წამლის სააგენტომ, „ნოვარტისის“ და „ავერსის“ ბიზნეს ინტერესების გამო, ონკოპაციენტებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

წამლის სააგენტომ, „ნოვარტისის“ და „ავერსის“ ბიზნეს ინტერესების გამო, ონკოპაციენტებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

მხოლოდ იმიტომ, რომ „ნოვარტისს“, „ავერსსა“ და სხვა დიდ ფარმაცევტულ კომპანიებს არ მოსწონდათ იაფი ანალოგის არსებობა, წამლის სააგენტომ ონკოპაციენტებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

2023 წლის 5 დეკემბერს წამლის სააგენტომ შვეიცარული ფარმაცევტული გიგანტი-კომპანია „ნოვარტისის“ საქართველოს წარმომადგენლობის საჩივრის საფუძველზე, აფთიაქ „ედელვაისი ბ“-ში, შპს „ვილბი ფარმას“ მიერ ბანგლადეშიდან ონკოპაციენტებისთვის შემოტანილი მედიკამენტები დალუქა, რომლებიც იქ სათანადო პირობებში შენახვისა და პაციენტებზე გაცემის მიზნით იყო განთავსებული. აქციის მიზეზად პრეპარატების „საეჭვო“ წარმომავლობასა და რეგისტრაციის უქონლობას ასახელებდნენ. საუბრობდნენ ასევე კორუფციულ სქემაზეც, რომელშიც, თითქოს, 60-მდე ონკოლოგი (ქართველ ონკოლოგთა თითქმის სრული სპექტრი) იყო ჩართული.

დაურეგისტრირებელი წამლების შემოტანაში უკანონო არაფერია. მარტო 2023 წელს სხვადასხვა დასახელების 180 000 კოლოფი დაურეგისტრირებელი მედიკამენტია შემოტანილი ფორმა 100-ის საფუძველზე, მათ შორის, „ნოვარტისის“, „ავერსისა“ და სხვა კომპანიების მიერ. რაც შეეხება მედიკამენტების „საეჭვო წარმომავლობას“, საუბარია ბანგლადეშის ფარმაცევტულ კომპანიაზე, რომლის პროდუქციაც ევროპასა და აზიის განვითარებულ ქვეყნებში (მათ შორის იაპონიასა და სინგაპურში) შედის. აღსანიშნავია, რომ „საეჭვო წარმომავლობის“ ეს პრეპარატები რეგისტრირებულია 17 ქვეყანაში, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის 4 ქვეყანაში (აზერბეიჯანში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში).

რაც შეეხება საქართველოს, „ვილბი ფარმამ“ წამლის ეროვნულ სააგენტოს მიმართა წამლების რეგისტრაციისთვის, მაგრამ პროცესი გაჭიანაურდა და ბოლოს, წამლის სააგენტომ პრეპატარები დალუქა. საქმე ისაა, რომ „ნოვარტისს“, რომლის პარტნიორია კომპანია „ავერსი“, თავად შემოაქვს „ვილბი ფარმას“ მიერ შემოტანილი პრეპარატების ნაწილის ანალოგები საქართველოში და ბაზარზე მათი ფასი, რამდენჯერმე აღემატება „ვილბი ფარმას“ მიერ შემოტანილი მედიკამენტების ფასს.

ჯანმრთელობის ყოფილი მინისტრი მაშინ ირწმუნებოდა, რომ სამინისტროს და წამლის სააგენტოს მხრიდან „ვილბი ფარმას“ წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ონკოლოგიური პაციენტებზე ზრუნვით იყო გამოწვეული, მაგრამ რით უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ პრეპარატების დაყადაღებიდან ძალიან მალე, „ავერსმა“ მართლაც საეჭვო წარმომავლობის, არარეგისტრირებული ანალოგები უფრო ძვირად შემოიტანა ქართულ ბაზარზე, წამლის სააგენტო კი ამაზე დუმს?

და კიდევ ერთი: წამლის სააგენტო 60-მდე ონკოლოგს, პრაქტიკულად, თაღლითობაში სდებს ბრალს, როცა სწორედ, ამ მედიკამენტებმა შეუნარჩუნა სიცოცხლე უამრავ ადამიანს და მას შემდეგ, რაც მათ პრეპარატების შეძენის შანსი მოუსპეს, რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც.

ვისი ინტერესები დგას მთელი ამ ბაკქანალიის უკან, ჯანმრთელობის ყოფილმა მინისტრმა თუ ეს ვერ გაარკვია და მხოლოდ არაკომპეტენტურობის გამო დაიჭირა ასეთი პოზიცია, ეს ერთი უბედურებაა და თუ გაარკვია და არაფერი იღონა ამ უმსგავსობის აღსაკვეთად, მით უარესი, რადგან, ამ შემთხვევაში საქმეში პირდაპირ იკვეთება ყოფილი მინისტრის პირადი ინტერესები.

რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და როგორ გაწირეს ონკოპაციენტები სასიკვდილოდ ჯანდაცვის სამინისტრომ და წამლის სააგენტომ for.ge-ს „ვილბი ფარმას“ დირექტორი თინათინ კაჭარავა ესაუბრა.

ქალბატონო თინათინ, წამლის სააგენტო ბანგლადეშს საეჭვო ქვეყნად მოიხსენიებს და შესაბამისად, თქვენ მიერ შემოტანილ წამლებსაც „საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტებს“ უწოდებს. საქართველოში ბანგლადეშიდან არ შემოდიოდა არ შემოდის მედიკამენტები?

- ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არაონკოლოგიური მედიკამენტები, რა თქმა უნდა, ბანგლადეშიდან სხვებსაც შემოაქვთ.

Beacon Medicare Limited, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, არის ბანგლადეშის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. საერთოდ, ბანგლადეში მედიკამენტების წარმოებაში წამყვანი ქვეყანაა. მას, როგორც მესამე რიგის ქვეყანას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს უფლება, პატენტის მფლობელის ნებართვის გარეშე აწარმოოს მედიკამენეტი, რომ მოამარაგოს დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნები და ასევე, გაიზარდოს ინოვაციურ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. საწარმო ევროპელი ექსპერტების მიერ არის აწყობილი. Beacon Medicare Limited წარმოადგენს ESMO-ს, EHA-სა და ASCO-ს ოფიციალურ პარტნიორსა და სპონსორს. კომპანია აწარმოებს დიდი ბრიტანეთის MHRA-ის, ავსტრალიის TGA-ისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ევროკავშირის GMP-ის სტანდარტების 100-ზე მეტ ონკოლოგიურ პროდუქტს, როგორც ქიმიოთერაპიული დანიშნულების, ისე უახლეს ონკოლოგიურ ფორმულებს, როგორებიცაა იმუნოთერაპია, მონოკლონური ანტისხეულები, ნანო და ლიპოსომური ტექნოლოგიური პროდუქტები და ა. შ.

წარმოიდგინეთ, რამხელა მასშტაბის კომპანიაზეა საუბარი. ამ კომპანიის მხრიდან საქართველოს ბაზრით დაინტერესება, რა თქმა უნდა, არცთუ მარტივი იყო, მაგრამ ჩვენ ეს მაინც მოვახერხეთ. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა მედიკამენტების რეგისტრაცია, გაჩნდებოდა იმის საშუალება, რომ უამრავი სასიკეთო საქმე გაგვეკეთებინა, თუნდაც უფასო დოზების თვალსაზრისით. როცა ამბობენ, საეჭვო წარმომავლობის მედიკამენტიაო, რას ნიშნავს „საეჭვო წარმომავლობა“?! ყველანაირი დოკუმენტაცია წარდგენილი გვაქვს.

თქვენ მიერ შემოტანილი მედიკამენტები არ არის საქართველოში რეგისტრირებული. საერთოდ, როგორია არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა?

- საერთოდ, საქართველოში მედიკამენტების იმპორტის ორი შესაძლებლობა არსებობს. პირველი - მედიკამენტს არეგისტრირებ წამლისა და რეგულირების სააგენტოში, მეორე - ე. წ. ფორმა-100-ით, ინდივიდუალური საჭიროებისთვის. ანუ, დიაგნოზის შესაბამისად გაიცემა სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაცია და ის მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი ან ხელმისაწვდომია, მაგრამ არის ძალიან ძვირი, პაციენტის დაკვეთით შემოაქვს კონკრეტულ ფირმას. ჩვენ სწორედ ასე შემოგვაქვს.

ის მედიკამენტები, რომელიც თქვენ შემოგქონდათ ბანგლადეშში თუ არის რეგისტრირებული?

- ბანგლადეშის გარდა კიდევ 16 ქვეყანაშია რეგისტრირებული. აღნიშნული კომპანია ინდივიდუალური საჭიროებისთვის ამ მედიკამენტების ექსპორტს კიდევ 31 ქვეყანაში ახორციელებს. ეს არის ჯენერიული ანალოგები, მათი ორიგინალები ძალიან ძვირია. ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრაგეთი, სან-მარინო, სინგაპური და ა. შ. არის საჭიროება, რომ პაციენტებმა შედარებით იაფად შეიძინონ პრეპარატები, ცხადია, სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

ეს მედიკამენტები 2022 წლიდან შემოგაქვთ... პრობლემა როდის შეგექმნათ და რატომ?

- ეს გახლავთ სპეციფიკური მედიკამენტები, მათ შენახვის სპეციალური პირობები ესაჭიროება. ვინაიდან ჩვენ ეს პირობები არ გვქონდა, მივაბარეთ ერთ-ერთ აფთიაქს, კერძოდ, „ედელვაის ბ-ს“, რათა შემდეგ პაციენტებს იქიდან გაეტანათ. მედიკამენტებს ფორმა-100-ის საფუძველზე ვაწვდიდით აფთიაქს და შესაბამისად, ფორმა 100-ის საფუძველზე გაჰქონდათ პაციენტებს.

ეს მედიკამენტები აქამდე არ იყო ქართულ ბაზარზე?

- ჩვენ მიერ შემოტანილი მედიკამენტების უმრავლესობა ბაზარზე ხელმისაწვდომი არ იყო, ხოლო ის მცირე ნაწილი, რომელიც ხელმისაწვდომი გახლდათ, იყო ბევრად ძვირი. მაგალითად, ჩვენ მიერ შემოტანილი ერთ-ერთი მედიკამენტი თუ ღირდა 2200 ლარი, იგივე მედიკამენტი, რომელიც „ავერსს“ შემოჰქონდა, 7500 ლარად იყიდებოდა. უფრო დიდი ფასთა სხვაობებიც იყო, მაგრამ ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს.

ამ მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებდა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რაღაც სქემაზე საუბრობდა, რომელშიც 60 ონკოლოგი იყო ჩართული.

- გაუგონარი ფაქტია, საქართველოში სამოცამდე ონკოლოგი გვყავს და ყოფილი მინისტრი ყველას დაუპირისპირდა. ექიმებზე საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო, ჯანდაცვის სამინისტროში სამსაათიანი დაკითხვები მიდიოდა, ექიმებს ეკითხებოდნენ, თუ რატომ ნიშნავდნენ კონკრეტულად ამ მედიკამენტებს და რატომ გადაარჩინეს (!!!) ონკოლოგიური პაციენტები. ისინი უხსნიდნენ, რომ ძალიან კარგი შედეგები ჰქონდათ, რომ ეს პრეპარატები იაფი ღირდა, ხარისხი კი ორიგინალს არ ჩამოუვარდებოდა (ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ მათი უმრავლესობა საერთოდ არ იყო ბაზარზე) და უამრავი ადამიანისთვის ეს შვება გახლდათ. ექიმებს ადანაშაულებდნენ, დაურეგისტრირებელ წამლებს უწერდით პაციენტებსო. არადა, როგორც ზემოთ აღინიშნა, 2023 წელს საქართველოში დაახლოებით180 000 კოლოფი დაურიგისტრირებელი მედიკამენტი შემოვიდა, მათ შორის უმრავლესობა „ავერსმა“ შემოიტანა და ამ წამლების დიდი ნაწილი ონკოლოგიური მედიკამენტი იყო.

საერთოდ, სახელმწიფოს მიერ არარეგისტრირებული მედიკამენტების დაფინანსება მიღებული პრაქტიკაა. პაციენტების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა აფთიაქ „ედელვაის ბ“-ს დარეგისტრირება რეფერალურ პროგრამაში და 2023 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო რეფერალური პროგრამით ამ პრეპარატების დაფინანსება. ეს დაფინანსებაც არ იყო სრული, მაგრამ შეღავათი სახეზე გახლდათ და რადგან სახელმწიფომ დაიწყო ოფიციალურად დაფინანსება, ექიმები აღნიშნულ მედიკამენტებს უფრო თამამად ნიშნავდნენ.

რა თქმა უნდა, რაც არ უნდა დიდი იყოს პაციენტების მხრიდან მათზე მოთხოვნა, ონკოლოგიურ მედიკამენტებს ასე იოლად არავინ აფინანსებს. ეს ისეთი სპეციფიკური მედიკამენტებია, რომლებიც ძალიან მაღალი რისკის პაციენტებში ინიშნება. ვგულისხმობ სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაავადებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავად ყოფილი ონკოლოგიური პაციენტის დედა ვარ და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ყველა ის ეტაპი, როდესაც ონკოლოგური პაციენტს მკურნალობ, მედიკამენტი კი ხელმისაწვდომი არ გახლავთ.

მოკლედ, დაფინანსება დაიწყო და ამას მოჰყვა ძალიან დადებითი დინამიკა. საერთოდ, ამ ონკომედიკამენტებს ეფექტურობის პროცენტული მაჩვენებელი, საშუალოდ, 30-40% აქვს. ისე მოხდა, რომ ჩვენი პრეპარატების შემთხვევაში, დადებითმა დინამიკამ აღნიშნულ ციფრებს გადააჭარბა. ბევრი პაციენტი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი რომ არ ყოფილიყო. ერთი წლის განმავლობაში რეფერალური პროგრამით სულ დაფინანსდა 600-მდე პაციენტი. გარდა ამისა, იყვნენ მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული პაციენტებიც. მომრავლდა დანიშნულებები, რის გამოც პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა და ყოველთვიურად ვახდენდით მათი ინდივიდუალური საჭიროებისთვის მედიკამენტების შემოტანას (სავარაუდოდ, ამ მატებამ გააჩინა „გონივრული ეჭვი“, რომ მედიკამენტები „საეჭვო წარმომავლობისა“ იყო).

და მოულოდნელად, 2023 წლის 5 დეკემბერს აფთიაქ „ედელვაის ბ“-ში მოხდა იმ მედიკამენტების დალუქვა, რომლებიც კონკრეტული პაციენტებისთვის იყო ჩამოტანილი. მეტსაც გეტყვით - ამ მედიკამენტებზე რეფერალური ფონდის მიერ უკვე გაცემული იყო დაფინანსების გარანტია, მაგრამ მაინც მოხდა დალუქვა. აფთიაქში შევიდნენ იმ მიზეზით, რომ „ნოვარტისმა“ შეიტანა საჩივარი, თითქოს რაღაცას არასწორად ვაკეთებდით.

მოგეხსენებათ, „ნოვარტისი“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც საქართველოში წარომადგენლობა აქვს და მისი პარტნიორია - „ავერსი“. იმ მომენტში ჩვენს მიერ შემოტანილი მედიკამენტები მათ მიერ შემოტანილ ანალოგიური დანიშნულების პრეპარატებზე სამჯერ იაფი იყო. სახელმწიფოს ონკოპაციენტებისთვის დაწესებული აქვს წელიწადში 25-ათას ლარიანი ლიმიტი. რომელ მედიკამენტზეც ახლა ვსაუბრობთ, იმ მომენტში „ავერსის“ ფასების მიხედვით, ერთი თვის დოზა 5700 ლარი ღირდა. 25 ათასი რამდენი ხანი ეყოფოდა ერთ პაციენტს?! სხვა მედიკამენტებიც ხომ სჭირდებათ?! პლუს - ძვირადღირებული დიაგნოსტიკა. ყველაფერი ამ ლიმიტში მოიაზრება. დაახლოებით 4-5 თვის შემდეგ პაციენტები წამლის გარეშე რჩებოდნენ. ამ დროს, პრეპარატს, რომელიც ჩვენს მიერ იყო შემოტანილი, პაციენტი 1950 ლარად ყიდულობდა და ეს იყო გამოსავალი, რომ პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩენილიყო.

ზემოთქმულიდან, მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის გამოტანა შეიძლება: წამლის სააგენტოს კონკრეტული დაკვეთა ჰქონდა კონკრეტული კომპანიისგან, ან კომპანიებისგან. კერძოდ, სააგენტოში საჩივარი შევიდა.

სააგენტოში უამრავი წერილი შედის და ყველა წერილზე არ რეაგირებენ, მით უფრო, ასე ოპერატიულად, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო დაკვეთა და ეს დაკვეთა შეასრულეს. ჩვენს ეჭვს, რომ ეს იყო დაკვეთა, ისიც ამტკიცებს, რომ პირველ რიგში, კონკრეტულად, ის მედიკამენტი მოიკითხეს, რომელიც „ნოვარტისის“ ანალოგი გახლდათ. მოითხოვეს დოკუმენტაცია. როცა დოკუმენტაცია წესრიგში აღმოჩნდა, წავიდნენ და რამდენიმე დღე იმსჯელეს, როგორ და რა ფორმით დავეჯარიმებინეთ. შემდეგ მოგვედავენ - მედიკამენტი აფთიაქს ზედნადებით რატომ გადავაწერეთ და პირდაპირ პაციენტს რატომ არ მივეცით. ჩვენ აფთიაქთან პრეპარატების შენახვა-მიბარების ხელშეკრულება გვქონდა და ყველა მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი გვაქვს გაფორმებული, სადაც კონკრეტული ფორმა-100-ებია გაწერილი, კონკრეტული პაციენტის სახელებით და გვარებით, რომლებზეც უნდა გაცემულიყო კონკრეტული მედიკამენტი. ასევე აკეთებდა აფთიაქიც.

ჩვენ ყველაფერს ღიად ვაკეთებდით. პაციენტისა და მედიკამენტის შესახებ ყველა დოკუმენტაცია იტვირთებოდა სახელმწიფოს პორტალზე, იქ რეფერალური კომისია განიხილავდა და რეფერალური კომისიის განხილვის შედეგად გაიცემოდა დაფინანსების შესახებ გარანტია. ანუ, გამოდის, უწყება, რომელიც პაციენტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და მის ხელშია მონიტორინგი, პაციენტებს სიცოცხლის რისკი შეუქმნა?! ამდენი ხანი აფინანსებდნენ პაციენტებს და ახლა ამბობენ, რომ პრეპარატები საეჭვო წარმომავლობის არისო, ეს ხომ საღ აზრსაა მოკლებული?!

ეს მედიკამენტი ჩვენ ჩვენი ფულით ჩამოგვქონდა, რადგან სახელმწიფო თანხას მომენტალურად არ რიცხავს. ამ მომენტისთვის აფთიაქისთვის დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს აქვს გადმოსარიცხი, საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს. იმის გამო, რომ სახელმწიფო ფულს დროულად არ რიცხავდა, ჩვენი ფულით ჩამოგვქონდა წამალი, ონკოპაციენტი მედიკამენტის გარეშე რომ არ დარჩენილიყო. ყველანაირი რესურსი გავაერთიანეთ, რომ მკურნალობა ყოფილიყო უწყვეტი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

წამლების რეგისტრაცია რატომ ვერ მოახერხეთ?

- ფორმა-100-ებით მედიკამენტის შემოტანა ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, ასე დავიწყეთ, რადგან ამის საჭიროება იდგა. ჩვენი მიზანი იყო დაგვერეგისტრირებინა ეს მედიკამენტები, გაგვეხადა ისინი უფრო ხელმისაწვდომი და შესულიყო სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, ვინაიდან ამ მედიკამენტების შემთხვევაში, თუ ისინი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში ჩაჯდებოდა, ის ლიმიტი, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოყოფილი, სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ პაციენტს მთელი წლის განმავლობაში ემკურნალა.

დოკუმენტაცია შევაგროვეთ და სარეგისტრაციოდ შევიტანეთ, მაგრამ რაღაც ეტაპზე წამლის სააგენტომ რეგისტრაციის პროცესი შეაჩერა. კულუარებში იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ „ნოვარტისი“ და „ასტრაზენეკა“ აქტიურობს, „ნოვარტისი“ ამბობს, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებენ და ა. შ. არადა, „ნოვარტისსა“ და „ასტრაზენეკას“ ჰქონდათ ძვირიანი ანალოგები. ეს მედიკამენტები ჩვენ გავხადეთ ხელმსაწვდომი და ეს ემსახურებოდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. სახელმწიფოს მხრიდან Beacon Medicare Limited-ის მედიკამენტების რეფერალურ პროგრამაში ჩასმა აღვიქვით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერად. მთავრობის კურსიც ეს იყო, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაეზარდა. ჩვენ მოვახერხეთ ამის გაკეთება და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი გვქონდა, მით უმეტეს, რომ პაციენტებიც მადლიერები იყვნენ.

მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში უფასო დოზები გვაქვს გაცემული.

წამლის სააგენტო შემოდგომაზე, რატომღაც, ბანგლადეშს ეწვია და ორი საწარმო მოინახულა, მაგრამ არ მოინახულა კონკრეტულად ის საწარმო, რომელიც ჩვენ გვაწვდიდა მედიკამენტებს. როდესაც ამის მიზეზით დავინტერესდი, პასუხმა გამაოგნა - „ასეთი მედიკამენტები მარტო თქვენ შემოგაქვთ და რატომ უნდა შემოგქონდეთ მარტო თქვენ?!“

როგორც კი ჩვენი მედიკამენტები დაილუქა, „ავერსმა“ იმავე დღეს დაიწყო დაანონსება, რომ იგივე შინაარსის მედიკამენტებს ინდოეთდან ჩამოიტანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს არ აქვს ამ პრეპარატების წარმოების უფლება და აწარმოებს მათ ფალსიფიცირებულად, ეს არის წამლის ბიზნესში საკმაოდ ცნობილი „ფეიკ-მედიკამენტები“. თუმცა, წამლის სააგენტო ამაზე არ რეაგირებს.

„ავერსის“ ინტერესები გასაგებია... წამლის სააგენტოს რა ინტერესები აქვს?

- კერძო კომპანიას ლობირებენ ცალკეული ჩინოვნიკები, თუ რატომ - ამის მიხვედრა არ უნდა იყოს ძნელი.

მე გითხარით, რომ ყოფილი ონკოლოგიური პაციენტის დედა ვარ. შვილთან ერთად სიკვდილს თვალებში ბევრჯერ ჩავხედე და ჩემთვის ეს თემა მარტო ბიზნესის კეთება არაა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში თითქმის ოცი წელია ვმოღვაწეობ.

ძალიან კარგად მესმის ონკოლოგიური პაციენტის ტკივილი. ყველაზე მეტად მაწუხებს ცინიზმი, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით არსებობს. იცით, ახლა რა მოცემულობაში ვარ? დაახლოებით, 300 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტი არის დალუქული. წამლის სააგენტოს ვთხოვე, პაციენტებს ის წამალი მაინც მიეცით, რომელიც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი და რომელიც უკვე აქაა და დალუქულია-მეთქი. უარი მითხრეს. ამასობაში კი ავადმყოფები კიდევ უფრო მძიმდებიან, ბევრი გარდაიცვალა კიდეც. ყველა ხვდება, რომ ჩვენი ფული ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ამოიღლიავებული. ერთ-ერთ პაციენტს დაფინანსება 6500 ლარზე მოუვიდა და ამ ფულით სამი კოლოფი ჩვენი 2200 ლარიანი წამალი მოსდიოდა, მას კი უთხრეს, წადი „ავერსში“ და იქ იყიდე, სადაც ერთი კოლოფი 7500 ლარი ღირსო.

როდესაც წამლები დალუქეს, პაციენტებმა დაიწყეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სახელზე განცხადებების წერა, მედიკამენტები გაგვატანეთო. მან ეს განცხადებები ყურადღების მიღმა დატოვა. ქალი 8 წლის ბავშვთან ერთად აკითხავდა აფთიაქს, დალუქულს ნაჯახით გავხსნი და მე დამიჭირონო - ქმარი რეანიმაციაში ეწვა, წამალი დალუქული იყო, რომლის ანალოგი, თუნდაც ძვირიანი, საქართველოში ხელმისაწვდომი არ იყო. წამლის სააგენტოს ყოფილ უფროსთან ირაკლი მხეიძესთან იყო მისული. არც კი მიიღო. პაციენტებს ზერელე პასუხებს სცემდნენ დაბალი რანგის ჩინოვნიკები: ჯერ ეუბნებოდნენ ჩვენგან არ არის დალუქულიო, მერე ეუბნებოდნენ, ფირმას ვეღარ შემოაქვსო და ა. შ.

ეს არის სუფთა კორუფციული გარიგება. როდესაც წამლების რეგისტრაცია შეგვიჩერეს, თამარ გაბუნიას ოფიციალური წერილით მივმართეთ, ვთხოვეთ შეგვხვედროდა, შევთავაზეთ, მათ ექსპერტებთან ერთად წავსულიყავით და ბანგლადეშის საწარმო გვენახა. რეაგირება - ნული!!! ამ დროს ევროპულ კომპანიებთან აფორმებენ მართლაც საეჭვო ხელშეკრულებებს და იგივე მედიკამენტებს სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობენ.

პაციენტები გვთხოვენ, გვერდით დაგიდგებით, გამოდით და ილაპარაკეთო. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ, მათი მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად!