ნარუტოს ფილმად გადაიღებენ

ნარუტოს ფილმად გადაიღებენ

პოპულარული იაპონური მანგა ნარუტო მალე ფილმად იქცევა.

ნარუტოს სამყარო 10-ზე მეტ ფილმს ისედაც მოიცავს, თუმცა, კინოსტუდია Lionsgate ამჯერად არა ანიმაციური, არამედ "ლაივ-ექშენ" ეკრანიზაციის გადაღებას გეგმავს.

მილიონობით ფანის საყვარელი ისტორიის დიდ ეკრანზე გაცოცხლებას დესტინ დენიელ კრეტონი შეეცდება, რომელიც ფილმის რეჟისორი, სცენარისტი და ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. კრეტონს აქამდე არაერთ წარმატებულ პროექტზე უმუშავია, მათ შორისაა მარველის ფილმი შანგ-ჩი და ათი ბეჭდის ლეგენდა (Shang-Chi and the Legend of the Ten Rings).

მასაში კიშიმოტოს შექმნილი ნარუტო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანგაა, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში 250 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული. მის მიხედვით შექმნილია ანიმე, ფილმები, წიგნები, ვიდეო და სამაგიდო თამაშები.

თავად კიშიმოტო კი მოხარულია, რომ ნარუტოს ფილმს კრეტონი გადაიღებს.

"დესტინის ბლოკბასტერ ფილმს რომ ვუყურე, ზუსტად მას შემდეგ შევიტყვე პროექტში მის ჩართულობაზე და ვიფიქრე, რომ ნარუტოს რეჟისორობისთვის ის საუკეთესო ვარიანტი იყო", — ამბობს მანგის შემქმნელი, — "მერე, როცა კრეტონის სხვა ფილმებიც ვნახე და მივხვდი, რომ ძლიერი ადამიანური დრამების შექმნა მისი ძლიერი მხარეა, დავრწმუნდი: ნარუტოს სხვა რეჟისორი ვერ ეყოლებოდა. ამასთან, ის არც ახალ იდეებს უფრთხის და ჩემი ხედვის გათვალისწინებისთვისაც მზად არის. ასე რომ, ჩვენ მშვენივრად ვითანამშრომლებთ".