ჰანა გუტირეს-რიდი, რომელსაც Rust-ის გადასაღებ მოედანზე იარაღის შემოწმება ევალებოდა, ოპერატორის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის დამნაშავე ცნეს. შეგახსენებთ, რომ 2021 წელს Rust-ის გადასაღებისას ალეკ ბოლდუინს გადატენილი იარაღი მისცეს, რომლის გასროლასაც ოპერატორის სიცოცხლე ემსხვერპლა. იარაღის შემოწმებაზე პასუხისმგებელი პირი სწორედ ჰანა გუტირეს-რიდი იყო, ალეკ ბოლდუინი კი ამტკიცებს, რომ მან არ იცოდა, თუ გადატენილ იარაღს აწვდიდნენ.
ჰანა გუტირეს-რიდს 18 თვით პატიმრობა და $5000-იანი ჯარიმის გადახდა ემუქრება, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. ჰანას ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ოპერატორის მკვლელობაში მთავარი დამნაშავე ალეკ ბოლდუინია და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
პროკურორის თქმით, ჰანა გუტირეს-რიდი უყურადღებოდ მოიქცა და ვერ შეამჩნია, რომ იარაღში სარეკვიზიტო ტყვიებთან ერთად ნამდვილიც იყო. ბოლდუინის გასროლისას კი ოპერატორს სწორედ ერთ-ერთი ნამდვილ ტყვია მოხვდა. სასამართლო პროცესზე პროკურორებმა იმის მტკიცებულებაც წარმოადგინეს, რომ ჰანა გუტირეს-რიდმა გადასაღებ მოედანზე ნამდვილი ტყვიები ყუთით მიიტანა, რომლებიც დღეების განმავლობაში სარეკვიზიტო ტყვიებში ნელ-ნელა აირია.
ალეკ ბოლდუინის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. ოპერატორის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის მსახიობს ისევ ადანაშაულებდნენ, მან კი ბრალი არცერთ სასამართლო პროცესზე არ აღიარა. ჰანა გუტირეს-რიდის დამნაშავედ ცნობის შემდეგ კი ბოლდუინის ადვოკატებს უკვე იმის მტკიცება შეუძლიათ, რომ მსახიობს იარაღში ნამდვილი ტყვიების არსებობაზე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.
ოპერატორი, რომელიც ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა, ჰალინა ჰაჩინსია. ოპერატორის ოჯახის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და ისევ ელიან, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჰალინას სიკვდილზე პასუხისმგებელ სხვა პირებსაც გაასამართლებს.
ალეკ ბოლდუინის სასამართლო პროცესი 2024 წლის ივლისში ჩატარდება.