ფოთის ნავსადგურის გაფართოების გეგმამ მთავრობა და პორტის მმართველი კომპანია დაპირისპირებამდე მიიყვანა

ფოთის ნავსადგურის გაფართოების გეგმამ მთავრობა და პორტის მმართველი კომპანია დაპირისპირებამდე მიიყვანა

ფოთის ნავსადგურის გაფართოებასთან დაკავშირებით პორტის მმართველ კომპანიასა და მთავრობას შორის უთანხმოებაა, რასაც უკვე დაპირისპირების სახეც მიეცა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი მოგვარებადია, თუმცა კერძო კომპანია ამტკიცებს, რომ 200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდება.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მზად არის პორტის გაფართოების პროექტში მინიმუმ 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა მიიღებს განკარგულებას და გასცემს თანხმობას „ეიპიემ ტერმინალს ფოთთან“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ სურვილი და მზაობა არსებული ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შესახებ რამდენიმე წლის წინ გამოთქვა. ფოთში ახალი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის ზრდას საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკისა და შუა დერეფნის განვითარებაში. პორტის გაფართოების შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება, რომელთა სრული უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

„ეს ევროპული ინვესტიცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ფოთსა და საქართველოს. ფოთის საზღვაო ნავსადგური წარმოადგენს ევროპასთან დამაკავშირებელ ძირითად კარიბჭეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის და ამიტომაც სრულ ძალისხმევას ვდებთ, რათა გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ნავსადგური, მისი ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნით“, - განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მმართველმა დირექტორმა ხულიან ფერნანდესმა.

ფოთის პორტის განმარტებით, გაფართოების პროექტი ამჟამინდელი პორტის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდება, ეტაპობრივად, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით.

„ჩვენ ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით საქართველოს მთავრობასთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობის მხარდაჭერა უმოკლეს ვადაში უკვე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გამოიხატება. ეს საშუალებას მოგვცემს გადავიდეთ პროექტის განხორციელების ეტაპზე, რადგან „ეიპიემ ტერმინალსი“ სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს გაფართოების პროექტის აღსრულება“, - დასძინა ფერნანდესმა.

ოფიციალური განცხადების უკან კი უმსხვილეს კომპანიასა და მთავრობას შორის დაპირისპირება გამოაშკარავდა. კომპანიის ხელმძღვანელთა მტკიცებით, ფოთის პორტში 200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდება. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორი ზვიად ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მათი მხრიდან ყველა საკითხი მოგვარებულია, მზად არის ყველა სახის დოკუმენტაცია და დარჩენილია მხოლოდ მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმება. მთავრობას კომპანიამ არაერთხელ წარუდგინა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გარანტიები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესი დროში გაჭიანურდა.

„დასრულებული არის მოლაპარაკებების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ქონების სააგენტოს შორის იმართებოდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების მიღება დაგვიანდა. ამ ეტაპზე ვერ დავარქმევთ, რომ შეფერხდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

გარანტიები ჩვენი მხრიდან იყო დაფიქსირებული როგორც წერილობით, ისე პირად საუბრებში. ჩვენ ჯერ ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების პროცესში, პირადად შევათანხმოთ გარკვეული საკითხები, მას შემდეგ კი წერილობით მივმართავთ როგორც ეკონომიკის მინისტრს, ისე პრემიერს“, - ამბობს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული ურთიერთობის დირექტორი.

ჩხარტიშვილის განმარტებით, ისინი მზად არიან იმ შემთხვევაში თუ ახალ პრემიერ მინისტრს კითხვები ექნება უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით შეხვდნენ და მათ ყველა კითხვას უპასუხონ. კომპანიას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებითაც, რადგან პორტის გაფართოებაზე მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილებაზე მოლაპარაკებები 2 წელია მიმდინარეობს.

„ჩვენ ავუხსენით ეკონომიკის სამინისტროს, რომ დღეს თუ ჩვენ ვიმყოფებით იმ სიტუაციაში, რომ ფოთის ნავსადგური არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი შუა დერეფნის განვითარების პროცესში, ხვალ შეიძლება ეს გახდეს ე.წ ჩიხი. თუ გამტარუნარიანობა სტაბილურად არ შენარჩუნდა და არ გაიზარდა მაშინ მივალთ იქამდე რომ ეს იქნება ჩიხი.

ეს რომ არ მივიღოთ, ამიტომ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავაჩქაროთ პროცედურები. შეიძლება დაჩქარებაც აღარ ეწოდოს, უკვე როცა 2 წლის განმავლობაში მიდის მოლაპარაკებები, ამიტომ ვამბობთ, რომ გადაწყვეტილების მიღება ოდნავ შეფერხებულია. ჩვენ აღარ გვაქვს დრო, თუ ჩვენ არ განვითარდით ჩვენს უკან დგას კონტრაქტორი. ეს პროექტი მხოლოდ საქართველოს არ უკავშირდება, ეს უკავშირდება მთელ რეგიონს და შუა დერეფანს“, - განაცხადა გადაცემა „საქმის კურსში“ ზვიად ჩხარტიშვილმა.

ბრალდებას მალევე გამოეხმაურა თავად ეკონომიკის მინისტრი. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო კომპანიას მაქსიმალურად უჭერს მხარს, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესში არსებობდა არაერთი არასტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, რომლებზედაც კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობდა, ხოლო ყველა საკითხზე შეთანხმების შემდეგ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდება.

„თუ ყველაფერი შეთანხმებულია, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას კომპანიასთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წლებია ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც თანხვედრაში არ იყო პოზიციები, ეს იყო წვრილმანი საკითხები, არასტრატეგიული, თუმცა იყო ასევე ბევრი ტექნიკური საკითხი, რაზეც მიმდინარეობდა კონსტრუქციული დიალოგი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით.

ვფიქრობ, ახლა ძალიან ახლოს ვართ პოზიციების დაახლოებასთან. ამის შემდეგ ყველა დეტალზე შევჯერდებით, რა თქმა უნდა ჩვენ შევუწყობთ კომპანიას ხელს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ცნობილია, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის გასულ წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს „ეიპიემ ტერმინალსს“ ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება როგორც ჩანს ამ დრომდე არ გაფორმებულა.

amo გულის ამრევია ეს ყველაფერი. რად უნდა ა რ ა ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი წვრინმალი საკითხების განხილვას 2 წელი? რატომ იბლოება 200 მილიონის ინვესტიცია? იმიტომ ხომ არა, რომ სარგებელზე ვერ თანხმდებით? აი, რატომაა საჭირო კიდევ ერთი სტალინი!
9 თვის უკან