„რუსეთმა შეიძლება ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოს დაარტყას“, - რა მოხდება თუკი ალიანსი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის?!

„რუსეთმა შეიძლება ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოს დაარტყას“, - რა მოხდება თუკი ალიანსი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის?!

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, გარკვეულწილად, ვნებათაღელვა მოჰყვა და გააქტიურდა საუბარი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის მიერ უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ, რაც თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

აღნიშნულს უკვე გამოეხმაურა რუსეთი და განაცხადა, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მოსკოვის შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, რაც შეტაკებით დასრულდება.

„ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება. ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ მათ ამ

უფლების დაცვაში მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ნატო-ს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის.

„ზოგადად, აქ, ალბათ, უკრაინაში ნატო-ს ქვეყნების გარკვეული

კონტინგენტების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლებში ყველა სხვა ელემენტი, ასე თუ ისე, უკვე გაჟღერდა და ჩვენ ყველა მათგანი უკვე გავითვალისწინეთ“, - განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება.

„ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ გარდაუვალობაზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბარში ნატო-ს მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ უფრო მნიშვნელოვანია ალიანსმა უკრაინას სხვა სახის დახმარება აღმოუჩინოს.

„მე ვერ ვხედავ ამ თემის გაგრძელებას. თუ მსგავსი რამ მოხდა, ეს იქნება სერიოზული დაპირისპირება. რუსეთი, პრაქტიკულად, თავის თავს უფლებას მისცემს ნატო-ს რომელიმე სახელმწიფოს დაარტყას, მაგალითად, პოლონეთს. ჯარები შეიძლება არ შეიყვანოს, მაგრამ დაბომბოს. ეჭვი მეპარება, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ამას ჯობია უკრაინას დაეხმარონ, მეტი ჭურვი მისცენ და ამით საშუალება მისცენ რუსეთს გაუმკლავდეს.

უკრაინას არ აქვს საშუალება განახორციელოს წარმატებული სამხედრო შეტევა, მაგრამ აქვს რესურსები თავი დაიცვას. თუ დასავლეთი არ დაეხმარა და კონგრესმა არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, შეიძლება ეს ომი წლები გაგრძელდეს. უკრაინელები არ აპირებენ დანებებას, სულ რომ არაფერი ჰქონდეთ, ნაჯახებით დაიწყებენ ბრძოლას. თუ შესაბამის იარაღს მისცემენ უკრაინელებს, ეს ომი შესაძლოა წელსაც კი დასრულდეს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ნატო ამ ნაბიჯზე არ წავა.

„ნატო არავითარი ჯარების გაგზავნას არ აპირებს უკრაინაში, გარდა იმისა, რა დახმარებასაც უწევს ის უკრაინის შეირაღებულ ჯარებს. იყო მოსაზრება, რომ რუსეთი შეიძლება ლატვიაშიც შეიჭრას, თუმცა, ამის საფუძველი შეიძლება იყოს ნატო-ს ახალი ინიციატივა - ბალტიის გზა, რომელიც არის საკრინიზო ხაზი. ასევე, იყო საუბარი, რომ მოლდოვაში მოხდებოდა შეჭრა. თუმცა, ნატო-ს ოფიციალური პირები უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას არ ადასტურებენ. ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულებაზე საუბარი არ არის. თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ომი სულ მცირე ოთხი წელი გაგრძელდება, გავიდა ორი წელი და კიდევ ორი წელი, სამწუხაროდ, ეს ომი არ დასრულდება“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

აქვე შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას: „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება“, - განაცხადა ოლაფ

შოლცმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.

ლევკოთეა უნიკალური სიტუაციაა.
ყველა შეთანხმებულია უსიტყვოდ (ან სიტყვიერად), რომ საომარი მოქმედება არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს.
უკრაინას არ აძლევენ ისეთ შეიარაღებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანოს ომი და უკრაინის არასათანადოდ და მუდამ დაგვიანებული დახმარებით, რუსეთს საშუალება მისცეს, მთელი აგრესიის უკრაინის საზღვრებში ჩატევით დაკმაყოფილებულიყო და იქ ებაირამა.
2 თვის უკან