შინაგან საქმეთა მინისტრმა შსს-ს სპორტულ კლუბ “MIA FORCE“ - ის მრბოლელი, ევროპის ერთა ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი დათა ქაჯაია დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის ერთა ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი, შსს-ს სპორტულ კლუბ “MIA FORCE“ - ის მრბოლელი დათა ქაჯაია დააჯილდოვა. მინისტრმა ჩემპიონს იარაღი გადასცა და მის სპორტულ მიღწევებზე გაესაუბრა.
დათა ქაჯაიამ ევროპის ერთა ჩემპიონატის “LEGENDS CARS CUP“-ის დასკვნითი მეშვიდე ეტაპი წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონის ტიტული წელს უკვე მეორედ მოიპოვა. ჩემპიონატის ბოლო ეტაპი 19-20 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ნოგაროს ავტოდრომზე გაიმართა. ოფიციალური რეგლამენტის მიხედვით ჩემპიონატის ტურები 3 ნაწილად მიმდინარეობს: ორი სპრინტი (20-20-წუთიანი რბოლები) და ერთი 40 წუთიანი ენდურენს რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ დათა ქაჯაია 70 ქულით ლიდერობდა წინა ეტაპებზე მიღწეული წარმატებებით და მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშეც შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო, მან ბრძოლა ამჯობინა, ორი რბოლა პირველ-პირველ ადგილებზე დაასრულა და ლეგენდის თასის ევროპის ერთა ჩემპიონატის “LEGENDS CARS CUP“-ის 2013 წლის გამარჯვებული გახდა.
ლეგენდის კლასის ევროპის ერთა ჩემპიონატი წრიულ რბოლაში “LEGENDS CARS CUP“ ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთის და ევროპის სხვადასხვა ცნობილ სარბოლო ტრასებზე 7 ეტაპად.
მასში სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე პროფესიონალი მრბოლელი იღებს მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტული კლუბი “MIA FORCE“-ის მრბოლელების დებიუტი 2012 წელს შედგა ამ კლასის სპორტულ ღონისძიებაში და დათა ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული აიღო.