რამდენად შესაძლებელია თბილისში 15 ახალი მეტროსადგურის გაყვანა, რასაც გახარიას პარტია ხალხს დაპირდა?

რამდენად შესაძლებელია თბილისში 15 ახალი მეტროსადგურის გაყვანა, რასაც გახარიას პარტია ხალხს დაპირდა?

წინასაარჩევნო დაპირებები ძალას იკრეფს. წელს პოპულარული მოსახლეობისთვის მეგაპროექტების შეთავაზებაა. 1000-ლარინი პენსიის შემდეგ, კიდევ უფრო გრანდიოზული პროგრამა გიორგი გახარიას პარტიამ წარმოადგინა, რომელიც დედაქალაქში ახალი მეტროდსადგურების გაყვანას პირობას იძლევა. თბილისს რომ მიწისქვეშა ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება სჭირდება, ეს საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ პროექტის მასშტაბურობამ ბევრი კითხვა გააჩინა.

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მოსახლეობას 15 ახალ მეტროსადგურს ჰპირდება. მათი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მეტრო გაფართოვდება, ერთ-ერთი სადგური კი დიდ დიღომში იქნება. საარჩევნო დაპირების თაობაზე პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეა.

„ჩვენ როგორც კი ხელისუფლებაში მოვალთ, 2025 წლიდან დავიწყებთ პროექტირებას და მომდევნო 10 წლის განმავლობაში დედაქალაქს ექნება 15 ახალი მეტროსადგური. ახალი სადგურები გაჩნდება გლდანისა და დიდი დიღმის მიმართულებით. გარდა ამისა, აეროპორტი და ლილო დაუკავშირდება თბილისს მეტროსადგურის საშუალებით და რუსთავის აგლომერაციაც ასევე დაუკავშირდება დედაქალაქს მეტროს მეშვეობით.

ჩვენ ამ მეგაპროექტს განვახორციელებთ. ევროპაში 1 სადგურის მშენებლობა ჯდება დაახლოებით 50-60 მილიონ ევრომდე. ჩვენ დათვლილი გვაქვს შესაძლებლობები და თანაც ისე კი არა, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური პარტია აკეთებს, წინასწარ რომ გასცემენ დაპირებას და მერე თავს იმტვრევენ, რა და როგორ მოახერხონ. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ამაზე ზრუნვას დავიწყებთ იმ დღიდან, როდესაც კი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვალთ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერთი შეხედვით შეუსრულებელი დაპირების თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ხელისფულების სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები მყისვე გამოეხმაურნენ მეგადაპირებას და იგი უტოპიად შერაცხეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის შეფასებით, 15 მეტროსადგურის მშენებლობა მთელი ქსელის გაყვანას გულისხმობს, რაც ბევრად ძვირია, ვიდრე საგზაო მშენებლობა.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ დაპირებას იძლევი, შესაბამისი პირველადი ეტაპები მაინც უნდა იყოს განვლილი ამ დაპირების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი დაპირება ძალიან არასერიოზულია. მე არ ვარ რკინიგზის სპეციალისტი, მაგრამ რაც ითქვა - 15 მეტროსადგურის მშენებლობა, ეს ქსელის გაყვანას ნიშნავს, რაც ბევრად ძვირი მშენებლობაა, ვიდრე საგზაო მშენებლობა. 2012 წლის შემდეგ 16 000 კილომეტრი გზა გვაქვს გაკეთებული, მაგრამ კიდევ არის გზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ქარსელაძემ.

გახარიას პარტიის იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან თბილისის მერიაშიც. როგორც მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა აღნიშნა, დაანონსებულ პროექტი, რომლითაც პარტია ამომრჩეველს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 15 ახალი მეტროსადგურის მშენებლობას ჰპირდება, აბსურდია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება, რადგან:

  1. მის მიერ აღნიშნულ დერეფნებზე, არსებული მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, ვერც ერთი კვალიფიციური ექსპერტი ვერ დადებს დადებით ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას.
  2. თუ არ იქნება ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ გასცემს დაფინანსების თანხმობას.
  3. ბიუჯეტს არ გააჩნია ამის შესაძლებლობა და რომც ჰქონდეს, იქნება თანხების არახარჯთეფექტური ფლანგვა.

ვისურვებდი, რომ პოლიტიკოსები გადაეჩვიონ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას,“ - დაწერა წილოსანი სოციალურ ქსელში.