NBA-ს ვარსკვლავი ჯიმი ბატლერი ამერიკული როკ-ჯგუფის Fall Out Boy-ს ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირი გახდა. ამის შესახებ People-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, „მაიამი ჰიტის“ 34 წლის ფორვარდმა ვიდეოში იმო კოვბოის როლი მოირგო. რგოლი სიმღერაზე So Much (for) Stardust არის გადაღებული, რომელიც ჯგუფის ამავე სახელწოდების ალბომში შედის. ბატლერს იასამნისფერი კოსტიუმი აცვია, თმა კი გასწორებული აქვს, ისევე როგორც 2023 წლის ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე, რომლის შემდეგაც სოციალურ ქსელებში ბევრი მიმი გავრცელდა, კალათბურთელს კი „იმო ჯიმი“ შეარქვეს. ჯგუფის წევრებიდან კი ვიდეოში მხოლოდ ბასისტი პიტ ვენცი ჩანს, რომელიც რგოლის ბოლოს ბატლერთან ერთად ცეკვავს.
ოქტომბერში ბატლერმა განაცხადა, რომ ქანთრი ალბომის გამოშვებას გეგმავს და უკვე 40-ზე მეტი სიმღერა აქვს დაწერილი.