ნარკოტიკებთან ბრძოლა ქვეყნის ახალ გამოწვევად იქცა - პრემიერი პოლიტიკის გამკაცრებას და ნარკოდანაშაულთან ახალ ბრძოლას აანონსებს

ნარკოტიკებთან ბრძოლა ქვეყნის ახალ გამოწვევად იქცა - პრემიერი პოლიტიკის გამკაცრებას და ნარკოდანაშაულთან ახალ ბრძოლას აანონსებს

ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის სტრატეგიის განახლებას და უფრო გამკაცრებას იწყებს. პრემიერ ირაკლი კობახიძის ახალი დავალებაა, რომ ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდეს და ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვის პოლიტიკის დანერგვა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. პრემიერ-მინისტრი პროპაგანდასაც ახსენებს, რასაც გარკვეულწილად, ნარკოლოგების ნაწილიც ეთანხმება. სპეციალისტები ცალკეული ნარკოტიკული საშუალებების მიმართ გავრცელებულ არასწორ წარმოდგენებზე მიუთითებენ და ახალგაზრდებს შორის ინფორმაციის ნაკლებობის აღმოსაფხვრელად კონკრეტული ზომების გატარებას ითხოვენ.

ახალგაზრდებს შორის კი ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მოხმარების გამო ბოლო დროს გახშირებული გარდაცვალების შემთხვევები კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ნარკოპოლიტიკის ეფექტურობას. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, შავი ბაზარი გაჯერებულია არალეგალური პროდუქტით, რომელშიც მაღალია განსაკუთრებით სახიფათო ნივთიერების, ფენტალინის შემცველობა.

ფენტალინის გლობალურმა ეპიდემიამ საქართველოში უამრავი ისეთი ადამიანის სიცოცხლეც შეიწირა, რომლებიც ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკს მოიხმარდნენ, თუმცა არაფერი იცოდნენ მისი რეალური შემცველობის შესახებ. სპეციალისტები ე.წ. შავ ბაზარზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.

პრემიერი ამბობს, რომ „ლიბერალური ნარკოპოლიტიკის“ ტერმინის დამკვიდრებას ქვეყანაში ხელი არ უნდა შევუწყოთ და უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

„არის ასეთი დამკვიდრებული ტერმინი „ლიბერალური ნარკოპოლიტიკა“, რაც იმ იდეოლოგიის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას. ანუ, ეს არის ამ იდეოლოგიური ხაზის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა დავუპირისპირდეთ. ეს არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება მისაღები იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის და რომელიც შეიძლება წაადგეს ჩვენს საზოგადოებას. ნარკოტიკები ანადგურებს არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ანადგურებს ღირებულებებსაც. ეს არის ამ ე.წ. ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ ახალგაზრდებში ღირებულებები განადგურდეს, რასაც ჩვენ აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ.

ერთი პერიოდი ამ ადამიანებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას ამ მიმართულებით, ამ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეოლოგიის პროპაგანდის მიმართულებით, თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევეგუოთ. მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.

რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მომხმარებლებზე, ჩვენ გვჭირდება მომხმარებლებზე ზრუნვა იმისთვის, რომ მათ ნარკოტიკების მოხმარებაზე უარი ვათქმევინოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. რაც შეეხება რეალიზაციას და რეალიზატორებს, აქ გვჭირდება მაქსიმალური სიმკაცრე, ეს უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკა.

ასევე, ყურადღება არის მისაქცევი ფსიქოტროპულ აფთიაქებზე. ამას ხაზი უნდა გაესვას. მინდა ვთხოვო ყველა შესაბამის სამინისტროს, განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს, რომ შევიმუშაოთ ერთიანი განახლებული გეგმა, იმისთვის, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ნარკოტიკების წინააღმდეგ უპრეცედენტო ბრძოლას კი შინაგან საქმეთაა სამინისტრო განაგრძობს, ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველებმა არაერთი ნარკორეალიზატორი თუ ე.წ. დამდებები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია 23 თებერვალს ჩაატარეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით 270-მდე ადამიანი დააკავეს, აქედან 10 ქალია. დაკავებები ბათუმში, თბილისში, ქუთაისში, სამეგრელოში მოხდა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები. აქედან 27 დაკავებული ნარკორეალიზატორი და ე.წ. დამდებები არიან.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სისხლის სამართლის 300-ზე მეტ საქმეზე დაიწყო გამოძიება. 2023 წელს კი ამოღებულია 84 კილოგრამი ჰეროინი, 12 ათასამდე აბი „სუბოტექსი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“ და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებები. ქვეყნის მასშტაბით, გამოვლენილი და დაკავებულია 60-მდე მსხვილი ნარკორეალიზატორი.

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი აკაკი ზოიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა იყოს. გამსაღებლისთვის უნდა იყოს მაქსიმალური სასჯელი, ხოლო მომხმარებლის მიმართ ზრუნვაა საჭირო.

„სამართლებრივად გამსაღებელს და მომხმარებელს შორის მკაფიო ზღვარი უნდა არსებობდეს. მომხმარებლისთვის ზრუნვა და რეაბილიტაცია უნდა ხდებოდეს. მნიშვნელობა არა აქვს საკლუბოს დავარქმევთ თუ რეკრეაციულს, ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მათზე დამკიდებულება ძალიან სახიფათოა. მისი გრძელვადიანად მოხმარება არამხოლოდ ამ ადამიანებს აზიანებთ, არამედ მათთან ერთად თანაცხოვრებაში მყოფ ადამიანებს. ხშირ შემთხვევაში ახლის ძიებაში, ჩვენი ახალგაზრდები უმძიმეს დამოკიდებულებას იღებენ. ამის მიჩვევა ძალიან ადრეული ასაკიდან ხდება, რომლის ინფორმირებაც არ ხდება. ამიტომ არის, რომ ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ბავშვებისთვის გასაგები ენით და მათთვის მისაღები ფორმით უნდა მოხდეს ინფორმაციის მიტანა. ახალგაზრდებს რეალურად უნდა დავანახოთ ჯანსაღი ცხოვრების უპირატესობა. თვითრეალიზების სხვა მეთოდები უნდა შევთავაზოთ“, - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, 2015 წლიდან მსოფლიოში ახალი სითენზური ნარკოტიკი არის შემოსული, რომელიც უზარმაზარ ნეგატიურ ეფექტს იძლევა.

„შესაძლოა ამ სითენზური ნარკოტიკის მიღების ერთჯერად შემთხვევშიც კი ბოდვითი აშლილობები განვითარდეს. ადამიანს ძალიან მძიმე ფსიქოზი, აგრესია განუვითარდეს საყვარელი და ახლობელი ადამაინების მიმართაც კი. ზედოზირების შედეგად ასობით სიკვდილია დამდგარი. ზედოზირებაც ცოტა ფარდობითია, რადგან ყველა ადამიანს თავისი ინდივიდუალური მიდგომა გააჩნია და ეს უკიდურესი აღგზნება სტიმულატები, ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობის ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს. ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდებიან ახალგაზრდები ბოდვითი აშლილობით. პრეპარატებისგან ასევე დამოკიდებულებიდან გათავისუფლება უკიდურესად ძნელია. „ნეფედრონი“ ბეტამფეტამინი“ „ალფაპევეპე“, რომლებიც ფსიქოლოგიურ და ფსიქიურ აშლილობებს იწვევენ, ძალიან მძიმედ სრულდება“, - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში ნარკოტიკზე მოთხოვნა არ შემცირდა რაც არ უნდა კანონი გავამკაცროთ, მასზე მოთხოვნა არ შემცირდება.

„ირანში არის ნარკოტიკების გასაღებაზე ჩამოხრჩობა. მიუხედავად ამისა, მოხმარება მაინც იმავე დონეზე არის, როგორიც არის ჰოლანდიაში, სადაც საკმაოდ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აქვთ. რეალურად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციის სახით ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ადამიანები ნარკოტიკზე ნაკლებად გახდნენ დამოკიდებულები. ჩვენი მოზარდები აღვჭურვოთ ინფორმაციით და ვერბრძოლოთ ნარკოტიკების პროპაგანდას. ციხე გამოსავალი არ არის, რადგან ციხიდან გამოსული ადამიანი ისევ ნარკოტიკების მოხმარებას იწყებს. მისი საზოგადოებაში რეალიზება ძალიან რთულია, ამიტომ ის იგივე ჭაობში ეფლობა. მართვის, მუშაობის უფლება არა აქვთ, ამიტომ იძულებულები არიან ამ ილუზიურ სამყაროს დაუბრუნდნენ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დიდი ინვესტიცია, პირველ რიგში, ისევ და ისევ, ჯანსაღი ცხვრების პოპულარიზაციაში ჩავდოთ“, - ამბობს ზოიძე.