გურამ გურაშვილი: „პათოლოგიური ცვლილებები მსხვილ ნაწლავში გამომდინარეობს ცხოვრების ადინამიური წესისგან“

გურამ გურაშვილი: „პათოლოგიური ცვლილებები მსხვილ ნაწლავში გამომდინარეობს ცხოვრების ადინამიური წესისგან“

გაზაფხულის დადგომასთან ერთად მსოფლიო სამედიცინო საზოგადოება „ლურჯი მარტის“ თვეს აღნიშნავს, რომელიც კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის) კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. ზუსტად მარტის თვეში სიმსივნით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად მსოფლიოს მოსახლეობა ლურჯი ფერით იმოსება და სკრინინგის (პროფილაქტიკური გამოკვლევის) მნიშვნელობის შესახებ შეგვახსენებს. რატომ იმოკლებენ საქართველოში მცხოვრები ადამიანები სიცოცხლის დღეებს სკრინინგის პროგრამაზე უარის თქმით და რატომ უჭირთ ექიმთან მისვლის სტიგმის დაძლევა, ამის შესახებ for.ge- ს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ენდოსკოპისტი, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი, პროქტოლოგი გურამ გურაშვილი ესაუბრა.

რამდენად ამართლებს სკრინინგის პროგრამა და ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის კამპანიის გაპიარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში? თუ არის განსხვავება სკრინინგის პროგრამის შესახებ ცნობადობის ამაღლების მხრივ ჩვენს მოსახლეობასა და უცხოეთის მოსახლეობას შორის?

- ზოგადად, მისასალმებელია, რომ მსხვილი ნაწლავის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ მიჩნეულია მარტის თვე. სტატისტიკურ მონაცემებს რომ გადავხედოთ, ევროპასა და ამერიკაში სკრინინგის მნიშვნელობა ადამიანებმა უკვე დაინახეს და კლინიკებში მიმართვიანობამაც იმატა. საქართველოშიც, წინა წლებთან შედარებით, სკრინინგ ცენტრში მომართვიანობამ შედარებით მოიმატა, დიდი ციფრებით არა, მაგრამ ინფორმაციის გავრცელებამ საინფორმაციო საშუალებებისა და ბუკლეტების მეშვეობით, განსაკუთრებით, მარტის თვეში, უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია და ეს მოთხოვნაზეც აისახა.

წესით, მომართვიანობის დინამიკაზე დადებითად უნდა ასახულიყო ის, რომ კორონაპერიოდმაც გაიარა, როცა დაპაუზებული იყო სკრინინგ ცენტრისთვის მიმართვიანობა.

- დიახ, ეს ფაქტორიც მოხსნილია. სწორედ მომართვიანობის სტიგმის დაძლევას ემსახურება „ლურჯი მარტის“ კამპანია.

სასკრინინგო ასაკი ქალებსა და მამაკაცებში 50-დან 70 წლამდეა და მომსახურება უფასოა. შედარებით უფრო ხანდაზმულებს რა დაიცავს ონკოლოგიური დაავადებებისგან?

- დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებობს მსხვილი ნაწლავის სკრინინგი, რომელიც 50-დან 70 წლამდე ქალბატონებისა და მამაკაცების გამოკვლევას მოიცავს, მათ ჯერ კოლოტესტი უტარდებათ, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, პაციენტებს ესაჭიროებათ გაღრმავებული კვლევა, ანუ კოლონოსკოპიური კვლევა. აღნიშნული კვლევისას მსხვილ ნაწლავში რაიმე პათოლოგიური ცვლილება თუ აღმოჩნდა, ბიოფსიური მასალის წარმოებას (ცოცხალი ორგანიზმიდან ქსოვილოვანი მასალის აღება) და შემდგომ მათ მორფოლოგიურ კვლევას მთლიანად აფინანსებს სკრინინგ ცენტრი. ჯერჯერობით ასაკობრივი დიაპაზონი 50- დან 70 წლამდეა. გეთანხმებით, რომ ასაკის მატებასთან ერთად კიბოს განვითარების რისკიც მატულობს, თუმცა უფრო ხშირად რომელ ასაკშიცაა გავრცელებული ეს დაავადება, ვგულისხმობ 20-წლიან დიაპაზონს, ეს არის 50-დან 70 წლამდე პერიოდი. ჯერჯერობით სკრინინგის პროგრამა ამ სეგმენტს მოიცავს. უფრო ზევით ასაკსაც რომ მოიცავდეს, ცუდი არ იქნება, მაგრამ სტატისტიკურად, 50-დან 70 წლამდე უფრო ხშირია ეს დაავადება, რაოდენობრივად ამ ასაკის ხალხი უფრო მეტია და ამიტომაცაა აღებული ეს ზღვარი. ქალებსა და მამაკაცებს შორის სტატისტიკური ანალიზი რომ შევაფასოთ, მამაკაცებში კოლორექტალური კიბოს გავრცელების სიხშირე უფრო მაღალია. პირობითად, ყოველ 100 ქალთან შედარებით, მამაკაცებში 4- 4,5%- ით უფრო მეტია მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი. თუნდაც მეც რომ ვატარებ კვლევებს, პათოლოგიური ცვლილებები მსხვილ ნაწლავში უფრო მეტად ხდება მამაკაცებში, ვიდრე ქალბატონებში. ეს გამომდინარეობს იმ რისკ- ფაქტორებიდან, რომლებიც მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ, ანუ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება, კვება, რომელშიც შედის დაუმუშავებელი ხორცი, შებოლილი პროდუქტები, ადინამიური ცხოვრების წესიც ზრდის კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკს. მთლიანობაში, მამაკაცებში კვებითი ფაქტორი (ხორცის დიდი რაოდენობით მირთმევა, ალკოჰოლი, თამბაქო) მეტ რისკს აჩენს.

ბოლო პერიოდში იმ ადამიანთა რიცხვი მატულობს, რომლებიც ვეგანურ კვებას ანიჭებენ უპირატესობას, ანუ ხორცს არ მიირთმევენ. რამდენად საზიანოა ორგანიზმისთვის საკვები რაციონიდან ხორცის მთლიანად ამოღება?

- ცილოვანი პროდუქტის მიღება ზომიერად უნდა მოხდეს, რაციონიდან ხორცის სრულიად ამოღება რეკომენდებული არ არის. წითელ ხორცსა და შებოლილ პროდუქტებზე როცა ვსაუბრობთ, ამ დროს გამოიყოფა კანცეროგენური ფაქტორები - ინდოლი და სკატოლი. მათი ზემოქმედება მსხვილი ნაწლავის ლორწოვანზე ზრდის მსხვილ ნაწლავში კიბოს განვითარების რისკს. ოღონდ აქ ერთჯერადი ზემოქმედება არ იგულისხმება, ეს წლების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს.

სპორტსმენები აქტიურ, ჯანმრთელ ცხოვრების წესს მისდევენ, ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანი თურქეთის კლინიკაში მკურნალობს, ზოგი საქართველოში. ეს რით აიხსნება?

- სპორტსმენებთან მიმართებით რისკფაქტორებში უნდა გამოვყოთ გენეტიკური წინასწარგანწყობა. შეიძლება, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ერთ სპორტსმენზე არ ვსაუბრობდე, მაგრამ ჯამურად ცალკეული სპორტსმენის პირველი რიგის ნათესავებს შესაძლოა, ჰქონდათ მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი, ასევე, ოჯახური ადენომატოზური პოლიპის ან პოლიპოზის დიაგნოზი, კუჭ- ნაწლავის ანთებითი დაავადებები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი, ან კრონის დაავადება. სპორტსმენებს პირველი რიგის ნათესავებში თუ ჰყავდათ აღნიშნული პათოლოგიით დაავადებული მშობლები ან დედ- მამის შვილები, რისკი უფრო მაღალია და შესაძლოა, არა მარტო 50- დან 70 წლამდე დაემართოთ ეს დაავადება, არამედ 40 წლის ასაკშიც. გენეტიკურ წინასწარგანწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღესდღეობით კოლორექტალური კიბო მსოფლიოში მესამე ყველაზე გავრცელებული კიბოს ტიპია.

თუ არის გამოკვლეული, ძველად საქართველოში სიმსივნური დაავადებები ასე მასობრივად რატომ არ ჩნდებოდა? ამის განმაპირობებელი ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი გარემო, სუფთა ჰაერი, ცხოვრების დინამიური წესი იყო, თუ კიდევ სხვა ფაქტორი?

- ისევ კვებით ფაქტორთან მივდივართ. კვების რაციონი წინა პერიოდში მცხოვრებ ხალხს და თანამედროვე აქტიურ ადამიანს განსხვავებული აქვს. ძირითადად ახლა გავრცელებულია გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ნაკლებადაა ბიოპროდუქტები, რას მივირთმევთ და რას ვიღებთ, ზოგ შემთხვევაში, ჩვენც არ ვიცით. შესაბამისად, კანცეროგენური ფაქტორები ალბათ უფრო მეტია ახლანდელ საკვებში, ვიდრე წინანდელში. ამიტომაც რისკები მაღალია. „ფასტ ფუდის“ აქტიურმა შემოსვლამაც ჩვენს ქვეყანაში არაჯანსაღი ტიპის კვებაზე მოთხოვნა გაზარდა და რისკებიც იზრდება.

ისევ პრობლემად რჩება თუ არა, რომ ევროპაში გაცილებით ნაკლებია ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების მასშტაბი, ვიდრე აზიაში, სადაც ძირითადად ხორცს ეტანებიან?

- სამწუხაროდ, ეს ისევ რჩება პრობლემად.

როცა სკრინინგის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ადრეულ სტადიაზე ჩატარებული სკრინინგის დროს, სულ მცირე, 50%- ით სრულად იკურნება პაციენტი. დროული სკრინინგი რამდენი წლით ახაგრძლივებს სიცოცხლეს?

- პირველად სტადიაზე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, დაავადება განკურნებადია 90- 95%-ში და 5 წელზე მეტი სიცოცხლის ზღვარს აბიჯებენ ადამიანები. სტადიის ზრდასთან ერთად პირდაპირპროპორციულად მცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ანუ ამ დაავადების მეორე სტადიის შემთხვევაში, მხოლოდ ადამიანთა 70% აბიჯებს 5-წლიანი სიცოცხლის ზღვარს. მესამე სტადიის შემთხვევაში, დაახლოებით 40% აბიჯებს ამავე ზღვარს, მეოთხე სტადიის შემთხვევაში, დაბლა ჩამოდის ეს ციფრი და 15- 16%-მდეა 5-წლიანი სიცოცხლის ზღვარი, ანუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

კორონაპანდემიის შემდეგ ბევრი ადამიანი გადასახლდა სოფელში, მათ შორის, ისინიც, ვისაც სოფელთან შეხება არ ჰქონია. რასაც მოსწყდნენ ადამიანები თაობების განმავლობაში, ახლა უბრუნდებიან და, ალბათ, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტიცაა. თუნდაც ამის გამო რამდენად შემცირდება ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი?

- ცხადია, სოფელში ცხოვრება დადებითად აისახება ადამიანებზე. რეგიონში, პირობითად, სოფელში შედარებით უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევენ და ჯანსაღ საკვებსაც მიირთმევენ. კარგია, რომ ხდება სოფლებთან მიჯაჭვა და თავიანთი პროდუქტების მოყვანა თუ მირთმევა. ეს შეამცირებს არა მარტო კოლორექტალური კიბოს, არამედ სხვა დაავადებების განვითარების რისკსაც.