არა, ბილი აილიშს მარტო შენ არ დაუმატებიხარ ინსტაგრამის ახლო მეგობრებში

არა, ბილი აილიშს მარტო შენ არ დაუმატებიხარ ინსტაგრამის ახლო მეგობრებში

თუკი ინსტაგრამზე ბილი აილიშის 116 მილიონზე მეტი გამომწერიდან ერთ-ერთი ხარ, 4 აპრილს "სთორების" განყოფილებაში უცნაურ რაღაცას შენიშნავდი — პოპვარსკვლავის პროფილის ფოტო მწვანე რგოლში იყო ჩასმული. ცნობისთვის, ინსტაგრამზე ასე აღინიშნება იმ ადამიანების "სთორები", რომელთაც გამომწერების ვიწრო წრეში, "ახლო მეგობრების" სიაში, ჰყავხარ დამატებული.

ამბავმა ბევრი ფანი აღაფრთოვანა (ამ სტატიის ავტორის ჩათვლით), მაგრამ მალევე გაირკვა, რომ აილიშს თავისი ყველა გამომწერი დაუმატებია ახლო მეგობრების ჩამონათვალში. სწორედ 110 მილიონზე მეტ ახლო მეგობარს გაუზიარა ორი ფოტო: ერთზე ლურჯ ფონზე გამოსახული ხელი ჩანდა, მეორეზე კი — ტატუ.

ცალსახაა, რომ ყველა გამომწერის "ახლო მეგობრებში" დამატება ერთგვარი მარკეტინგული სვლა იყო, რომელსაც სათანადო შედეგებიც მოჰყვა: აილიშის გამომწერების რაოდენობა ორ დღეში 5 მილიონზე მეტით გაიზარდა. თუმცა, სვლის მიზანი და გამოქვეყნებული ფოტოების შინაარსიც უცნობია. რადგან აილიშს ინსტაგრამის პროფილის ფოტოდაც ლურჯი ფონი უყენია, ფანები ვარაუდობენ, რომ მუსიკოსი თავისი ახალი, რიგით მესამე სტუდიური ალბომის გამოსაშვებად ემზადება.

რამდენიმე კვირის წინ, ბილი აილიშმა თავის კარიერაში უკვე მეორე ოსკარი მიიღო. ამერიკული კინოაკადემიის აღიარება სიმღერამ What Was I Made For? დაიმსახურა, რომელიც აილიშმა ძმასთან, ფინეას ო'კონელთან, ერთად დაწერა გრეტა გერვიგის ბარბისთვის.

22 წლის აილიშს ამ დროისთვის ორი ალბომი აქვს გამოშვებული: When We All Fall Asleep, Where Do We Go? (2019) და Happier Than Ever (2021). ორი ოსკარის გარდა, პოპვარსკვლავს მიღებული აქვს ორი ოქროს გლობუსი და გრემის 9 ჯილდო. თავისი მიღწევებით, აილიშმა ორჯერ მოხსნა გინესის მსოფლიო რეკორდიც. 2021 წელს ჟურნალმა Time-მა მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.