თუ უიღბლო დღე გქონდათ, გაიხსენეთ ის ბრიტანელი მშობლები, რომლებმაც ასობით გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს წვეულებაში, საიდანაც მათი შვილები ატირებულები გამოვიდნენ.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ორგანიზაციამ House of Illuminati გლაზგოში 2023 წლის ფილმის, ვონკას, თემატიკის წვეულება დააანონსა. ეს ფილმი როალდ დალის ცნობილი საბავშვო რომანის, ჩარლი და შოკოლადის ქარხნის, მორიგი ეკრანიზაციაა, სადაც მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. წვეულების ორგანიზატორები სტუმრებს ტკბილეულით სავსე ზეიმს ჰპირდებოდნენ: უზარმაზარ სოკოებს, კანფეტის ჯოხებს, შოკოლადის შადრევნებს... ეს ყველაფერი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მოცეკვავე უმპა-ლუმპებს უნდა გაეხმოვანებინათ — ვონკას დამხმარეებს.
თუმცა, ადგილზე მისულ სტუმრებს მხოლოდ ალაგ-ალაგ მიმოფანტული დეკორაციებით უხეიროდ გაფორმებული სივრცე დახვდათ. თითქოს ეს არ კმაროდაო, წვეულებაზე გაცოცხლებული პერსონაჟები ძმები გრიმების ზღაპრიდან გადმოსულ არსებებს უფრო მოგაგონებდათ, ვიდრე დალისეულ გმირებს.
რა გასაკვირია, რომ ღონისძიების პირველმა სტუმრებმა აღშფოთება ვერ დამალეს და ბილეთების საფასურის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც.
დაწყებიდან რამდენიმე საათში კი წვეულება ნაადრევად დასრულდა, მაგრამ ორგანიზატორებს არ გაუფრთხილებიათ მომდევნო სტუმრები, რომლებიც შორი გზიდან მოემგზავრებოდნენ. ეს უკანასკნელნი ახლა მგზავრობის საფასურის ანაზღაურებასაც ითხოვენ.
განრისხებულმა მშობლებმა ფეისბუქჯგუფსაც მიაშურეს. მათი თქმით, წვეულებაზე მისულმა ბავშვებმა ღონისძიება იმედგაცრუებისგან ატირებულებმა დატოვეს. ჩაშლილი ღონისძიების ამსახველმა ფოტო და ვიდეო მასალამ კი ახლა სოციალური ქსელები მოიცვა.
აღსანიშნავია, რომ უკმაყოფილება გამოხატა ორგანიზატორების მიერ საგანგებოდ წვეულებისთვის დაქირავებულმა მსახიობმა პოლ კონელმაც. კონელის თქმით, წვეულებაზე მისვლისთანავე მიხვდა, რომ თავის საქმეს ვერ შეასრულებდა, რადგან ადგილზე დაპირებული აღჭურვილობა და სპეცეფექტები არ დაახვედრეს. ამის ნაცვლად, ორგანიზატორებმა მას ექსპრომტი შესრულება მოსთხოვეს.
"გული მომეწურა, იქაურობას რომ ვუყურებდი", — აღნიშნავს მსახიობი, — "ძალიან დავსევდიანდი, რადგან ვიცოდი, რამდენი ბავშვი აპირებდა მოსვლას. დასასრულისკენ მათთვის ტკბილეულიც უნდა დაგვერიგებინა".
ტკბილეულის და სანახაობის გარეშე დარჩენილ ბავშვებსა და მათ მშობლებს ორგანიზატორები ახლა ბოდიშს უხდიან "სტრესული და იმედგამაცრუებელი დღისთვის". ამასთან, უახლოეს დღეებში ბილეთების საფასურის სრულად დაბრუნებასაც ჰპირდებიან.