წითელ ზღვაში ჰუსიტებმა სავაჭრო გემზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების ცენტრის განმარტებით, სარაკეტო შეტევის შედეგად, გემმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა მარშრუტის გაგრძელება მაინც შეძლო.
თავდასხმის დროს, ბორტზე მყოფი ეკიპაჟი არ დაშავებულა. პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა იუწყება, რომ ამბოხებულმა ჰუსიტებმა ადენის ყურეში გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტები ისროლეს, თუმცა რაკეტები გემებს არ მოხვედრია.
საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა იემენში, ჰუსიტების კონტროლირებად ტერიტორიაზე 9 გემსაწინააღმდეგო რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.