მოქალაქეებს ტელეფონზე სარეკლამო შეტყობინებები ისევ მისდით - კომპანიებისთვის „ესემეს“ მარკეტინგი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

მოქალაქეებს ტელეფონზე სარეკლამო შეტყობინებები ისევ მისდით - კომპანიებისთვის „ესემეს“ მარკეტინგი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

მიუხედავად მკაცრი რეგულაციისა, ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას აბონენტებისთვის. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო, თუმცა რამდენად ქმედითი გამოდგება მათი ეს სხვა საკითხია. „ესემეს მარკეტინგი“ იმდენად ხელსაყრელია კომპანიებისთვის, რომ ისინი კანონდარღვევასაც არ ერიდებიან.

„პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა მოქალაქემ მომართა. სამსახური დადგენილ ვადებში განიხილავს სათანადო წესით წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას და შეაფასებს მათში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

გარდა ამისა, სამსახურმა შეაფასა სარეკლამო შეტყობინებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი მომართვების შინაარსიდან გამოკვეთილი ზოგადი ტენდენციები. აღნიშნულის საფუძველზე, განცხადებებში მითითებულ კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, სამსახურმა დაიწყო მნიშვნელოვანი მოცულობის მონაცემების დამმუშავებელი სხვადასხვა პროფილის (საბანკო, სააფთიაქო, ტანსაცმლით და საკვები პროდუქტებით ვაჭრობის, აზარტული თამაშების, სამშენებლო, სატელეფონო კავშირგაბმულობის სფერო) ორგანიზაციების მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების პროცესების შესწავლა.

აღსანიშნავია რომ „,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი 1-ლი მარტიდან მოქმედებს. მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება დასაშვებია მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. ზოგიერთი ორგანიზაცია კვლავ აქტიურად აგრძელებს მონაცემთა სუბიექტების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნას. ამგვარი ქმედება კანონიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა, თუ იგი სატელეფონო ნომრით მოსარგებლე პირის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობის საფუძველზე ხორციელდება“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ჯარიმის ოდენობას, რომელიც დაეკისრება კანონდამრღვევებს, განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

500 ათას ლარამდე წლიური ბრუნვის მქონე კომპანიისთვის ჯარიმა შეადგენს 2 ათას ლარს, ხოლო დიდი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის - 3 ათას ლარს. დამამძიმებელი გარემოებების დადგენის შემთხვევაში თანხა იზრდება. ჯარიმის ზედა ზღვარი 20.000 ლარია.

„ესემეს მარკეტინგი“ კომპანიებისთვის ძალიან ხელსაყრელია. ამიტომ ბევრი შეთავაზებაა არა მარტო მომხმარებლისთგვის, არამედ დამკვეთებისთვისაც. ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის მაისიდან ამოქმედდა, პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლისგან სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობის მისაღებ სერვისს სამ სხვადასხვა ფორმატში სთავაზობს. მათი საშუალებით, თებერვალში ახალი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა პარტნიორი კომპანიის 200-მდე ფილიალში QR კოდები გამოჩნდა, რომლითაც მომხმარებლები კონკრეტული კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობას აცხადებენ.

როგორც Retain-ის თანადამფუძნებელმა ლევან ჯაბუამ „საქმიანი დილას“ ეთერში განმარტა, მომხმარებლებისგან „ესემეს“ მარკეტინგზე თანხმობის მისაღებად სამი ფორმატი არსებობს.

„პირველი ფორმა QR კოდია, რომელზეც თანხმობის ფორმაა დატანილი - მომხმარებელი ფილიალში ყოფნის დროს ასკანერებს მხოლოდ იმ კომპანიის QR-ს, რომლისგანაც სარეკლამო შეტყობინებებს მიღება უნდა. QR კოდით გადადის ჩვენს სისტემაში, სადაც გადის ვერიფიკაციას, ადასტურებს ნომრის ვალიდურობას და აცხადებს თანხმობას. ამის შემდეგ მიღებული თანხმობა კომპანიის სისტემაში ჩნდება, თუ რომელმა ნომერმა, რა დროს და რომელ ფილიალში დაადასტურა „ესემესებზე“ თავისი თანხმობა“, - აღნიშნა ჯაბუამ.

კიდევ ერთი ფორმატი უნიკალური URL ბმულია, რომელსაც კომპანიები საკუთარ ვებგვერდებზე, ბანერის სახით ათავსებენ: „ამ შემთხვევაში, მათ მარკეტინგზეა დამოკიდებული, როგორ შეფუთავენ თანხმობის ფორმას, რომელიც ჩვენს სისტემაში გადმოიყვანს მომხმარებლებს“.

მესამე გზა კი უნიკალური ბმულის სოციალურ ქსელებში, პოსტებსა თუ პირად მიმოწერებში გავრცელებაა.

ლევან ჯაბუა აღნიშნავს, რომ მომხმარებლის მხრიდან „ესემეს“ მარკეტინგზე თანხმობის რაოდენობამ სტარტაპის მოლოდინს გადააჭარბა.

„ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, იმდენად აქტიურად თანხმდებიან „ესემეს“ მარკეტინგს ადამიანები. თავად იმ კომპანიების მხრიდანაც, რომლებსაც სურთ, მომხმარებელს ხმა მიაწვდინონ თავიანთი შეთავაზებების, მაღალია მზაობა ამ სისტემის დანერგვისა.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქამდე SMS მარკეტინგისთვის კომპანიები საერთო ბაზას იყენებდნენ, რომელსაც არავითარი სეგმენტაცია არ ჰქონდა - ყველას ერთი და იგივე მესიჯი მოგვდიოდა, რაც იწვევდა ხალხის გაღიზიანებას და ა.შ. ეს პროცესი დღეს უფრო შინაარსობრივი გახდა: ახლა მხოლოდ ისეთ კომპანიებს ვაძლევთ თანხმობას, რომელთა შეტყობინებებიც პირადად გვაინტერესებს. „ესემეს“ მარკეტინგი ახალ საფეხურზე გადავიდა და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი კომპანიებს გავუადვილოთ“, - განაცხადა ჯაბუამ.