The New York Times Magazine-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქეით უინსლეტმა თავის კარიერაზე ისაუბრა და ერთ-ერთი თემა, რომელსაც შეეხო, გადასაღებ მოედანზე ინტიმური სცენების კოორდინატორის აუცილებლობაა.
ინტიმური სცენების კოორდინატორი მსახიობსა და რეჟისორს შორის ერთგვარი შუამავალია და უზრუნველყოფს, რომ ინტიმური თუ შიშველი სცენების გადაღებისას მსახიობი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობდეს. ქეით უინსლეტის თქმით, ნატრობს, ასეთი ადამიანი ჰოლივუდში ადრეც ჰყოლოდათ.
"კარგი იქნებოდა, ინტიმური სცენების კოორდინატორი ინტიმური, შიშველი თუ კოცნის სცენების გადაღების დროს რომ მყოლოდა. კარგი იქნებოდა, ჩემს გვერდით ვინმე ყოფილიყო, რადგან საკუთარი თავის დაცვა ყოველთვის თვითონ მიწევდა.
კამერის ეს ხედი არ მომწონს. არ მინდა, რომ აქ სრულიად შიშველი ვიდგე. ოთახში ამდენი ადამიანის ყოფნა არ მინდა. მინდა, ჩემი ხალათი უფრო მოკრძალებული იყოს — ასეთ პატარა რაღაცებს ვგულისხმობ.
როცა ახალგაზრდები ვართ, გვეშინია, სხვები არ გავანაწყენოთ ან უხეშები ან საცოდავები არ გამოვჩნდეთ, რათა რაღაცები არ დავკარგოთ. ასეთ გარემოში ძალიან რთული იყო იმის სწავლა, რომ ხმა გქონოდა", — ამბობს ქეით უინსლეტი.
ქეით უინსლეტმა სხვა ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ პოპულარულობა სძულდა.
"ჟურნალისტები ყოველთვის მეკითხებიან ხოლმე, ტიტანიკის შემდეგ ნებისმიერ ფილმში თამაში შეგეძლო, პატარა როლებით დაკმაყოფილება რატომ აირჩიეო. იმიტომ, რომ პოპულარულობა საშინელება იყო! არ მინდოდა, მედია ყველგან კუდში ამდევნებოდა", — თქვა მსახიობმა.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კინომსახიობთა გილდიამ ინტიმური სცენების კოორდინატორთან დაკავშირებით პროტოკოლი შეცვალა. ახალი პროტოკოლის მიხედვით, ინტიმური სცენების კოორდინატორებს მსახიობების თანხმობის გარეშე ამ სცენების გადაღების პროცესის საჯაროდ განხილვა ეკრძალებათ.
მათ პროტოკოლი მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ჯენა ორტეგას ფილმ Miller's Girl-ის ინტიმური სცენების კოორდინატორმა მსახიობის გამოცდილებაზე მედიასთან ისაუბრა.