Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ, რომელიც სატრანსფერო ექსპერტია, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამის შანსი მომდევნო ზაფხულისთვის დიდი არაა, მაგრამ არც გამორიცხულია.
„დღეისთვის, ჩემთვის რთული წარმოსადგენია, რომ „ნაპოლიმ“ კვარაცხელიაც დაკარგოს, როცა ოსიმენის წასვლა დაგეგმილია, მაგრამ თუ წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღეს, ქართველის შენარჩუნება რთული იქნება, რადგან ჯერ კიდევ არ უსაუბრიათ კონკრეტულად კონტრაქტის განახლებაზე და სიტუაცია საბოლოო ფაზაში არ არის. ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია, რომელიც უახლოეს თვეებში სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, 5 საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.