სერიალ ეიფორიის მსახიობი ჰანტერ შაფერი პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. პალესტინის მხარდამჭერებმა NBC-ის შენობის წინ აქცია მაშინ გამართეს, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი Late Night with Seth Meyers-ის ეთერში გამოჩნდა. აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, ისინი პრეზიდენტს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. შაფერი 30 სხვა დემონსტრანტთან ერთად დააკავეს.
დემონსტრანტებს პირბადეები ეკეთათ და შავი მაისურები ეცვათ წარწერებით: "ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი" და სკანდირებდნენ: "მიეცით ღაზას საშუალება, იცოცხლოს"; "ებრაელები ბაიდენს: შეაჩერე გენოციდი".
ორგანიზაცია Jewish Voice for Peace-ის ინფორმაციით, ჰანტერისა და სხვა დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მარტში გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ამბობს, რომ მსახიობის მხარდაჭერას ძალიან აფასებენ.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, საათნახევრიანი პროტესტის შემდეგ, აქციამ ძალადობრივი სახე მიიღო და 30-მდე ადამიანის დაკავების მიზეზი ეს გახდა. შაფერის მენეჯმენტს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარია არ გაუკეთებია.
27 თებერვალს ბაიდენმა NBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ისრაელი უკვე დათანხმდა ღაზაში ბრძოლის შეწყვეტას რამადანისთვის, რომელიც ორ კვირაში, 10 მარტს იწყება.
ბოლო მონაცემებით, ოქტომბრიდან დღემდე, ღაზაში 30 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. გაეროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში მძიმე პირობებია, რასაც ბოლო დღეებში სულ მცირე, 6 ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.