პერანგი, რომელიც კოლინ ფერტს BBC-ის მინისერიალ Pride and Prejudice-ში ტბაში ბანაობის სცენაში ეცვა, ახლახან ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. Pride and Prejudice-ის 1995 წლის ადაპტაციაში კოლინი მისტერ დარსის როლს ასრულებს, პერსონაჟის პერანგი კი არც მეტი, არც ნაკლები £20,000-ად გაიყიდა.
Cosprop-მა, რომლის დიზაინითაც მინისერიალის არაერთი კოსტიუმი შეიქმნა, მისტერ დარსის პერანგი აუქციონზე 60 სხვა ნივთთან ერთად გაიტანა. პერანგის საშუალო ფასი £7000-10000 შორის მერყეობდა, თუმცა აუქციონზე მისტერ დარსის პერანგი £20,000-ად შეიძინეს.
მინისერიალ Pride and Prejudice-ში ელიზაბეთ ბენეტის როლს ჯენიფერ ეშლი ასრულებს. სცენაში ჯენიფერის პერსონაჟი გაკვირვებულია, რომ მისტერ დარსი პემბერლის მამულს ესტუმრა, შემდეგ კი ტბიდან სველი ამოდის. სცენა იმდენად პოპულარული გახდა, რომ სხვა ფილმებშიც ვხვდებით. მაგალითად, Bridgerton-ში, როცა ჯონათან ბეილი ტბიდან ამოდის და Bridget Jones’s Diary-ში, რომელშიც ისევ კოლინ ფერტი თამაშობს.
აუქციონზე პერსონაჟების კოსტიუმები სხვა ცნობილი ფილმებიდანაც გაიყიდა. მაგალითად, ქეით ბლანშეტის კოსტიუმი, რომლითაც მსახიობმა დედოფალი ელიზაბეთ I განასახიერა, £4800-ად გაიყიდა. აუქციონიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.