პირველი მაისიდან, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზი 3-ჯერ გაიზრდება, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. შესაბამის განკარგულებას ვლადიმირ პუტინმა ხელი გასული წლის ნოემბერში მოაწერა. ცვლილების დრო უკვე მოახლოვდა. მოსალოდნელია, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტი საგრძნობლად დაიკლებს, რადგან ჩრდილოეთ ბაზარზე დამოკიდებულება ძალიან დიდია.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 1 ლიტრ ღვინოზე აქციზი 34 რუბლია, რომელიც დაახლოებით 1 ლარია. ცვლილებების შემდეგ კი, აქციზის გადასახადი ლიტრზე 109 რუბლი, ანუ 3 ლარი და 13 თეთრი იქნება.
ამასთან, „რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი მდივნის, ალექსეი პლოტნიკოვის განცხადებით, მეღვინეებმა ხელისუფლებას საქართველოდან სხვადასხვა სახის ღვინის იმპორტისთვის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს.
საქართველოდან ღვინის ექსპორტის შემთხვევაში, ქართველი ექსპორტიორები იმპორტის გადასახადს არ იხდიან. რუსეთის ხელისუფლებას რუსმა მეღვინეებმა ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვით 2023 წლის ზაფხულშიც მიმართეს.
რუსეთი ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია. 2023 წელს ღვინის ექსპორტის თითქმის 66% რუსეთზე მოდიოდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში კი გაყიდული ღვინის თითქმის 80% რუსეთზე მოდის.
ბიოორგანული მეურნეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შეფასებით, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე ამ მასშტაბის დამოკიდებულება ძალიან საყურადღებოა და სერიოზული სამუშაოა გასატარებელი. შალვა ქურდაძე თვლის, რომ ბაზრების დივერსიფიცირება, პირველ რიგში, მეწარმის სოციალური პასუხისმგებლობაა.
„წლიურად 66% იყო დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე შარშან, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ეს დამოკიდებულება გაიზარდა 80%-მდე. წარმოიდგინეთ 80% ქართული ღვინის გადის რუსეთში. ამას დაუმატეთ ბელარუსის, უკრაინის, ყაზახეთის ბაზრები და 10-15% რჩება ბაზრებზე, რომელსაც რატომღაც სტრატეგიულს ვუწოდებთ.
როდესაც ქართული ღვინის 12-15% განვითარებულ ბაზრებზე იყიდება, დანარჩენი განუვითარებელ, პირველ რიგში, რუსულ ბაზარზე გადის, ესე იგი ძალიან სერიოზული სამუშაოა გასატარებელი. ბაზრების დივერსიფიცირება დამოკიდებულია თვითონ მეწარმეზე, პირველ რიგში, თუ რა სტრატეგიას ირჩევს ის. სახელმწიფომ არ უნდა დააძალოს, ეს არ არის მისი პრეროგატივა და მე აბსოლუტურად ლიბერალური ეკონომიკის მომხრე ვარ, მაგრამ ჯერ სოციალური პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მეწარმეს. არიან მეწარმეები, რომლებიც პრინციპულად ირჩევენ სხვა გზას და არა მარტივ გზას, რომელიც რუსეთისკენ არის მიმართული“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ქურდაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია „მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი კი უშუალოდ რუსეთის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი აზრით, რუსეთის მხრიდან აქციზის გაზრდა განსაკუთრებით იმ კომპანიებს დააზარალებს, რომლებიც ბაზარზე ღვინოს დაბალ საფასო კატეგორიაში, ხშირ შემთხვევაში აქციზის ღირებულებაზე იაფადაც კი ყიდიან. ვასილ მანაგაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითია რატომ უნდა ეძიონ ქართველმა მეღვინეებმა გასაღების ახალი და სტაბილური ბაზრები.
„რუსეთის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მეღვინეებისთვის კარგი არ არის, თუმცა ეს განსაკუთრებულად შეეხებათ იმ მეღვინეებს, ვინც თავიანთ პროდუქციას რუსეთში საკმაოდ დაბალ ფასად ყიდიან. არის პროდუქტები, რომელიც 1-1.20 დოლარად საფასო სეგმენტში გადის საქართველოდან. რა თქმა უნდა, აქციზის ამ ოდენობით ზრდა მათთვის გარკვეული დარტყმა იქნება.
პრობლემა რუსეთთან არაერთხელ გვქონია, ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ სათადარიგო გეგმა ყოველთვის გაგვაჩნდეს, რომ ამხელა დამოკიდებულება რუსეთზე არ გვქონდეს. ეს პრობლემა ისევ პრობლემად რჩება, ალტერნატიული ბაზრები აუცილებლად უნდა მოვიძიოთ“, - აღნიშნა მანაგაძემ.
არსებობს სხვაგვარი შეხედულებაც. „კატევე ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელები გააქვს ექსპორტზე. მისი პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ კომპანია აქციზის ფასის ზრდას შესაძლებლობადაც კი აღიქვამს. ეს ქართული ღვინის ფასის ფორმულირების და შედარებით მაღალ საფასო ნიშნულზე დაბრუნების შესაძლებლობაა.
„ჩვენი კომპანია აქციზის ფასის ზრდას ერთგვარ შესაძლებლობადაც აღიქვამს - ფორმულირდეს ქართული ღვინის ფასი და დაუბრუნდეს წინანდელ, შედარებით მაღალ საფასო ნიშნულს. ეს შესაძლებლობა როგორც დიდმა, ისე საშუალო მწარმოებელმა სწორად უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ქართული ღვინის დეფიციტურობის გამო, კომპანიის ბევრმა პარტნიორმა მარაგები შექმნა, შესაბამისად, რეალური სურათი, რა გავლენას იქონიებს აქციზის ფასის გაზრდა რუსეთის მხრიდან, მოგვიანებით გამოჩნდება.
„ამას ემატება შიდა ფაქტორებიც - მცირემოსავლიანი რთველი. წელს ქართული ღვინო დეფიციტურია და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა მიწოდებას სჭარბობს. დღეს კი, მოცემულობა შემდეგია - აქციზის ფასის მოსალოდნელი ზრდის გამო, ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა მარაგები შექმნა. შესაბამისად, რეალურ სურათს, თუ რა გავლენა ექნება ამ სიახლეს ქართული ღვინის სექტორისთვის და „კატევე ჯგუფისთვის“, მოგვიანებით დავინახავთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
2024 წლის იანვარში საქართველოდან 17,951 მლნ დოლარის ღირებულების 6,477 ტონა ღვინო გავიდა. ხოლო რუსეთში 13,326 მლნ დოლარის 5,066 ტონა ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთში ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2,7 დოლარის ფარგლებში მერყეობს.