8 აპრილის მზის სრულ დაბნელებას საქართველოდან ვერ დავინახავთ.
8 აპრილს ჩრდილოეთ ამერიკიდან მზის სრული დაბნელება გამოჩნდება. აშშ-ში მსგავსი მოვლენა 2017 წლის შემდეგ არ უნახავთ, შემდეგი ასეთი შანსი კი ქვეყნის მაცხოვრებლებს 2044 წლამდე აღარ ექნებათ. გარდა ამისა, 8 აპრილის მზის სრული დაბნელება ბევრი დასახლებული ადგილიდან იქნება დაკვირვებადი, რაც იშვიათი შემთხვევაა.
ეს ყველაფერი ტურისტებს უბიძგებს, გაემგზავრონ იმ ქალაქებისკენ, საიდანაც მზის სრული დაბნელება ყველაზე კარგად გამოჩნდება. ადამიანთა ნაწილმა აშშ-ის კონკრეტულ ქალაქებში ვიზიტი იშვიათი მოვლენის სანახავად ერთი წლით ადრეც დაგეგმა. ტურისტების ნაკადის გამო მოსალოდნელია შიდა თუ საქალაქთაშორისო გზების დატვირთვაც, რის შესახებაც ამერიკელებს აქტიურად აფრთხილებენ.
რა არის მზის დაბნელება და რა გავლენას ახდენს ის დედამიწელებზე?
მზის დაბნელება ბუნებრივი მოვლენაა. ის მაშინ დაიკვირვება, როდესაც სავსე მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ჩაივლის და იგი დედამიწასთან საკმარისად ახლოს აღმოჩნდება იმისთვის, რომ მზის დისკო სრულად გადაფაროს. სრული დაბნელების დროს დამკვირვებელი მხოლოდ ვარსკვლავის გარე მოელვარე ნაწილის — კორონას დანახვას შეძლებს, რომელზეც მზის მაგნიტური ველის ხაზები იქნება შემოწერილი.
როგორც წესი, მთვარის მიერ მზის სხივების თითქმის სრული დაბლოკვით გამოწვეული სიბნელე ცოტა ხანს გრძელდება. თუმცა, ამ ფენომენს გვერდითი ეფექტები მაინც აქვს. მაგალითად, ტემპერატურის კლება, ცხოველებისა და ჩიტების ქცევის ცვლილება. გარდა ამისა, მზის უეცარი დაბნელება და შემდეგ გამონათება მცენარეებზე უჩვეულო გავლენას ახდენს. როგორც მეცნიერები ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნავენ, მზის სრული დაბნელების დროს მცენარეში დაფიქსირდა აქტივობა, რომელიც სტრესსა და შოკთანაა ასოცირებული.
რაც შეგვეხება ადამიანებს, ეს მოვლენა ჩვენზე პირდაპირ ფიზიკურ გავლენას არ ახდენს, თუმცა მზის დაბნელებას შეუიარაღებელი თვალით არ უნდა ვუყუროთ, რადგან ამას ჩვენი ბადურის დაზიანება შეუძლია. მზის დაბნელების პირდაპირ საყურებლად სპეციალური, მზის ფილტრის მქონე სათვალე უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ულტრაიისფერ და ინფრაწითელ რადიაციას ბლოკავს. ამისთვის ჩვეულებრივი მზის სათვალე არ გამოდგება.
მზის სრული დაბნელების დროს ცაზე დაკვირვება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან სხვა ვარსკვლავების სიკაშკაშე დღის ცაზეც შესამჩნევი ხდება, პლანეტა ვენერა კი ცის ყველაზე კაშკაშა ობიექტად იქცევა. დამკვირვებლები შეძლებენ იუპიტერის, სატურნისა და მარსის დანახვასაც, გარდა ამისა, კომეტა 12P/Pons-Brooks-იც გამოჩნდება, რომელიც მზეს ყოველ 71 წელიწადში ერთხელ უვლის გარს.
სად და რამდენი ხნით დაინახავენ მზის დაბნელებას 2024 წლის 8 აპრილს?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8 აპრილის მზის დაბნელება ხილული იქნება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან. NASA-ს სპეციალურ საიტზე გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, მზის სრული დაბნელების 185 კილომეტრის სიფართისა და 16 000 კილომეტრის სიგრძის მქონე მონაკვეთი მექსიკიდან კანადამდეა გადაჭიმული.
აშშ-ში მოვლენისთვის თვალის მიდევნებას შეძლებენ ისეთი ქალაქებიდან, როგორიცაა დალასი, ინდიანაპოლისი, კლევლენდი, ბუფალო და ა.შ. ყველაზე დიდხნიანი პერიოდით კი მზის დაბნელება მექსიკაში, ტორეონში იქნება დაკვირვებადი. აქ მზის სრული დაბნელება 4 წუთსა და 28 წამს გაგრძელდება. ეს არც ისე ცოტა დროა, განსაკუთრებით მზის წინა სრულ დაბნელებას თუ შევადარებთ, რომელიც აშშ-ში მაქსიმუმ 2 წუთსა და 42 წამს გაგრძელდა.
რამდენად ხშირია მზის დაბნელება და როდის ვნახავთ მას საქართველოში?
მზის დაბნელება თითქმის ყოველ 18 თვეში ერთხელ ხდება. ამ პერიოდულობით მთვარე მზის დისკოს გარკვეული ნაწილიდან მომავალ სინათლეს ბლოკავს. აღსანიშნავია, რომ მზის დაბნელებების დიდი ნაწილი დედამიწის დაუსახლებელი ნაწილიდან ჩანს (მათ შორის, ოკეანეებიდან). მზის სრული დაბნელების ხილვა კი დედამიწის მოსახლეობისთვის შედარებით იშვიათი შესაძლებლობაა. ურბანულად ამდენად დიდი ტერიტორიის დაფარვის თვალსაზრისით მსგავსი დაბნელება კაცობრიობას ათწლეულებია არ უნახავს. 2024 წლის 8 აპრილის მზის სრულ დაბნელება ათობით მილიონი ადამიანი ნახავს.