Euphoria-ის მეორე სეზონის დასრულების შემდეგ უკვე 2 წელი გავიდა, მაყურებელი კი ახალი სეზონის დაწყებას კვლავ მოუთმენლად ელის. როგორც ჩანს, მაყურებელზე ნაკლებად არც სერიალის მსახიობები ელიან ტელეეკრანებზე დაბრუნებას. მსახიობმა ნიკა კინგმა, რომელიც Euphoria-ში რუს დედის როლს ასრულებს, ახალ სთენდაფში სერიალის შესახებ იხუმრა და საკუთარ პრობლემებზეც ისაუბრა.
"ხალხი მეუბნება, რომ მე-3 სეზონი სჭირდებათ, რეალურად კი ყველაზე მეტად მე მჭირდება მე-3 სეზონი. 6 თვეა, ქირას ვერ ვიხდი, ზენდეია კიდევ პარიზის მოდის კვირეულზეა. ჩამოდი სახლში, მჭირდები", — ამბობს ნიკა კინგი თავის გამოსვლაში, რომელიც ტიკტოკზეც გამოქვეყნდა.
გამოსვლისას მსახიობმა იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ განსხვავებით Euphoria-ის მსახიობებისგან, სერიალში მონაწილეობის შემდეგ მას ახალი როლი არ მიუღია.
"სერიოზულად ვამბობ, Euphoria-ის შემდეგ როლი არ მიმიღია. მეგონა, Euphoria-ში მონაწილეობის შემდეგ ჩემი კარიერა უფრო წარმატებული გახდებოდა და ვფიქრობ, რომ კარგადაც ვითამაშე, თუმცა ასე არ მოხდა", — დასძინა ნიკამ.
მსახიობის სთენდაფს სოციალური ქსელების არაერთი მომხმარებელი გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ნიკა კინგი ძალიან ნიჭიერია და Euphoria-ის სხვა მსახიობების მსგავსად, მეტ წარმატებას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ Euphoria-ის მე-3 სეზონის გადაღებები 2023 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა აშშ-ში სცენარისტთა გაფიცვის გამო თარიღმა გადაიწია. Euphoria-ის მე-2 სეზონი 2022 წლის თებერვალში დასრულდა, ზენდეიამ კი მთავარი როლის შესრულებისთვის 2 ემი მოიპოვა. 2023 წლის აგვისტოში ფესკოს როლის შემსრულებელი მასხიობი ანგუს კლაუდი გარდაიცვალა და ჯერჯერობით მისი პერსონაჟის ბედიც უცნობია.
Euphoria-ის მე-3 სეზონის პრემიერა 2025 წელს იგეგმება.