სულ მალე ოსკარის ნომინანტი იტალიელი რეჟისორის, ლუკა გუადანინოს, ახალ ფილმს ვიხილავთ. Challengers — ასე ჰქვია რომანტიკულ-კომედიურ დრამას, რომელშიც მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. მსახიობი აღიარებულ ჩოგბურთელს, ტაში დანკანს, განასახიერებს, რომელიც მძიმე ტრავმის მერე იძულებული ხდება, მოთამაშის კარიერა დაასრულოს და მწვრთნელობას დასჯერდეს.
დრამატული სიუჟეტი მაშინ იწყება, როცა ტაში თავის ქმარს, ჩემპიონ არტ დონალდსონს, კარიერის წარუმატებელი ეპიზოდის დასრულებისკენ უბიძგებს და გზავნის ტურნირზე, სადაც ამ უკანასკნელს თავის ყოფილ მეგობართან და ცოლის ყოფილ შეყვარებულთან დაპირისპირება მოუწევს.
სპორტულ-რომანტიკული სამკუთხედის ჩახლართულ ისტორიას ზენდეიასთან ერთად მაიკ ფაისტი და ჯოშ ო'კონორი გააცოცხლებენ ეკრანზე. ფილმის სცენარის ავტორი ჯასტინ კურიცკესია, პროექტის ერთ-ერთ პროდიუსერად კი თავად ზენდეიაც გვევლინება.
აშშ-ის მსახიობთა გილდიის შარშანდელი მასშტაბური გაფიცვის გამო, Challengers-ის გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო. პრემიერის თარიღმა ჯერ 2023 წლის აგვისტოდან სექტემბერში, ბოლოს კი 2024 წლის გაზაფხულამდე გადაიწია; მაყურებელი ფილმს კინოთეატრებში 26 აპრილიდან იხილავს.