ფერმერებმა ხორბალი აღარ დათესეს, რადგან მათთვის ეს მხოლოდ ზარალის მომტანია

ფერმერებმა ხორბალი აღარ დათესეს, რადგან მათთვის ეს მხოლოდ ზარალის მომტანია

საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, თუმცა ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქვეყანაში კვლავ დაუმუშავებელია. საუბარია ხორბლის დათესვაზე. ფერმერებმა, უმეტეს შემთხვევაში, უარი განაცხადეს მარცვლეულის მოყვანაზე. ამის მიზეზი დაბალი ფასია. უკვე მეორე წელია ადგილობრივი ხორბლის ფასმა ვერფარით მიაღწია მთავრობისგან დაპირებულ 70 თეთრს. წისქვილკომბინატები ქართულ ხორბალს 55 თეთრზე მეტად არ იბარებენ, ასეთი ფასი კი გლეხებისთვის მხოლოდ ზარალის მომტანია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კახეთის რეგიონში. მემარცვლე ფერმერებმა წინა წლის მოსავალი ვერ გაყიდეს. ისინი ამბობენ, რომ მოთხოვნა არ არის, მიზეზი კი რუსეთიდან შემოსული იაფი მარცვლეულია, რასაც ადგილობრივი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. გასული წლიდან მოყოლებული ფერმერებს საქონლის რეალიზების პრობლემები აქვთ, რის გამოც ფინანსური სახსრების გარეშე დარჩენილმა ფერმერებმა მიწა ვერ დაამუშავეს.

დედოფლისწყაროელი და ლაგოდეხელი ფერმერების თქმით, პრობლემაა აგროქიმიკატების შეძენაც.

„ახალი ფართობებზე ლაგოდეხის ითესებოდა 6 ათას ჰექტარამდე ხორბალი, ჩემი ინფორმაციით, დათესილია 700 ჰექტარამდე. სასუქი ძვირია, საწვავი ძვირია, მომსახურება ძვირია და თვითონ ნედლეულს ფასი არ აქვს.

მთავრობა უნდა დაგვდგომოდა გვერდით ან სუბსიდირებით, ან გადასახადების გაზრდით, რომ ჩვენი პროდუქცია გაგვეყიდა და ისევ დაგვეთესა“, - აცხადებს ფერმერი ზურაბ ხიზანიშვილი.

„დედოფლისწყაროში ნაკვეთები დათესილი არის, მაგრამ სადღაც 5-6 ათას ჰა ფართობზე საერთოდ ხელი არ არის დაკარებული. იმის გამო, რომ ხორბალს, ქერს დაბალი ფასი ჰქონდა ფერმერები სასუქის დეფიციტს განიცდიან, ამ ეტაპისთვის სასუქის პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი.

ფერმერების თითქმის 80%-ს საბანკო ვალდებულებები აქვს. აქედან გამომდინარე ვეღარ ახერხებენ, რომ თანხები სასუქისთვის გამოყონ და ცდილობენ ფოთლოვანი კვებით გავიდნენ ფონს... არ იციან რა ელით წინ, რა ფასები იქნება....

დასავლეთშიც იგივე სიტუაციაა, იქ უკვე სიმინდთან დაკავშირებით. არსებობს დიდი მარაგები, რომელსაც ფერმერები ვერ ყიდიან. რომ გაყიდონ, ძალიან დაბალი ფასია და ცდილობენ რაც შეიძლება დიდი ხანი შეინახონ. იქაც იგივე სიტუაციაა ბანკებთან დაკავშირებით, ყველას თითქმის ბანკთან აქვს კავშირი და მათაც იგივე პრობლემები აქვთ როგორც კახეთის ფერმერებს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ აგრონომმა ბაჩო ჩხიკვიშვილმა.

ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის მიმართულებით პრობლემა კარგა ხანია შექმნილია. იმპორტირებული მარცვლეული უფრო იაფი ღირს და ხარისხითაც უკეთესია. ამგვარ სიტუაციაში მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაში ხედავს, რაც მისი შეფასებით, ფასის სტიმულირებას მოახდენს.

„ჩვენ ვაწარმოებთ დეფიციტურ პროდუქციას, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მოითხოვს. ამ ეტაპზე ქართული სასურსათო ხორბლის დაახლოებით 2.5-3 თვის მარაგია დარჩენილი. ფასი კი 60 თეთრის ფარგლებში მერყეობს, საფურაჟე ხორბლის ფასი 55 თეთრამდეა. დაპირებაა, რომ 70 თეთრს მიაღწევს ხორბლის ფასი, რაც თვითღირებულებაზე ნაკლებია, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპტიმალურ ფასად მიიჩნევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ხორბალი გლობალურ ბაზრებზე იაფდება, ვფიქრობ, დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო, უნდა გაკონტროლდეს და დარეგულირდეს ვითარება, თუკი რეალობა ამას ითხოვს. რუსეთს მარცვლეული ვერ გააქვს მსოფლიო ბაზრებზე და იძულებულია, ნებისმიერ ფასად გაყიდოს საქართველოსა და ახლომდებარე ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ფერმერებისთვის მაღალი რისკია, ამიტომ სწორად მიმაჩნია მუდმივი მონიტორინგი“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

მემარცვლე ფერმერების პრობლემას კარგად იცნობენ ფერმერთა ასოციაციაშიც. ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, წელს საკმაოდ რთული ვითარებაა. ფართობების ნაწილი ვერ დამუშავდა, პრობლემაა დამუშავებულ ფართობებში აგროღონისძიებების გატარებაც. დარგობრივი ასოციაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან იმპორტზე დროებითი გადასახადის, კვოტების ან სუბსიდირების მექანიზმის გამოყენება.