ბენზინის გაძვირება დაიწყო, პირველ ეტაპზე ფასი მინიმუმ 20 თეთრით მოიმატებს

ბენზინის გაძვირება დაიწყო, პირველ ეტაპზე ფასი მინიმუმ 20 თეთრით მოიმატებს

ბენზინის საბითუმო ფასი 20 თეთრით უკვე გაიზარდა და საცალო ქსელშიც მისი გაძვირების ნიშნებია. რადგან რუსეთიდან იაფი საწვავი აღარ შემოდის, ყველაფერი დამოკიდებული მსოფლიო ბირჟებზე. იქ კი მაინცდამაინც სახარბიელოდ არ ვითარდება მოვლენები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გამუდმებით მაღლა მიცოცავს და 1 ბარელის ღირებულებამ უკვე 85 დოლარს გადააჭარბა.

„სენტა ოილის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, თუკი ყველა სხვა ფაქტორი უცვლელი დარჩა, ბენზინი ავტოგასამართ სადგურებზეც 20 თეთრით გაძვირდება.

„უმთავრესი ინდიკატორი, საბითუმო ბაზარზე არსებული სიტუაციის ცვლილებაში გამოიხატება ყველაზე უფრო სწრაფად და ადეკვატურად. პრინციპში, ამ მატების შესახებ 2 კვირის წინ ვთქვით და ამის პროგნოზირება არ იყო რთული საქმე, იმიტომ, რომ ის საწვავი, რომელიც აქამდე რუსეთიდან შემოდიოდა, უფრო იაფი იყო, ვიდრე რაც ახლა უნდა შემოვიდეს. მისი თვითღირებულება 20 თეთრით არის გაზრდილი.

თვითღირებულების ფასი ძალიან სწრაფად აისახება საბითუმო ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინების - მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ყველა სხვა გარეშე ფაქტორი უცვლელი დარჩა - ამ მატებას (ბენზინის 20 თეთრით გაძვირებას) უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გადაცემაში „საქმე“ იაკობიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტიორები უკვე პირდაპირ მიუთითებენ გაძვირებაზე, კონკურენციის სააგენტო ამტკიცებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია და თუ ეს მაინც მოხდა, მიზეზებს შეისწავლის.

„არ ველოდებით, რომ ამას ბაზარზე არსებითი გავლენა ექნება და ზრდის მიმართულებისკენ შეიცვლება ტრენდი, თუმცა, თუ ასე მართლაც მოხდა, ყურადღებით შევისწავლით. რა თქმა უნდა, ფასი გაიზრდება თუ არა, გარანტიას ვერავის მივცემთ, მაგრამ ჩვენი მონიტორინგის მიზანიც სწორედ ისაა, რომ დავაკვირდეთ და თუ რამე არასაბაზრო ქმედებები შეინიშნება კომპანიების მხრიდან, კანონის წესით ვიმოქმედოთ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

კონკურენციის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ქედელიძე ამბობს, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტის შეწყვეტას ფასზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს. ფასი შეიძლება მცირედით მხოლოდ პატარა კომპანიების შემთხვევაში გაიზარდოს.

„ბოლო პერიოდში სხვაობა რუსულ საწვავსა და, მაგალითად, ბულგარეთიდან ან რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავს შორის დიდი აღარ იყო. ჩვენი გათვლებით, ამ გადაწყვეტილებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მსხვილი კომპანიების ფასებზე. გავლენა უფრო იქნება პატარა ქსელებზე, რომლებიც სრულად რუსულ საწვავზე იყვნენ დამოკიდებულნი“, - ამბობს ქედელიძე და ამატებს, რომ თუ კომპანიები საწვავზე ფასს გაზრდიან, მაშინ გაძვირების მიზეზს სააგენტო მოიკვლევს.

საწვავზე ფასის ზრდას არც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ელის. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ საქართველოში საწვავის დეფიციტი არ შეიქმნება და იმპორტიორები სხვა ქვეყნებზე გადაწყობას შეძლებენ.

„ფასის ზრდა არ იქნება, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთი რა ფასადაც საწვავს გვაწვდიდა, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა ევროპელი მომწოდებლისგან. ძველი „დისქაუნთით“ აღარ გვაძლევდა საწვავს, ამიტომ არანაირი დიდი კატაკლიზმები ბაზარზე არ იქნება.

რუსეთმა საწვავი შარშან შემოდგომიდან გააძვირა, როცა ჯერ აკრძალა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი, მერე როცა დაუშვა, ძველი ფასებით აღარ მოგვცა“, - განაცხადა იობაშვილმა.

დეფიციტი რომ არ შეიქმნება ამაზე ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც. ისიც ადასტურებს, რომ საქართველო ბენზინს რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ყიდულობს, ამიტომ ამ მიმართულებით საფრთხე არ იკვეთება.

„რუსეთის გადაწყვეტილება ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ადგილობრივ ბაზარზე იმიტომ, რომ იმპორტირებული ბენზინის დაახლოებით 70% რუსეთიდან შემოდიოდა. ამის მიზეზი სიიაფე იყო. ცხადია, ევროპულ საწვავზე გადასვლა ფასს გაზრდის.

რაც შეეხება სარეალიზაციო ფასს, კომენტირება რთულია, მაგრამ როგორც ბენზინიმპორტიორები აცხადებენ, ეს ყველაფერი 1 ლიტრზე დაახლოებით 10-15 თეთრით უნდა აისახოს. ჯერჯერობით, ალბათ, ასეც იქნება, ოღონდ ცხადია, საუბარია მოკლევადიან პერიოდზე, გრძელვადიანში კი ყველაფერს აჩვენებს ბირჟებზე განვითარებული პროცესი.

საწვავის დეფიციტის წინაპირობას ვერ ვხედავ და არა მგონია, შეიქმნას, რადგან რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან საწვავი დღეს ისედაც შემოდის. ჩვენ შარშან, შემოდგომის დამდეგს, გვქონდა შემთხვევა, როდესაც აიკრძალა რუსეთიდან საწვავის ექსპორტი და მაშინ დეფიციტის საფრთხე არ გაჩენილა. შესაბამისად, ახლა ვერ ვხედავ ამის საშიშროებას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

trampi ერთი ქაჯი მეუბნებოდა ------ რუსეთს ბერნზინი უთვდება და იმიტომ აკრძალა ექსპორტიო----მთავარმა არხმა გადმოსცაო
აბა რა უნდა ელაპარაკო ან რა უნდა აუხსნა იმისთანა ქაჯს...............ეგრე უნდა და..... ვსოოო
ეს იგივეა საქართველოში კაცმა ღვინო რომ ვერ იშოვნოს...
დაჟე აქ ღვინო უფრო გათავდება, ვიდრე რუსეთში ბენზინი
9 თვის უკან