიტანოთ“, - აღნიშნა მჟავიამ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, მას ახლა მეტი თავისუფლების განცდა აქვს.

„პირველ რიგში, თავისუფლების განცდაა მეტი. სადაც გინდა, რაც გინდა თქვი, რომელი ტელევიზიიდანაც გინდა გადადი-გადმოდი - მუქარები არ არის. მაშინ ძალიან ცუდი იმიჯი ჰქონდათ სამართალდამცველებს, რომელთაც მე დიდ პატივს ვცემ. მათზე დგას ქვეყანა. მაშინ კი თეთრი ფერის, „შკოდას“ მარკის ავტომობილის დანახვის გვეშინოდა“, - განაცხადა მჟავიამ.