დღეს უცხოური ფული იხარჯება ქართველი ხალხის მოტყუებაში. ამას აკეთებენ „ენჯეოები“ უცხოური დაფინანსებით. ყველას შევახსენებ, რომ 9 პუნქტიდან პირველი არის დეზინფორმაციაზე უარის თქმა. დღეს ევროპული ფული იხარჯება დეზინფორმაციაში - ვრცელდება ყალბი ინფორმაცია პარლამენტში განსახილველ პროექტზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ამავე დროს, ეს არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი და ქართველი ხალხი, რომ ჩვენ მივიღოთ არა ის კანონები, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება.
„მე ჩამოვთვლი რამდენიმე ტყუილს, რომელსაც შარშანაც ავრცელებდნენ და წელსაც ცდილობენ და ზოგიერთი ტყუილიც უკვე ძალიან ეფექტურად გაბათილდა.
პირველი ტყუილი, თითქოს ეს ეხებოდა ფიზიკურ პირებს - სტუდენტებს, ემიგრანტებს და მათ მიერ გადმორიცხულ ფულს, ფერმერებს, შშმ პირებს. ეს ტყუილია - შარშანაც ეწერა და წელსაც წერია, რომ ეს არ ეხება არც ერთ ინდივიდს, არც ერთ ფიზიკურ პირს.
მეორე - თითქოს პრობლემა იყო დასახელება, ტერმინოლოგია, „აგენტი“ და ა.შ. მაშინაც ვამბობდით, რომ ეს იყო პირდაპირ გადმოღებული ტერმინი. ახლა რატომ აღარ ამბობენ, რომ ტერმინია პრობლემა? იმიტომ რომ ეს ტერმინი გადმოღებულია ევროკავშირის დირექტივიდან.
მესამე - ამბობენ, რომ თითქოს დაფინანსება შემცირდება. რატომ შემცირდება? რა გამოდის, რომ დაფინანსება საქართველოში შემოდის იმ პირობით, რომ ის ფარული იყოს? ასეთი ფული შემოდის საქართველოში? იმ ჯგუფებს, რომლებსაც ახლა აშინებენ ამით, რას ეუბნებიან, რომ ამერიკა და ევროპული ფონდები ფულს იმ პირობით ხარჯავენ, რომ ეს იყოს ფარული და გაუმჭვირვალე?
ეს არის მცდელობა, კვლავ მოატყუონ ქართველი ხალხი. დღეს უცხოური ფული იხარჯება ქართველი ხალხის მოტყუებაში. ყველას შევახსენებ, რომ 9 პუნქტიდან პირველი არის დეზინფორმაციაზე უარის თქმა. დღეს ევროპული ფული იხარჯება დეზინფორმაციაში - ვრცელდება ყალბი ინფორმაცია პარლამენტში განსახილველ პროექტზე. ამავე დროს, ეს არის მცდელობა, გააჩუმონ პარლამენტი და ქართველი ხალხი, რომ ჩვენ მივიღოთ არა ის კანონები, რომელიც ჩვენს ხალხს სჭირდება, არამედ ისეთი რეგულაციები იყოს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ვიწრო ჯგუფს სჭირდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.