პუტინი - უვადო პრეზიდენტი

პუტინი - უვადო პრეზიდენტი

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს იწყება და 17 მარტს დასრულდება. არჩევნების დასრულებამდე მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ მას მეხუთე ვადით აირჩევენ. გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის შემდეგ, პუტინის პოლიტიკურმა კარიერამ პრეზიდენტის უვადო ეტაპს მიაღწია. თუმცა, მისი ხელახლა არჩევა რუსეთის მომავალ პოლიტიკურ სტაბილურობაზე არცთუ კარგად აისახება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პუტინი ახლა რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი ლიდერია საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის შემდეგ. ჯერ კიდევ 2020 წელს, რუსმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც მოქმდ პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ კრემლს პუტინის შემცვლელი არ ჰყავს.

 „ამ ეტაპზე პრეზიდენტისთვის რეალური კონკურენციის გაწევა არავის შეუძლია“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ პუტინი „სარგებლობს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერით“.

პუტინი 71 წლისაა, აშშ-ს პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე ათი წლით უმცროსია. ის რუსი მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას აჭარბებს, მაგრამ მისი ბოლოდროინდელი საჯარო გამოსვლებიდან ჩანს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

თუმცა, როგორც ჩანს, პუტინი არ ჩქარობს მემკვიდრის პოვნას. უცხოელი ექსპერტების თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ათწლეულობის მანძილზე ისეთი სისტემა შექმნა, რომ მას ვერავის გადაულოცავს. ექსპერტების მოსაზრებით, პუტინი პრეზიდენტის სკამს მხოლოდ ჯანმრთელობის გაუარესების ან გარდაცვალების შემთხვევაში დატოვებს.

„პუტინს, თეორიულად, კიდევ 12 წელი შეუძლია მართოს რუსეთი. მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიაღწევს გამარჯვებებს, რასაც მოსკოვში ვერ შეეგუებიან“, - აღნიშნა ანდრეას უმლანდმა, აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სტოკჰოლმის ცენტრის ანალიტიკოსმა.

ქაღალდზე რუსეთი კანონების ქვეყანაა. რუსეთის ფედერაციას აქვს კონსტიტუციური სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მოწესრიგებულ მემკვიდრეობას: თუ პუტინი გარდაიცვალა ან ქმედუუნარო გახდა, მის უფლებამოსილებას შეასრულებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტნი.

პუტინის რუსეთს ასევე აქვს კიდევ ერთი პრეცედენტი ძალაუფლების სანდო მემკვიდრეზე გადაცემის პრაქტიკა. ამის მაგალითიც არსებობს - 2008 წელს პუტინმა მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, საკუთარი ადგილი დიმიტრი მედვედევს დაუთმო, ხოლო 2012 წელს ადგილი დაიბრუნა.

ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ 2030 წლამდე პუტინს რეალური შემცვლელი არ გამოუჩნდება, მათ შორის ვერც ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გაუწევს კონურენციას. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთში სერიოზულ პოლიტიკოსად თვლიან.

რუსეთის პრეზიდენტის ორდღიან არჩევნებს ევროპარლამენტი არ დააკვირდება და არც მის შედეგებზე გააკეთებს კომენტარს. ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არც ერთ დეპუტატს არ აქვს მინიჭებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ევროპარლამენტის სახელით დაკვირვების უფლებამოსილება.

15-17 მარტს დაგეგმილი არჩევნების მონიტორინგის მიზნით, რუსეთში დამკვირვებლებს არც ეუთო გაგზავნის. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ეუთოს დამკვირვებლები არ მიუწვევია. აქვე ხაზგასმულია, რომ მოსკოვის საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები რეალური მონიტორინგის ჩატარებას შეუძლებელს ხდის.

 

trampi უხაროდეს ამერიკას
1 თვის უკან