„არაჩვეულებრივი აუდიტორია“

„არაჩვეულებრივი აუდიტორია“

ცნობილი ქართველი მსახიობი, განუმეორებელი ოსტაპ ბენდერის როლის შემსრულებელი არჩილ გომიაშვილი ციმბირში ერთხელ მეტად კურიოზულ ვითარებაში აღმოჩნდა. ამ შემთხვევას გომიაშვილი შემდეგნაირად იხსენებდა.

„ციმბირში ჩავედი საგასტროლოდ. ვმოგზაურობ. მირეკავს ადმინისტრატორი: - არჩილ მიხეილის ძევ, კონცერტის გამართვა ამჯერად მოგიწევთ ერთობ არაჩვეულებრივ აუდიტორიაში, თუ ღმერთი გწამს, უარს ნუ მეტყვი. სამაგიეროდ, საუზმით და სადილ-ვახშამით უზრუნველყოფილი იქნებით.

- კეთილი, - დავთანხმდი და მერეღა ვკითხე, - მაინც სად მიგყავარ?

- სამხარეო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

უარის თქმა უკვე გვიან იყო. მივედით. იქაურმა ადმინისტრატორმა გულითადი მიწვევით შეგვიყვანა სასადილოში და თან დასძინა: სწორედ რომ დროულად მოგვისწარითო. ქურქი რომ გავიხადე, რიხიანად წამოვიძახე: მე ახლა ისე მშია, შეუჭმელი არავინ და არაფერი გადამირჩება-მეთქი.

ამის თქმა ძლივს მოვასწარი, თითქოს გრიგალმა გაფანტაო, ერთბაშად გაგრიალდა ყველა. სასადილო მთლიანად დაიცალა. ეტყობა, ეგონათ, ახალი ავადმყოფი მოიყვანესო. კონცერტი, რა თქმა უნდა, ვეღარ გავმართეთ და მშივრებიც დავრჩით”.