ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანგის, Dragon Ball-ის შემქმნელი, აკირა ტორიიამა, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ტვინის ჰემატომა გახდა.
Dragon Ball-ის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, მანგაკა პირველ მარტს დაიღუპა და მის დაკრძალვას ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები დაესწრნენ. ვებგვერდის ინფორმაციით, ხელოვანს დაუსრულებელი პროექტები დარჩა. ტორიიამას თავისი სტუდია და ფანები საჯაროდ ემშვიდობებიან.
"მას ძალიან ბევრი რამ ჰქონდა მისაღწევი. ამის მიუხედავად, ბევრი მანგა და ხელოვნების ნიმუში დაგვიტოვა", — განაცხადეს მის სტუდიაში.
Dragon Ball-ის მანგა 1984 წელს გამოვიდა და მკითხველთა თუ მაყურებელთა სიყვარული მალევე დაიმსახურა. მანგის მიხედვით რამდენიმე ანიმეა (სერიალი და ფილმები) გადაღებული, რომლებიც პოპულარულობას დღემდე ინარჩუნებს.