დღეს დილით გამოცემამ „Marca” სენსაციური ცნობა გაავრცელა. ცნობილი გახდა რომ ესპანეთის ეროვნული გუნდისა და კატალონიური „ბარსელონას“ 29 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ შეიძლება კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს.
ფეხბურთელს ამჟამინდელ გუნდთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2015 წლის მაისში უსრულდება. „ბარსელონამ“ მოთამაშეს ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა მაგრამ ეს საკითხი მოულოდნელად ჩიხში შევიდა.
კატალონიელები წამყვან ფეხბურთელს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობენ. ეს თანხა ნახევარმცველს ეცოტავება და ანაზღაურების სახით მეტს მოითხოვს.
ამ მიზეზით კლუბსა და ანდრეს ინიესტას შორის მოლაპარაკება გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
ესპანური სპორტული მასმედიის მტკიცებით, შექმნილი ვითარებით ბრიტანულმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ისარგებლა და ინიესტას ხელფასის სახით 12 მილიონ ევროზე გაცილებით მეტი შესთავაზა. ფეხბურთელი ამ წინადადებაზე სერიოზულად დაფიქრდა. დიდია ალბათობა რომ მომავალი წლის ზაფხულში ანდრეს ინიესტა „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში ვიხილოთ.