ეროვნული ბანკი მოულოდნელად „ამჩატდა“ და მონეტარული პოლიტიკა ერთბაშად შეამსუბუქა

ეროვნული ბანკი მოულოდნელად „ამჩატდა“ და მონეტარული პოლიტიკა ერთბაშად შეამსუბუქა

რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად შემცირდა. ასეთი გადაწყვეტილება სებ-ს ბოლო წლებში არ მიუღია და თავისი ნაბიჯით ლიბერალური მონატარული პოლიტიკის მომხრე ფინანსისტებიც კი დატოვა გაკვირვებული.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა მკვეთრად შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი აქამდე ყველაზე დიდი - 0.75 პროცენტული პუნქტით დასწია და 8.25%-მდე დაიყვანა. ცენტრალური ბანკის შეფასებით, ქვეყანაში არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება.

„საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თებერვალში ფასების საერთო დონე წლიურად 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დაბალი ინფლაცია, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორის ერთობლიობის შედეგია. იმავდროულად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს.

დაბალინფლაციური გარემო ინფლაციურ მოლოდინზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რაც ასევე საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციურ რისკსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბალი დარჩება, საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება.

იანვარში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებაზე მიუთითებს. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური ზრდა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება“, - ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეფასებაში.

სებ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება, 2009 წლის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ყველაზე მკვეთრი ბიჯია, რადგანაც წინა წლების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა, ძირითადად, 0.25-0.50 პროცენტული პუნქტით მსუბუქდებოდა.

ასეთი მკვეთრ გადაწყვეტილებას თავად ბანკირებიც არ ელოდნენ. ქვეყნის ორ მთავარ ბანკთან არსებული ანალიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები ახლა უკვე თვლიან, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ნელი ტემპებით გააგრძელებს და მიმდინარე წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი დამატებით მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთიანად 0.75 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მომდევნო სხდომებზე მკვეთრი ნაბიჯები მოსალოდნელი აღარაა.

„ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არგუმენტები აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. მათ შორის, დაბალი ინფლაცია, ადგილობრივი ინფლაციის კლება და გამყარებული ლარი.

გარკვეულწილად იყო მოლოდინი, რომ შეიძლებოდა ეროვნული ბანკი საერთაშორისო ბაზრებზე განაკვეთების კლებას დალოდებოდა და მხოლოდ შემდეგ შეერბილებინა დამატებით მონეტარული პოლიტიკა. თუმცა სებ-მა ერთიანად გადაწყვიტა განაკვეთის კლება. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე წელსაც მსგავსი ტემპებით გაგრძელდება პოლიტიკის შერბილება. ჩვენ ველით, რომ დარჩენილ ექვს სხდომაზე სებ-ი დამატებით მხოლოდ 0.25 პროცენტული პუნქტით, 8%-მდე შეამცირებს განაკვეთს“, - განაცხადა ქავთარაძემ.

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაიაც წლის ბოლომდე მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებას ელის.

„ჩვენი მოლოდინით, რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე 8%-მდე უნდა შემცირდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაცია დაბალია, სავალუტო შემოდინებები ძლიერია და არგუმენტი, რომ 8,25% შედარებით მკაცრი განაკვეთია, ძალაშია. ასევე უნდა ითქვას, რომ ბოლოდროინდელი მონაცემებით, მაკროეკონომიკური გარემო შემცირების საშუალებას იძლევა და თუ განაკვეთი შესამცირებელია, თავიდანვე სჯობს შემცირება“, - აღნიშნა ნადარაიამ.

მისივე განცხადებით, თუ რამე კატაკლიზმა არ მოხდა, რაც დაკავშირებულია მაგალითად, ნავთობის ფასების მკვეთ ზრდასთან, ან იგივე ლარის მკვეთრ გაუფასურებასთან, ინფლაციის დაბრუნება საქართველოში სამიზნეზე მნიშვნელოვნად მაღლა წელს ნაკლებად სავარაუდოა.

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ ეკონომისტებიც. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა და სებ-ს საშუალება მიეცა ზომიერი ნაბიჯები გადაედგა და განაკვეთი ისევ შეემცირებინა.

„საქართველოში სტაბილურად საკმაოდ მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო ჩამოყალიბდა. ყველა პარამეტრი, გაცვლითი კურსი სტაბილურია, ინფლაცია ზომიერების ფარგლებშია და ამ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, განაკვეთი 9%-დან 8,25%-მდე შემცირებულიყო“, - აღნიშნა პაპავამ.

მისივე თქმით, როცა მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირდეს და ლოგიკურია, რომ პერიოდულად ყოველ შეხვედრაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება.

„ინფლაციის მაჩვენებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შეფასებისთვის. თებერვალში ფასების საერთო დონე 0,3%-ით გაიზარდა და საბაზო ინფლაცია არის 2,4%. ეს სავსებით ნორმალური მაჩვენებელია და ის სამიზნე მაჩვენებლებზე დაბალია. ინფლაცია განაპირობებს იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უნდა შემცირებულიყო“, - განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი საკმაოდ სტაბილურია. ჩვენ იმპორტ დამოკიდებულ ქვეყნად ვრჩებით და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტები რომ არ გაძვირდეს, გაცვლითი კურსი იყოს მეტ-ნაკლებად სტაბილური.

თომა ქართული ბანკები და მათი მაკონტროლებლები, მაინც ნომერ პირველ მტრად რჩება ქართული ეკონომიკის და საქართველოს მოსახლეობისთვის.
1 თვის უკან