ფრენკ ჰერბერტის საკულტო საი-ფაის ეკრანიზაცია გრძელდება — რეჟისორი დენი ვილნევი საგის მესამე ფილმს გადაიღებს, რომელიც დიუნის ქრონიკების მეორე წიგნს, დიუნის მესიას, დაეფუძნება. ვებგამოცემა Deadline-ის ექსკლუზიური ცნობით, ვილნევმა და კინოკომპანია Legendary-მ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყეს. მეტიც, დიუნის მესია ვილნევის სამომავლო გეგმებში დაწინაურებული ყოფილა.
Deadline-ის ინფორმაციით, ვილნევი ასევე გადაიღებს ენი ჯეიკობსენის პულიცერის პრემიის მფლობელი წიგნის, Nuclear War: A Scenario-ს, კინოადაპტაციას. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დიუნის კინოტრილოგიაზე მუშაობა დასრულდება.
დიუნი თავდაპირველად ორნაწილიან ფილმად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ვილნევს ისტორიაზე მუშაობის გაგრძელების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. მეორე ნაწილის გამოსვლამდე რეჟისორმა გაამხილა, რომ დიუნის მესიის მიხედვით სცენარის წერა დასასრულს უახლოვდებოდა. სულ ახლახან კი, ვილნევმა ისიც განაცხადა, რომ თუ დიუნის მესიას გადაიღებდა, ის სერიის მეორე ნაწილზე უკეთესი იქნებოდა.
"პირველ რიგში, უნდა დავრწმუნდე, რომ კარგი სცენარი გვექნება", — აღნიშნა რეჟისორმა, — "ამ სამყაროს თუ დავუბრუნდები, ეს გადაწყვეტილება მისი ნამდვილობიდან და რელევანტურობიდან გამომდინარე მიღებული უნდა იყოს. თუკი დიუნის მესიას გადავიღებ, ის დიუნი 2-ზე უკეთესი იქნება. სხვა შემთხვევაში, სულ არ გადავიღებ".
აღსანიშნავია, რომ დიუნში მონაწილე რამდენიმე მსახიობმაც გამოთქვა გაგრძელებაში თამაშის სურვილი.
"რა დროსაც უნდა დამირეკოს დენიმ, მე ყოველთვის დავთანხმდები", — განაცხადა ზენდეიამ.