მენავთობეებმა ავტომფლობეელები მოთმინებიდან გამოიყვანეს

მენავთობეებმა ავტომფლობეელები მოთმინებიდან გამოიყვანეს

[ეკა ბაქრაძე]

ხვალ ეკონომიკის სამინისტროსთან საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. უფრო სწრად კი არ გაიმართება, არამედ განახლდება. ზაფხულიდან მოყოლებული ავტომფლობელებმა ნავთობმაგნატების წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, რითაც იმ პერიოდში საწვავის გაძვირება შეაჩერეს.

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ნავთობკომპანიებმა კვლავ დაიწყეს ძველებურად პროდუქციის ყოველკვირეული გაძვირება. ამიტომაც სოციალურ ქსელებში და ფორუმებზე კვლავ დაიწყო საპროტესტო ტალღის აგორება. „ფეისბუქში“ ამ აქციას 4 700-ზე მეტი ადამიანი უკვე შეურთდა. სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციის მონაწილეები შესაბამის სამსახურებს მოსთხოვენ, გადახედონ ქართული ნავთობკომპანიების მუშაობას და მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა მოტყუებას. 

დღეისთვის ერთი ლიტრი საწვავის ფასი 2-დან 2.15 ლარამდეა.  სპეციალისტების განმარტებით კი, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით, ბენზინის ფასი საქართველოში 1.80 ლარი უნდა იყოს.

ავტომფლობელებს წინასწარ გარკვეული სამსახური გაუწიეს ჟურნალისტებმა, რომლებმაც გამოთვალეს, რომ ნავთობიმპორტიორები 30-თეთრიანი მოგების მარჟით მუშაობენ, ანუ ყოველი გაყიდული ლიტრიდან 30 თეთრი სუფთა მოგება რჩებათ. საერთაშორისო სტანდარტით, 10-თეთრიანი მოგების მარჟა დიდ მოგებად ითვლება.

ბოლო პერიოდში ნავთობიმპორტიორებმა საწვავი რამდენჯერმე გააძვირეს. მარტო 2011 წლის იანვარში საწვავის ფასი სამჯერ გაიზარდა. საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით ხშირად მენავთობეების და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულება ასეთია - ვისაც უჭირს მანქანა უნდა გაყიდოს და ფეხით იაროს.

თუმცა, დიზელთან დაკავშირებით, რომლიც ბენზინზე 5-10 თეთრით ძვირია, ამგვარი განმარტების გაკეთება უკვე არასერიოზულ სახეს იღებს. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საწარმოებლად ძვირი დიზელი გლეხს წელში წყვეტს, შესაბამისად, მის მიერ მოყვანილი მოსავალი არარენტაბელური ხდება. მთავრობაში კი წარუმატებელ სოფლის მეურნეობას გლეხების სიზარმაცით ხსნიან.

ასევე, ნავთობიმპორტიორების განმარტება, რომ საწვავი მსოფლიოში არსებული ფასების ადეკვატურია, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე ისაა, რომ ნავთობკომპანიებს მთავრობის მხრიდან დამატებითი ვალდებულებები გაუჩნდათ. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა მსხვილ ნავთობკომპანიებს („ვისოლს“, „სოკარს“) ფეხბურთის კლუბებისა და ფედერაციის შენახვა დაავალადებულეს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. ექსპერტების განცხადებით, ეს კიდევ ერთი ფაქტია თუ როგორ ეწირება მოსახლეობის შემოსავლები მთავრობის ამბიციებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში კომპანიების 30-თეთრიანი მარჟის მოგებით მუშაობას კატეგორიულად გამორიცხავენ. კავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრესაში გამოქვეყნებული დათვლები ზუსტი არ არის, რადგან ყველა ფაქტორს არ ითვალისწინებს. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ნავთობპროდუქტების კომპანიების ხარჯებს სპეციფიური დათვლები სჭირდება და ეს ბიზნესი ბევრ ფაქტორს ითვალისწინებს. მთვრალაშვილის მტკიცებით, კომპანიები გაცილებით ნაკლებ მოგების მარჟაზე მუშაობენ.

მთავარი ეჭვმიტანილები, ანუ მსხვილი ნავთობკომპანიები კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება კომპანია „სენტას“, მისი დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის განცხადებით, მათ დაახლოებით 5%-იანი მარჟა აქვთ, ანუ 10 თეთრი.

თუმცა, მსხვილი იმპორტიორების მოგება გაცილებით მაღალია, ვინაიდან მათ საწვავი თვითონ შემოაქვთ. ასევე გაცილებით იაფი უნდა იყოს აზერბაიჯანული საწვავიც.

ზაალ იაკობიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში საწვავის გაძვირება არ იგეგმება.

„ბოლო პერიოდში პლაცის ფასმა არნახულ ნიშნულს მიაღწია. ტენდენცია როგორი იქნება ამის პროგნოზირებაც საკმაოდ რთულია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით, საქართველოში საწვავის გაძვირება აღარ იგეგმება“, - ამბობს იაკობიძე.