ტიმოთი შალამემ 2022 წელს გაგვიმხილა, რომ ლეონადრო დიკაპრიომ მნიშვნელოვანი რჩევა მისცა. მსახიობები ერთად ფილმში Don't Look Up თამაშობდნენ, რა დროსაც დიკაპრიომ შალამეს უთხრა, რომ ძლიერი ნარკოტიკებისგან თავი შორს დაეჭირა და სუპერგმირების შესახებ გადაღებულ ფილმებში მონაწილეობა არ მიეღო.
თავად ლეონარდოც მარველის ან DC-ის სამყაროს ნაწილი არასოდეს ყოფილა და აქამდე ტიმოთიც ამავეს აგრძელებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მსახიობმა აზრი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში შალამემ განაცხადა, რომ სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებში მონაწილეობას ბოლომდე არ გამორიცხავს.
"ლეონარდო დიკაპრიოს რჩევას მივყვები, თუმცა ბნელმა რაინდმა გადამაწყვეტინა სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმებზე უარი არ ვთქვა. როცა 12 წლის ვიყავი, ამ ფილმის სანახავად კინოში დედასთან და ბებიასთან ერთად წავედი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სეანსიდან გამოსვლისას სხვა ადამიანი ვიყავი. ჰიტ ლეჯერის თამაშმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ მსახიობობა მომანდომა. თუ სცენარი და რეჟისორი მომხიბლავს, სუპერგმირებზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობაზე დავფიქრდები", — ამბობს შალამე.
ბნელი რაინდი ცნობილმა რეჟისორმა, კრისტოფერ ნოლანმა, 2007 წელს გადაიღო. ტიმოთის ნოლანთან მუშაობის შანსი ფილმ ინტერსტელარში მიეცა, თუმცა იქ შალამე მეორეხარისხოვან პერსონაჟს განასახიერებდა.
საზოგადოებამ ტიმოთი 2017 წელს გამოსული ქვიარ ფილმით Call Me by Your Name გაიცნო, რის შემდეგაც მსახიობმა არაერთ ცნობილ ფილმში შეასრულა მთავარი როლი, მათ შორის, Dune-სა და Wonka-ში.