ჯორჯიის შტატის გენერალური ინსპექციის ვიზიტი

ჯორჯიის შტატის გენერალური ინსპექციის ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის დელეგაცია იმყოფება. დღეს, ამერიკელი სტუმრები, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის ვიცე-პოლკოვნიკ ანდრე ქემფბელის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ მიიღო. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის უწყების გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელთან ერთად, მისი მოადგილეები, სამმართველოს უფროსები და გაერთიანებული შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა პირველ ეტაპზე საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სპეციფიკის გათვალისწინებით, სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაციას ქართველ კოლეგებთან რამდენიმე შეხვედრა აქვს დაგეგმილი, სადაც მხარეები თანამშრომლობის საკითხებს დეტალურად განიხილავენ. ამერიკული დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 21 ნოემბერს დასრულდება.