უცხოური პრესა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე - „ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“

უცხოური პრესა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე - „ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ისტორია დაწერა. „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებენ. 26 მარტს, „დინამო არენაზე“ ვილი სანიოლის შეგირდებმა საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლეს, პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვეს. ამ ისტორიულ გამარჯვებას უცხოური მედიაც გამოეხმაურა.

„საქართველო ევრო 2024-ზე ითამაშებს. ისტორია დაიწერა. დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელმა გუნდმა პენალტები უკეთესად შეასრულა და საბერძნეთი მორიგი დიდი ტურნირის გარეშე დატოვა. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს“, - წერს Reuter.

„საქართველომ ისტორია შექმნა“ - ასეთ სათაურს უძღვნის BBC საქართველოს ნაკრებს.

„საქართველოს ნაკრებმა ისტორია შექმნეს, როდესაც ევროპის 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა. გამარჯვების მომტანი მასპინძელთა მცველის, ნიკა კვეკვესკირის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი აღმოჩნდა და საქართველოშიც ზეიმი დაიწყო. თამაშის დასრულებისთანავე ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა და გამარჯვება ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნა, შემდეგ კი იყო ქუჩებში მანქანებით მსვლელობა“, - წერს BBC.

საქართველოს ნაკრებს ვრცელი სტატია მიუძღვნა CNN-მა. „მთელი საქართველო ზეიმობს“

„იყო სიხარულის ცრემლები, ქუჩაში სირენებით მსვლელობა და მოედანზე გულშემატკივრის შეჭრა - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის პლეი-ოფში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო ქართველთა 7 ნომერს უკვე კარგად იცნობს, თუმცა მის გუნდს საბერძნეთის დამარცხება წყალივით სჭირდებოდა, რათა მიეღწიათ პირველ დიდ გამარჯვებისთვის. მას შემდეგ, რაც ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც საქართველომ 4:2 იმარჯვა. ნიკა კვევესკირი იყო ის ფეხბურთელი, რომლის მიერ შესრულული პენალტი ისტორიის დამწერი აღმოჩნდა.

ქართველი მცველის შესრულებული პენალტის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი მოედანზე შეიჭრა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ჩანს თუ როგორ აღნიშნავენ ფეხბურთელები გასახდელში გამარჯვებას, მათთან ერთად გამარჯვებას დედაქალაქის ქუჩებში მოსახლეობა აღნიშნავდა.

„ბევრს ჩვენი არ სჯეროდა, მაგრამ ახლა დაიჯერებენ. ძალიან ბედნიერები ვართ. ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია, როგორც ახლა მაქვს“, - განაცხადა ქართველების თილისმამ, ხვიჩა ვარაცხელიამ“, - წერს CNN.“

„ნიკა კვეკვესკირის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი და საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა. ვილი სანიოლი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც საქართველო დიდ ტურნირზე გაიყვანა. თბილისში ხალხმა ეს წარმატება ერთად აღნიშნა“, - ვკითხულობთ Eurosport-ის გვერდზე.

ჩვენი ოცნება ასრულდა: ქართველი გულშემატკივარი ჭკუიდან გადავიდა, როდესაც მათი ეროვნული გუნდი პირველად ევროპაზე გავიდა - ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს „გარდიანი“ და თან ტექსტს ურთავს.

„საქართველო ევრო 2024-ზე მას შემდეგ მოხვდა, რაც პენალტების სერიაში საბერძნეთს 4-2 მოუგო. თამაშის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი ევრო 2024-ზე მოხვედრის აღსანიშნავად თბილისის ქუჩებში გავიდა. საქართველოს ნაკრები თბილისის ცენტრში ზეიმს შეუერთდა, ფეხბურთელები სცენაზე ავიდნენ და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს“ - წერს „გარდიანი“.

„პრემიერ ლიგის სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ზე ითამაშებს. საქართველომ საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა“, - ასე ეხმიანება Daily Mail საქართველოს ნაკრების გამარჯვებას.

„საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა. ისტორია დაწერილია, საქართველო პირველად იასპარეზებს დიდ ტურნირზე, ისინი გერმანიაში მიემგზავრებიან“, - წერს Sky Sports.

დაბოლოს: „ჩვენ ისინი არ დავაფასეთ, მათ ჩვენ დაგვსაჯეს“.

- ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას ბერძნული პორტალი In.gr.

„ამპარტავნება ის ყვავილია, რომლის ნაყოფიც თავხედობაა. ჩვენი საქციელით უპატივცემულობა გამოვიჩინეთ ქართველების მიმართ, დავივიწყეთ წარსული. გაგვათამამა ყაზახეთის კარში გატანილმა ხუთმა გოლმა და თავი ცუდი კუთხით წარმოვაჩინეთ.

პირველ რიგში კი ეს ეხება ჩვენი ფეხბურთის ხელმძღვანელობას, ფედერაციას, რომელმაც „ლურჯ-თეთრების“ ბოლო ათწლეულის მთავარი თამაში სასკოლო ექსკურსიად გადააქცია. ხელმძღვანელობას ყაზახეთთან წარმატებამ ისე დაახვია თავბრუ, თითქოს მესის არგენტინა გაგვენადგურებინოს.

ეს სანიოლის გუნდის მიმართ უპატივცემულობა იყო. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე დისციპლინირებული გუნდია, რომელსაც ჩავარდნა არ ჰქონია“...

ინფორმაციისთვის, უკვე ცნობილია როდის და რომელ ქალაქებში გამართავს საქართველოს ნაკრები მატჩებს. ვილი სანიოლის გაწვრთნილები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და „დორტმუნდის“ საშინაო არენაზე 81 365-იანი ტევადობის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან.

„ჯვაროსნები“ მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში 22 ივნისსVolksparkstadion-ზე ჩაატარებენ, რომელსაც შეუძლია 57 274 ადამიანს უმასპინძლოს.

მესამე მატჩს კი უკვე პორტუგალიასთან გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს - ტევადობა 62 271 ადამიანი. 

 

ლევკოთეა გილოცავთ ყველას!!! ❤️
კი მიკვირდა, მთელი გუშინდელი დღე თქვენს პორტალზე რომ არაფერს წერდით ამ გამარჯვებაზე. :)
8 თვის უკან