გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ჯერაც ცირკულირებს, თუმცა პიკი უკვე გადალახულია

გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები ჯერაც ცირკულირებს, თუმცა პიკი უკვე გადალახულია

მედიკოსების შეფასებით, ვირუსული ინფექციები ზამთრის პერიოდში ყველაზე მეტად ვრცელდება. შესაბამისად, პიკური მაჩვენებელი სწორედ ამ დროს ფიქსირდება, რაც ამ ეტაპისთვის უკვე გადავლილია. თუმცა, ვიდრე ცივი ამინდები ნარჩუნდება, კლინიკებში საშუალო მიმართვიანობის მაჩვენებელი შესაძლოა გაგრძელდეს და მდგომარეობა საყურადღებო დარჩეს.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გარკვეული რეგულაციები დაიცვას, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსული ინფექციების რაოდენობის სერიოზული მომატება.

„პიკს არ გადაუვლია, მაგრამ არც საგანგაშო მდგომარეობაა. სანამ სიცივე იქნება, საშიშროება არის, რომ ინფექცია გაგრძელდეს. ადრე გაზაფხული და გვიანი შემოდგომა ყველაზე მეტად არის იმუნური სისტემისთვის პრობლემური, ამიტომაც, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და გამოვიყენოთ პირბადე, თუ ამის აუცილებლობა არსებობს. ყველაფერი დამოუკიდებულია საზოგადოებაზე, რამდენად დაიცავს თავს და მნიშვნელობა აქვს ასევე ამინდებს. განსაკუთრებით ცივ ამინდში ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ გაცივდა, სინამდვილეში კი, ვირუსული ინფექციაა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ვირუსული ინფექციების შემთხვევების სერიოზული მატება შეინიშნებოდა გასულ თვეებში, თუმცა, ამ ეტაპზე, ვითარება სტაბილურია. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ექიმისთვის მიმართვა, რომ თავიდან იქნას აცილებული რაიმე სახის გართულება.

„პაციენტების მომართვიანობა ამბულატორიებში არის და ფიქსირდება ინფექციების შემთხვევები, მათ შორის გრიპის შემთხვევებიც გვაქვს, თუმცა წინა პერიოდს თუ შევადარებთ, იანვრისა და თებერვლის პერიოდთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ რესპირაციულ ინფექციები აღარ გვხვდება.

ჯერჯერობით მაინც ვიმყოფებით ისეთ პერიოდში, როდესაც გრიპი და სხვა რესპირაციული ინფექციები არსებობს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფში შემავალმა ადამიანებმა, მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონემ, ასაკოვნებმა და მცირეწლოვნებმა. თუ ექნებათ რესპირაციული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ექიმის მიმართვა, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებული შემთხვევები.

თუ გადავხედავთ ზოგადად გრიპის მიმდინარეობას წინა წლების განმავლობაში, არის ხოლმე შემთხვევების მატება, თუმცა ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი. დაახლოებით აპრილიდან უკვე მკვეთრად დაიკლებს შემთხვევების რაოდენობა და შესაძლებელია ითქვას, რომ სირთულეების ძირითადი ნაწილი გადალახულია. ერთი თვის განმავლობაში მდგომარეობა შესაძლოა მეტ-ნაკლებად საყურადღებო დარჩეს, მაგრამ ნაკლებად არის მოსალონდელი მივიღოთ ისეთი რეალობა, როგორიც იანვარ-თებერვალში გვქონდა. რაოდენობის მსგავსი ზრდა ნაკლებად არის წარმოსადგენი, თუმცა თეორიულად დასაშვებია“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, „თებერვლის შუა რიცხვები ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იყო, თუმცა ვირუსული ინფექციების გავრცელების პიკმა უკვე გადაიარა და გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის“. როგორც იმნაძე განმარტავს, გრიპის ვირუსის მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი.

„როგორც პროგნოზირებდნენ, თებერვლის შუა რიცხვებში იყო რესპირატორული ვირუსების მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა უკვე გადაიარა. ამ პიკზეც არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. გრიპის ვირუსის განაწილების მაჩვენებელი 50%-მდე იყო გაზრდილი. დღეს, გრიპის ვირუსი 1/3-ს შეადგენს. წამყვანი არის H1 ვარიანტი, ცოტა არის H3, გრიპის ვირუსებიდან ძალიან იშვიათად ჩნდება B ვარიანტი.

საკმაოდ ბევრია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელსაც პატარა ბავშვებში, შესაძლოა, მძიმე მიმდინარეობა ჰქონდეს. ასევე გვაქვს გაციების გამომწვევი ვირუსები, რაც ყოველ წელს გვქონდა ხოლმე. ვირუსული ინფექციების აქტივობა კლებისკენ მიდის. სამწუხაროდ, გრიპის ვირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევაც გვქონდა. რაც შეეხება კორონავირუსს, ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც შემცირებისკენ მიდის კორონავირუსის შემთხვევებიც“, - განუცხადა პაატა იმნაძემ მედიას.