ოსკარი 2024-ზე რაიან გოსლინგი I’m Just Ken-ს შეასრულებს

ოსკარი 2024-ზე რაიან გოსლინგი I’m Just Ken-ს შეასრულებს

მას შემდეგ, რაც I’m Just Ken-მა ოსკარი 2024-ზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაცია მოიპოვა, რაიან გოსლინგის ფანები დაჯილდოებაზე მსახიობის გამოსვლას მოუთმენლად ელიან. ახლახან კი კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა ამერიკულმა აკადემიამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიაზე რაიან გოსლინგი იმღერებს.

ოსკარი 2024-ზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში Barbie-ს ორი სიმღერაა წარდგენილი: I’m Just Ken და ბილი აილიშის What Was I Made For. წლევანდელი ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 11 მარტს გაიმართება და გამარჯვებულის ვინაობასაც სწორედ მაშინ გავიგებთ.

Variety-თან თებერვალში მიცემულ ინტერვიუში რაიან გოსლინგი ამბობდა, რომ აკადემიას მისთვის I’m Just Ken-ის შესრულება ჯერ არ მოუთხოვია. "შეიძლება, ჩემთვის დიდი რისკი იყოს I’m Just Ken-ის შესრულება, რადგან არ ვიცი, რა გამოვა, თუმცა მე მზად ვარ", — განაცხადა რაიან გოსლინგმა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ოსკარი 2024-ზე სიმღერის შესრულებაზე დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Critics Choice Award 2024-ზე საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში I’m Just Ken-მა გაიმარჯვა. დაჯილდოების ცერემონიაზე რაიან გოსლინგის რეაქცია კი მიმად იქცა, რადგან მსახიობი გამარჯვებას აშკარად არ ელოდა. Critics Choice Award 2024-ის ჯილდო პირველი იყო, რომელიც I’m Just Ken-მა მოიპოვა.