LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე და არჩევანის წინაშე მყოფი საქართველო

LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე და არჩევანის წინაშე მყოფი საქართველო

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ჰეტეროსექსუალი და ჰომოსექსუალი წყვილების უფლებების უმეტეს ნაწილში გათანაბრებას ითვალისწინებს, თუმცა მხარი არ დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინებაში უნდა ჰქონოდათ ისეთივე უფლებები, როგორიც აქვთ ქორწინებაში მყოფ ქალსა და მამაკაცს. კანონპროექტის მიღებით ჩეხეთში, პრაქტიკულად, აღარ იარსებებდა სამოქალაქო პარტნიორობა, რომელსაც 2006 წლიდან ერთნაირსქესიანი წყვილები აფორმებდნენ.

თუმცა კონსერვატორი დეპუტატების პროტესტის გამო, პარლამენტის ქვედა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, არამედ ხაზს უსვამს პარტნიორობის უკვე არსებულ მექანიზმს. კანონპროექტის თანახმად, ერთნაირსქესიანთა წყვილებს შვილად აყვანის უფლება არ ექნებათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ-ერთი პარტნიორი ბავშვის ბიოლოგიური მშობელია. ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტის ზედა პალატაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უნდა მოაწეროს ხელი.

დიდი ალბათობით, პრეზიდენტი კანონპროქტს ხელს მოაწერს, რადგან მანამდე მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. ჩეხეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საბერძნეთის გადაწყვეტილება, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. საბერძნეთი ევროკავშირის მე-16 ქვეყანა გახდა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა. მსოფლიოში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 30-ზე მეტ ქვეყანას აქვს ლეგალიზებული.

უკრაინის თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ლგბტ წყვილებისთვის რეგისტრირებული პარტნიორობის განსაზღვრას ითვალისწინებს. არ არის გამორიცხული, რომ ამ საკითხს კენჭი უყაროს უკრაინის რადამ. კანონპროექტი, რომლის ავტორია უკრაინელი დეპუტატი ინა სოვსუნი, მიზნად ისახავს დაეხმაროს ლგბტ წყვილებს ორმხრივი უფლებებისა და მოვალეობების, ქონების საკუთრების, მემკვიდრეობის, სოციალური დაცვისა და პარტნიორის გარდაცვალების ან გაუჩინარების შემთხვევაში უფლებების განსაზღვრაში.

ინა სოვსუნმა კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადას 2023 წლის 7 მარტს წარუდგინა. კანონპროექტზე ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მაშინ სამინისტროები ეწინააღმდეგებოდნენ ამას, რადგან კანონპროექტი, სავარაუდოდ, რეგისტრირებულ პარტნიორობას ქორწინებასთან აიგივებდა. ახლა სამინისტროებმა პოზიცია შეცვალეს. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ცვლილებებს უკვე ამზადებს.

როგორც ირკვევა, შემდეგი სამიზნე საქართველოა. როგორც „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დააყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად.

„ჩეხეთის პარლამენტმა ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი არ დაუჭირა. ეს სასიამოვნო გამონაკლისია, თუმცა LGBT პროპაგანდა და ეს პროცესები მოედო მთელ ევროპას და აშკარაა, რომ საქართველოში ძალიან მალე დაგვიყენებენ საკითხს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადასადგმელად. LGBT პროპაგანდა ევროპის კონტინენტზე მძლავრ მასშტაბებს იძენს. ფაქტია, რომ ეს არის სახელმწიფოების დაპყრობის ახალი იარაღი. ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებს დაუკარგონ სქესის აღქმის შეგრძნება. ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეუძლია დღეს იყოს ქალი, ხვალ - კაცი, შემდეგ თუ მოუნდება, ისევ - ქალი გახდეს და ა.შ. ამავე დროს, მთელი სიმძლავრით მიდის მშობლის ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა. ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ არსებობს ტერმინები: „დედა“ და „მამა“. უფრო მეტიც, ეუბნებიან რომ ეს შეურაცხმყოფელი სიტყვებია. საბოლოო ჯამში კი, ამ პროპაგანდის მიზანი არის ერთადერთი - მსოფლიოში ადამიანების ნაცვლად მიიღონ უსამშობლო ბიოლოგიური მასა, რომელსაც არ ექნება კრიტიკული აზროვნების უნარი“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს უკვე დაუყენეს საკითხი, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, რაც რეალობად იქცევა სხვა ქვეყნებში, შემდეგ არის მცდელობა, რომ სხვადასხვა გრანტების მეშვეობით რეალობად იქცეს ჩვენ ქვეყანაშიც.

„შეიძლება დღეს გვეცინებოდეს ლგბტ-პროპაგანდაზე, მაგრამ აქ სასაცილო არაფერი არ არის და საჭიროა როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მკაფიო პოზიცია, ვინაიდან მათი მეშვეობით ხდება ასეთი ტიპის ნარატივების შემოტანა ქართულ დისკურსში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოების მკაფიო პოზიცია იყოს ამასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ არ დაიწყოს ნელ-ნელა რაღაც გრანტების შემოდინება იმისთვის, რომ წახალისდეს საქართველოში სქესის მიხედვით დიფერენციაციის ხაზგასმა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რადიკალური ოპოზიციის პოზიცია უცვლელია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ რასაც „ხალხის ძალა“ ამბობს, არის დეზინფორმაცია და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ ცხრა პირობის პირველ პუნქტს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არის საჭირო.

„ეს პრობლემა არის ხელით შემოტანილი პრობლემა, იმისთვის, რომ გადატანა, გადაყვანა, ჟარგონს გამოვიყენებ - „გადათრევა“ მოხდეს ხალხს რაც სტკივა, იმ პრობლემებიდან. დასაცავია უმცირესობების უფლებები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა დავინახოთ ეს საკითხი. 5 ივლისს ოპერატორიც კი შეეწირა ამ საკითხს. ორი მიზანი აქვს ამ პროპაგანდას - მოკლევადიანი, რომ გადაგვიყვანონ მთავარი სატკივრიდან, რაც ხალხს აწუხებს ისეთ თემებზე, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება პოლიტიკური სარგებელი ნახონ და მეორე საკითხი არის პირდაპირ ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც ლაპარაკობს ე.წ. „ხალხის ძალა“ ეს არის დეზინფორმაციის გავრცელება“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ფსიქოლოგის, პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჩეხეთის რეაქცია უკვე მიუთითებს, რომ პროცესი არც ისე ნარნარად განვითრდება და თვითონ ევროპაშიც მოწინააღმდეგე ცოტა არ ეყოლება.

„ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს. ქართველებს გვიყვარს საერთოდ გადახტომა იქამდე, სანამ რაიმე მოვლენა მოხდება და იქნებ ვუღალატოთ ახლა ამ ჩვენს ტრადიაციას და ვაცალოთ მოვლენებს, როგორ განვითადება პროცესები. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ვერ წაგიყენებენ შენ ასეთ პატარა, სხვის ხელს შემყურე ქვეყანას პირობებს, იმიტომ, რომ უფრო დიდი პროცესები აღმოჩნდება მათი კონტროლის გარეშე“, - აცხადებს საყვარელიძე.

როგორც ფსიქოლოგი აცხადებს, გარდა ჩეხეთისა, თვითონ ამერიკაში რესპუბლიკელებმაც მძაფრი რეაქცია მისცეს ბლინკენის ცნობილ ბოდვას და ამიტომ, მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთან პრეტენზიის წამოყენება არ იყოს შემთხვევით.

„გვახსოვს, უახლოესი წარსული, როცა ბლინკენმა სანქციები გამოუწერა ქართველ მოსამართლეებს ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც დალაპარაკებიაა. ასე რომ, გარკვეული ანტიქართული განწყობა შეიმჩნევა ბლინკენის ნაწილში და არ არის გამორიცხული, სწორედ, ამ განწყობილების ფონზე ჰქონდეს პრეტენზიები საქართველოს მიმართ - გინდა თუ არა, საქართველომ გადადგას რაღაცა ნაბიჯები. ასეთ პოლიტიკურ სიტუაციას რომ თავი ავარიდოთ, იქნებ მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ფიქრობს, რომ თუკი ეს თემა განხილვის პროცესშიდაც წამოიწევა, მაღალი ალბათობაა, პოლიტკური დესტაბილიზაციისა და შესაძლებელია, რომ მოხდეს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რადგან საზოგადოებრივი განწყობა არ შეესაბამება იმ მოთხოვნის შესრულებას, რომელსაც ჩვენ თავს გვახვევენ.

„პოლიტიკური დესტაბილიზაციის კუთხით უკვე შექმნილია ხელსაყრელი პირობა - ინფორმაცია გაჟღერებულია. თუ ამას ხელისუფლება გააჟღერებს, არ გამოვრიცხავ, რომ მოხდეს უფრო მაღალი დონის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება დასრულდეს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით. ამიტომ, ახლა უნდა ვიყოთ რაც შეიძლება ფრთხილად, რომ არ იქნას შეცდომები დაშვებული, რომელიც გამოიწვევს დესტაბილიზაციას ქვეყანაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

ლევკოთეა და ეს კუხალაშვილი თუნდაც ერთი პროცენტით უშვებს, რომ ხელისუფლება ამას გააჟღერებს?
2 თვის უკან