მას შეუძლია გადასაღებ მოედანზე შესვლისთანავე “დრო გააჩეროს”, ნებისმიერი ეროვნებისა და წარმომავლობის რეჟისორთან წარმატებულად ითანამშრომლოს, მონაწილეობა კონტროვერსულ სცენებში მიიღოს, ითამაშოს საკულტო როლები და ათწლეულების გასვლის შემდეგაც კი დარჩეს ბოტიჩელის ვენერასა და იტალიური ნეორეალიზმის დივას შორის არსებული მარადიული სილამაზის უნივერსალურ სიმბოლოდ. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული იტალიელი დიზაინერების დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას მუზა დღეს ორი შვილის დედაა, მისი, როგორც მსახიობის კარიერა თითქმის ისეთივე წარმატებული და ეკლექტიკურია, როგორიც წლების წინ იყო.
“რა თქმა უნდა, არავის მოსწონს ასაკის მატება, რადგან ეს არის ბრძოლა, რომელიც ზუსტად იცი, რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა წააგო… ვფიქრობ, ერთადერთი, რაც წლების გასვლის შემდეგ გვმატებს სექსუალურობას ეს არის გამოცდილება, რომელსაც ამ პერიოდის განმავლობაში ვიღებთ. დანარჩენი ყველაფერი უბრალოდ არარელევანტურია, არ უნდა გვქონდეს არასრულფასოვნების კომლექსი და არ უნდა ვფარავდეთ ნაკლოვანებებს.”
“დღეს ძალიან ბევრი პროცედურა არსებობს იმისთვის, რომ ქალებმა საკუთარ თავზე იზრუნონ და დაბერების პროცესი ოდნავ მაინც შეაფერხონ. პირადად მე, არავის არაფერს არ ვურჩევდი, რადგან ასაკის მატების პარალელურად მიმდინარე ტრანსფორმაცია ძალიან პირადულია ჩემთვის. ქალებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც თავად თვლიან სწორად და არა ის, რასაც საზოგადოება მიიჩნევს სწორად. დღევანდელ მსოფლიოში ცხოვრება ჩემი ასაკის ქალბატონებისთვის შედარებით პრივილეგირებულია. 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ათწლეულების წინ მუშაობის საშუალებაც კი არ ჰქონდათ, დღეს ქალებმა საკუთარი აზრის დაფიქსირება და მათი დაცვა ისწავლეს. მინდა ყველამ დაიმახსოვროვს, რომ მთავარია ვნება და მონდომება ჩადო საკუთარ საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხარ, ყოველთვის შეგიძლია ხელოვნება შექმნა. თუ მონდომებული ხარ, ყველაფერი გამოგივა.”