ანრი ოხანაშვილი: ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით

ანრი ოხანაშვილი: ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით

ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე, პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ქმედება საზოგადოებას უმყარებს რწმენას, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი.

„ის რეაქცია, რაც ჩვენ ამ დღეებში მდიდარი „ენჯეოების“, მათი წარმომადგენლების, „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა რადიკალური ჯგუფების ერთობლივი ძალისხმევით ვიხილეთ, ამყარებს რწმენას, რომ ეს ხალხი იბრძვის შავი ფულის წარმომავლობის დასამალად. წარმოუდგენელია ვსაუბრობდეთ გამჭვირვალობაზე და ორგანიზაციები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ, რომ ისინი არიან გამჭვირვალენი, უარს აცხადებდნენ ფინანსური დეკლარაციების წარდგენაზე. მათ აზრის დაბლოკვა დაიწყეს სოციალურ ქსელში. ესენი არიან ორგანიზაციები, რომლებიც თავს დებენ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტზე, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების დაცვაზე და ამ ხალხს ელემენტარული მსჯელობის ინტერესი გააჩნია და პრაქტიკულად, ცენზურას გვთავაზობენ სოციალური ქსელის მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ჩვენს საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უმყარებს რწმენას, რომ მათ ბევრი რამ აქვთ დასამალი. თუ არ აქვთ დასამალი, მაშინ რატომ არ სურთ მსჯელობა ამ საკითხებზე. ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ დააკვირდნენ, არცერთი შემოთავაზება და მათი პოზიცია არ იყო, რომ ჩვენ მზად ვართ შევიდეთ მსჯელობაში და დავამტკიცოთ ჩვენი პოზიციის მართებულობა. ისინი ცდილობენ მარტივ მანიპულაციას. რასაც ისინი აკეთებენ არის „ფეიკი“. ეს კანონპროექტი შეეხება ორგანიზაციებს, ისინი ცდილობენ, კანონპროექტი გაასაღონ როგორც რუსული და თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.