რუსეთი დეფიციტის ზღვარზე?! - რას გამოიწვევს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები

რუსეთი დეფიციტის ზღვარზე?! - რას გამოიწვევს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები

ამერიკის შეერთებული შტატები, გარკვეულწილად, შეშფოთებას გამოხატავს უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ამერიკა შიშობს, რომ ამან შესაძლოა ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვიოს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, შეერთებული შტატების პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ, არ შეცვლილა და ისინი ამ ყველაფერს მხარს არ უჭერენ.

„ჩვენი პოზიცია ამ ომის დაწყებიდან ყოველთვის იყო, რომ უკრაინის მიერ მისი ტერიტორიის გარეთ თავდასხმების განხორციელებას მხარს არ ვუჭერთ და არ ვახდენთ ამის წახალისებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მილერის თქმითვე, სამარას ოლქში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ბოლო თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის პოზიცია „მკაფიოდ იყო გადაცემული“ უკრაინისთვის.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ თანხებს უკრაინასთან საბრძოლველად იყენებს, შესაბამისად, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია რუსეთში საწვავის დეფიციტი შეიქმნას.

„უკრაინა მაინც გააგრძელებს დარტყმებს. ამ ნავთობქარხნებიდან მარაგდება რუსეთის სამხედრო ნაწილები საწვავით და რუსეთს უნდა შეექმნას საწვავის დეფიციტი. იგი ზღუდავს ნავთობპროდუქტების ექსპორტს, მათ შორის საქართველოშიც. რუსეთს ნავთობი გააქვს საერთაშორისო ბაზარზე, სანქციების გვერდის ავლით. მისი უფლება უნდა შეიზღუდოს. საუბარია როგორც ნავთობის მიწოდებაზე, ასევე გადამუშავებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე. ვიცით, რომ თანდათან იზრდება მსოფლიო ენერგეტიკაში ალტერნატიული ენერგიის გვერდითი წილი.

დროთა განმავლობაში, ნავთობის გვერდითი წილი ბაზარზე შემცირდება. რუსების საბიუჯეტო შემოსავლების 30% მოდის ნავთობის გაყიდვაზე და ნავთობპროდუქტების რეალიზებაზე. თუ რუსეთს ეს პრობლემა შეექმნა, ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით, ეს მის ეკონომიკაზე უარყოფითად იმუშავებს. რუსეთი მთლიანი შიდა პროდუქტი არ უნდა გაიზრდოს, რადგან მისი მიერ მიღებული შემოსავლები შემდგომში გამოიყენება უკრაინასთან საბრძოლველად“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკის ნგრევა მოსალოდნელი არ არის, როგორც ბევრი პროგნოზირებდა. მისი თქმით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ფონზე, რუსეთში ნავთობზე დეფიციტი არ შეიქმნება.

„შეიძლება გამოიწვიოს მცირე მასშტაბის შოკი. უკრაინელებმა რომ დაბომბონ ციმბირის ურალში არსებული ნავთობის გადამამუშავებელი მსხვილი საწარმოები და იქ მოახდინონ გარკვეული ზეწოლა, ეს სხვა გავლენას იქონიებდა. ამ ტერიტორიებზეა ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ფაბრიკები და საწარმოების ტერმნილებია.

ილუზია, რომ მოხდებოდა ფერადი რევოლუცია, რუსული სოციუმის და ეკონომიკის ჩამოქცევა, სამწუხაროდ, არ გამართლდა. არ მგონია, რომ ამ პროცესმა რაიმე სახის ზეგავლენა იქონიოს ნავთობის ფასზე და დეფიციტი შექმნას რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ აკრძალა ნავთობპროდუქტის ექსპორტი, მათ შორის ხორბლისაც.

პუტინმა უკვე გაინაღდა ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, თავის პოლიტიკურ სისტემაში მიიღო ის, რაც მას სურდა. როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პუტინის ამ ავანტიურისტულ და აგრესიულ პოლიტიკას“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.

გამოცემა Financial Times ინფორმაციით, რუსეთი იარაღის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას პირდაპირ აწვდის ნავთობს. გამოცემის ცნობითვე, რუსეთმა იარაღის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეაში ნავთობის პირდაპირი მიწოდებები დაიწყო, რაც გაეროს სანქციების დარღვევას წარმოადგენს.

სატელიტური ფოტოებიდან გამომდინარე, რომლებსაც თავდაცვითი კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტი (RUSI) ავრცელებს, მიმდინარე თვეს რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე პორტ ვოსტოჩნის ჩრდილოეთ კორეის როგორც მინიმუმ ხუთი ტანკერი ეწვია ნავთობპროდუქტების მისაღებად.

აღნიშნული მიწოდებები, რომლებიც 7 მარტს დაიწყო, რუსეთიდან საზღვაო მიწოდებები პირველი დადასტურებული მიწოდებებია, მას შემდეგ, რაც 2017 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ მოსკოვის თანხმობით ნავთობის გადაზიდვაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა ფხენიანის მიერ ატომური ტესტებზე პასუხად.

„ნავთობის ეს მიწოდებები პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენენ სასანქციო რეჟიმზე, რომელიც ახლა კრახის პირას აღმოჩნდა. ის, რისი დანახვას ახლა შეგვიძლია, - აშკარა „იარაღი ნავთობის სანაცვლოდ“ ბარტერული შეთანხმებაა, რომელიც ღიად არღვევს პირადად ვლადიმირ პუტინის მიერ დაწესებულ სანქციებს“, - ამის შესახებ გაეროს ჩრდილოეთ კორეის მიმართებაში სანქციების მონიტორინგის ჯგუფის ყოფილმა თანათავმჯდომარემ, ჰიუ გრიფითსმა განაცხადა.

trampi მაშ ამათ შიგ არა ააქვთ??
გამოდის რომ კახეთში ღვინო გათავებულა
8 თვის უკან