„სკრინინგის პროგრამის კამპანიაში ჩავრთეთ პაციენტთა ორგანიზაციები, ვისთან ერთადაც კარდაკარ დავდივართ და სკრინინგის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ. ადამიანებს ცოცხალი მაგალითები ჰყავთ თვალწინ, რომლებმაც ადრეული გამოვლენის გზით, სკრინინგის ჩატარებით ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს კიბო, ან კიბოს წინარე დაავადება, დღეს გასულია 5- 10 წელი და განკურნებულები სხვებს ესაუბრებიან მომავალსა და სიცოცხლეზე“,- აცხადებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე for.ge-სთან საუბრისას.
მსოფლიოში ხშირად აცხადებენ, რომ ამა თუ იმ მეცნიერთა ჯგუფმა ცდების შედეგად კიბოს წამალს მიაგნო და რამდენიმე წელიწადში ეს ვერაგი დაავადება დამარცხდება. გვატყობინებენ იმასაც, რომ სიმსივნეს გადარჩენილი ადამიანების სისხლძარღვებში აღმოჩენილია იმუნური უჯრედები, სპეციალური T ლიმფოციტები, რომლებიც გვიანდელი სტადიის სიმსივნეს ანადგურებენ და ერთგვარი „ცოცხალი წამლის“ ფუნქციას ასრულებენ. ამის მიუხედავად, შედეგი არ ჩანს. ფიქრობთ, რომ შესაძლებელია, უახლოეს მომავალში მართლაც განკურნებადი აღმოჩნდეს სიმსივნე?
- გააჩნია, რა ეტაპზე აღმოჩნდება სიმსივნე. მაგალითად, ძუძუს კიბო განკურნებადია, თუ ის ე.წ. ნულოვან სტადიაზე აღმოჩნდება და, პრაქტიკულად, ამის შემდეგ ჯანმრთელია ადამიანი. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს თუკი წინარე მდგომარეობაში აღმოვაჩენთ, რა თქმა უნდა, აღარ განვითარდება. ზოგადად, კიბოს შორსწასული ფორმებისთვის როდის აღმოჩნდება კონკრეტული წამალი, ძნელი სათქმელია, თუმცა მრავალი კვლევა მიმდინარეობს ამ მიმართულებით და ხდება პრეპარატებისა და გარკვეული მეთოდების შესწავლა. რადგანაც ასე ვითარდება მსოფლიოში ტექნოლოგიები, რაღაც ეტაპზე, ალბათ, გვექნება საშუალება, დავამარცხოთ ეს ვერაგი სენი. მანამდე კი კიბოსთან მიმართებით სკრინინგის მნიშვნელობა შეუფასებელია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სიმსივნის განკურნებაზე, პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ მის პრევენციასა და ადრეულ ეტაპზე კიბოს გამოვლენაზე. სკრინინგი ზუსტად ამის საშუალებას იძლევა. თუკი ერთ კომპონენტში სკრინინგი პირდაპირ პრევენციაა (როცა ხდება კიბოს წინარე დაავადებების გამოვლენა, საშვილოსნოს ყელის კიბოს, ასევე, კოლორექტული კიბოს შემთხვევაში პოლიპის სახით), მეორე კომპონენტში, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს სკრინინგს, აქცენტირება ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაზე. ორივე ვარიანტში, ეს იქნება კიბოს წინარე დაავადებების გამოვლენა, თუ კიბოს გამოვლენა ადრეულ ეტაპზე, ეს არის სკრინინგის დადებითი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მხარე იმისთვის, თუ როგორ განვითარდება შემდგომი პროცესები. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება კიბო, მით უფრო მარტივად სამართავია კლინკური თვალსაზრისითაც და ბიუჯეტური დანახარჯების მხრივაც. კიბოს წინარე დაავადებების მართვა გაცილებით იოლია, ზოგიერთ შემთხვევაში, მარტივი პროცედურებიც საკმარისია, მაგალითად, მსხვილი ნაწლავის პოლიპის შემთხვევაში, შეიძლება პოლიპის მოცილება, რომ იგი კიბოდ არ გადაგვარდეს, ან საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, კიბოს წინარე დაავადებების პრობლემა შეიძლება მარტივი პროცედურით გადაიჭრას. ამდენად, სკრინინგის როლი კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, რომ ეს საყოველთაო დარტყმა შევამციროთ. სრულად აღმოვფხვრათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შეიძლება გაცილებით შევამციროთ კიბოს შემთხვევები, მით უმეტეს, სკრინინგი ფინანსურადაც და გეოგრაფიულადაც საქართველოში ხელმისაწვდომია.
თბილისის სხვადასხვა რაიონში გახსნილი სკრინინგ ცენტრები, მამომობილით გადაადგილება და მოძრავი მობილური ჯგუფებით გამოკვლევების ჩატარება, სტუდენტებთან შეხვედრა, ოჯახისა და სოფლის ექიმების ჩართვა ონკოლოგიური დაავადებების გამოსავლენად,- როგორ ფიქრობთ, ეს ღონისძიებები საკმარისი არ არის სკრინინგთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებლად? კიდევ რა სიახლე უნდა შესთავაზოს სკრინინგ ცენტრმა ადამიანს, რომ იგი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დაინტერესდეს საკუთარი ჯანმრთელობით?
- რაც შეეხება ჩვენს მიერ გატარებულ ღონისძიებებს, სკრინინგ ცენტრის ოთხი ფილიალი გვაქვს მხოლოდ თბილისში, გვყავს მამომობილი, რომელიც მოძრაობს საქართველოს მასშტაბით. თუმცა სკრინინგის პროგრამა ვაუჩერულია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ კლინიკას თბილისსა თუ რეგიონში, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, ჩაერთოს ამ პროგრამაში, თუკი იგი აკმაყოფილებს სკრინინგ პროგრამით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკრინინგ ცენტრში მომართვიანობის მცირედი ზრდა შეინიშნება, თბილისში გასულ წელს ძუძუს მოცვა 32%-მდე ავიყვანეთ. შესაძლოა, ციფრობრივად ეს ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ როცა იწყებ 16-17%- ით და ადიხარ 32%- ზე, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროცენტიც კი, რადგან თუნდაც 1%-ში რაოდენობრივად ძალიან ბევრი ადამიანი იგულისხმება. ცხადია, კიდევ უფრო მეტი მოცვაა საჭირო იმისთვის, რომ სკრინინგის პროგრამამ მიაღწიოს ამ პროგრამით გათვალისწინებულ კიბოთი გამოწვეული ავადობის და სიკვდილობის შემცირებას, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს ვცდილობთ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, ეს არის ზოგადი პოპულაცია, რათა მათ ინფორმაცია ჰქონდეთ. ასევეა, მიზნობრივი აუდიტორია - სტუდენტები, მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, გარშემომყოფებს დააძალონ სკრინინგ ცენტრში გამოსაკვლევად მისვლა და თვითონაც, როდესაც სკრინინგის ასაკის იქნებიან, უკვე მომზადებულები შეხვდნენ ამას. ასევე, ექიმებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, რადგან პაციენტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზით მიდის გარკვეულ სპეციალისტთან, ამ სპეციალისტის დიდი ნდობა აქვს და, როდესაც ექიმისგან ესმის, რომ სკრინინგი აუცილებელია, მაღალკვალიფიციური მომსახურებაა პერსონალის, აპარატურის მხრივ, სანდოობა უფრო იზრდება. ამიტომ ექიმები ჩვენი ერთ-ერთი ფოკუსჯგუფია. ამას ემატება ტელევიზიები, სოციალური რეკლამების, გადაცემების სახით მაქსიმუმს ვაკეთებთ. სხვათა შორის, აღნიშნულ კამპანიაში ჩავრთეთ პაციენტთა ორგანიზაციები, ვისთან ერთადაც კარდაკარ დავდივართ ადამიანებთან, სკრინინგის პროგრამის სარგებელზე ვლაპარაკობთ, ხალხს ცოცხალი მაგალითები ჰყავს თვალწინ, რომლებმაც ადრეული გამოვლენის გზით, სკრინინგის ჩატარების ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს კიბო, ან კიბოს წინარე დაავადება, გასულია 5-10 წელი, ათწლეულიც კი და მათ წინაშე დგანან კიბოსგან გადარჩენილი ადამიანები და ესაუბრებიან მომავალსა და სიცოცხლეზე.
თუ გიცდიათ ამ საქმეში სასულიერო პირების ჩართვა, რადგან ჩვენს მოსახლეობას ეკლესიის მიმართ დიდი ნდობა აქვს. სასულიერო პირებს შეუძლიათ სკრინინგის მნიშვნელობაზე მრევლს უქადაგონ და ადამიანები ფიზიკურადაც გადაარჩინონ, არა მხოლოდ სულიერად.
- ეს მიმართულება ჩვენ არ გვქონდა, მაგრამ შესაძლოა, განხილულ იქნას.
ხშირად საექიმო ეთიკას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ ავადმყოფს ან მის ახლობლებს არ ეუბნებიან სიმსივნის არსებობის შესახებ, რათა არ ანერვიულონ. ეკლესია ამას ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ადამიანს უნდა დარჩეს როგორც მონანიების, ასევე, თვითგანკურნების საშუალება, რადგან ასეთ მძიმე დროს პაციენტი საკუთარ თავში აღმოაჩენს ხოლმე სიმსივნესთან გამკლავების ძალას. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
- პირადად ჩემი აზრია და, ზოგადად, სამედიცინო კუთხითაც მიღებულია, რომ ამ სენის შესახებ პაციენტმა აუცილებლად უნდა იცოდეს. გარდა იმისა, რომ მას უფლება აქვს, საკუთარი მდგომარეობის შესახებ იცოდეს და არავის არ აქვს მოტყუების უფლება, სწორი აქცენტია, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ პაციენტმა უნდა იპოვოს ძალები ამ პროცესის დასამარცხებლად. მხოლოდ მედიკამენტი, სამედიცინო პროცედურა, თუ მანიპულაცია ვერ შველის საქმეს, თუ არ არის ადამიანის შინაგანი განწყობა, რომ ის მზადაა ბრძოლისთვის და არა დამარცხებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომაც არიან ჩვენს კამპანიაში პაციენტთა ორგანიზაციები ჩართულნი, ზუსტად მათგან მოდის ოპტიმისტური განწყობა, ამას ნიშნავს მათი ფრაზები- „გადავწყვიტე, რომ უნდა მეცოცხლა“, „სიმსივნის აღმოჩენის პირველივე დღიდან გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილები არ უნდა დამეტოვებინა მარტო“. პაციენტმა პირველივე წამიდან უნდა იცოდეს თავისი მდგომარეობის შესახებ, უბრალოდ, ცოტა საფრთხილოა მიწოდების ფორმა, როგორ უნდა შეატყობინო ეს ამბავი, ვინ უნდა შეატყობინოს. გარკვეულწილად, აქ ფსიქოლოგიური დახმარებაცაა საჭირო, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია პაციენტის განწყობა, შინაგანი მდგომარეობა.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ძირითადად გარეგანი ფაქტორები განაპირობებს ონკოლოგიური დაავადების პროვოცირებას - კვება, დაბინძურებული გარემო, გენეტიკური მიდრეკილება. რამდენად მიუძღვით ბრალი სიმსივნის განვითარებაში შინაგან ფაქტორებს - სტრესს, დეპრესიას? ისიც გვესმის, კიბო გაახალგაზრდავდაო, ახალგაზრდებში რა განაპირობებს ამ სენს- სტრესი, თუ არასწორი ცხოვრების წესი?
- ზოგადად, ყველა სახის კიბოს განვითარებას იწვევს გარემოფაქტორები, მაგრამ თითოეული სახეობის კიბოს შემთხვევაში, მაინც სხვადასხვა მიმართულებას უჭირავს განსაკუთრებული როლი. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებისას შემთხვევათა 95- 98%- ში დამნაშავეა პაპილომა ვირუსი და ეს დადგენილია. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ყველანაირი კიბოს მიზეზები ვიცოდეთ. მაგალითად, ღვიძლის კიბოს დროს ცე ჰეპატიტზეა საუბარი და ამ მხრივაც შეგვიძლია დავაკავშიროთ, თუმცა იმ კომპონენტებში, სადაც სკრინინგი ტარდება, გამომწვევი მიზეზი ცნობილია მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, ანუ ესაა პირდაპირი გამომწვევი ვირუსი. რა თქმა უნდა, ამ ვირუსს შესაბამისი პირობებიც უნდა შეექმნას ორგანიზმში, რომ გაძლიერდეს, ამას ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა, არასწორი კვება, გარემო პირობები. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია პირველადი პრევენცია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სახით. მეორადი პრევენციაა სკრინინგი. თუ ორივე პრევენციულ ღონისძიებას ასრულებს ქალი, პრაქტიკულად, არ დაემართება საშვილოსნოს ყელის კიბო. თუმცა ვაქცინაციაც და სკრინინგიც რეგულარულად უნდა ჩაიტარონ.
შედარებითი მონაცემები როგორია, ქალები უფრო მეტად არიან ონკოლოგიური დაავადების მიმართ მიდრეკილნი, თუ კაცები? ცხადია, მკერდის კიბოს, საშვილოსნოს კიბოს შემთხვევაში, ქალების წილი უფრო მეტია, მამაკაცებს კი, ალბათ, უფრო ფარისებრი ჯირკვლის, პროსტატის კიბო ემართებათ.
- ძუძუს კიბო, ცხადია, უფრო მეტად ქალებს ემართებათ, თუმცა ერთეული შემთხვევები მამაკაცებშიცაა და შედარებით უფრო აგრესიულად მიმდინარეობს. მამაკაცებში ძირითადი აქცენტია პროსტატის კიბოზე, ფილტვის, კუჭის, მსხვილი ნაწლავის კიბოზე, თუმცა მსხვილი ნაწლავის კიბო ხუთეულშია ქალების შემთხვევაშიც, მესამე და მეოთხე ადგილს იკავებს ქალებსა და მამაკაცებში და სერიოზული პრობლემაა.
ონკოლოგებისთვის რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მარტის თვეს?
- მარტის თვეს „ლურჯ მარტად“ მოიხსენიებენ და ამ თვეში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოც უერთდება. ამგვარი კამპანიებით ვცდილობთ სკრინინგის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ, ზოგადი პოპულაცია ვიწრო ჯგუფებს შევახვედროთ, სამეცნიერო კონფერენციები ჩავატაროთ. ყველა მიმართულებას მოვიცავთ, რომ გაიზარდოს ცნობადობა კიბოს შესახებ, პრევენციის და სკრინინგის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. მარტი მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა, ამიტომ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იციდეს, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50- დან 70 წლის ჩათვლით ტარდება როგორც ქალბატონებში, ასევე, მამაკაცებში, მოიცავს ფარულ სისხლდენაზე ტესტს და, საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიით და შემდგომი მორფოლოგიით. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით უფასოა ქალბატონებისთვის, აქაც ტარდება პირველადი ტესტირება და შემდეგ გაღრმავებული კვლევები კოლპოსკოპიით და, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიით და მორფოლოგიური კვლევის სახით; ძუძუს კიბოს სკრინინგი კი ტარდება 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის, რომელიც მოიცავს პირველად მამოგრაფიულ გამოკვლევას, საჭიროების შემთხვევაში, ექოსკოპიურ კვლევას, ბიოფსიას და ციტოლოგიურ კვლევას. ამ მომსახურებისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალს - გლდანში (მეოთხე მიკრორაიონში), ვარკეთილში (კალოუბნის ქუჩაზე), დიდუბესა (წერეთლის გამზირზე) და საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან (ალექსიძის ქუჩაზე). მანამდე შეუძლიათ დარეკონ ჩვენს ცხელ ხაზზე - 2 20 35 35, სადაც მიიღებენ როგორც კონსულტაციას, ასევე, ჩაეწერებიან კვლევებზე მათთვის სასურველ დროს.