მე ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. კვარაცხელია, მამარდაშვილი და თუნდაც მიქაუტაძე უმაღლეს ლიგებში თამაშობენ. ბუნებრივია, მათზე პრესას და მედიას დიდი ყურადღება აქვთ მობილიზებული და ყველა მათზე წერს. ეს არაა გასაკვირი, - ამის შესახებ ბუდუ ზივზივაძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ამ სპორტსმენებთან თამაში მისთვის საამაყოა.
„კვარაცხელია შარშან სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და რა თქმა უნდა ხალხი ილაპარაკებს კვარაცხელიაზე. ჩვენ და მე პირადად მთელი გულით მიხარია, არამარტო მიხარია, არამედ უზომოდ ამაყი ვარ კვარაცხელიასთან ერთად თამაშით. რაც ჩემი თვალით მინახავს, კვარაცხელია ქართული ფეხბურთის საუკეთესო ფეხბურთელია. მიხარია, რომ კვარა ასე უყვარს ხალხს და ასე უყვართ თითოეული ფეხბურთელი.
მამარდაშვილს ისეთი პოზიცია აქვს, რომ ვერ დაწერენ იმდენს, რამდენსაც კვარაცხელიაზე. მეკარეა და გოლს ვერ გაიტანს. იგივე დამოკიდებულება მაქვს მამარდაშვილზე. უზომოდ მიხარია და ვამაყობ მამარდაშვილთან ერთად ნაკრებში ყოფნით. ეს მართლაც საამაყოა. როცა დანიიდან დავბრუნდი, მამარდაშვილი მესამე მეკარე იყო. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ სულ ვამბობდი - ეს ბიჭი ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს მეთქი. ვხედავდი მის რესურსს და პოტენციალს. ვარჯიშებზე საოცარ რაღაცებს აკეთებდა. მისი შრომითა და ღმერთის წყალობით შეძლო ის, რომ „ვალენსიაში“ სტაბილურად თამაშობს და ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს. იმედი მაქვს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ უფრო გრანდ გუნდში გადავა.
იგივე ჟორჟიც [მიქაუტაძე]. ძალიან კარგი ფეხბურთელია, კარგი ფორვარდია. ცივსისხლიანი და ეგოისტია, რაც ჩემგან განასხვავებს, იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი“, - ამბობს ზივზივაძე.