ავდიივკას დაკარგვა დასავლეთიდან დაგვიანებული დახმარების საფასურია - რუსები უფრო შორს წავლენ?

ავდიივკას დაკარგვა დასავლეთიდან დაგვიანებული დახმარების საფასურია - რუსები უფრო შორს წავლენ?

ოთხთვიანი ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ, რუსეთის არმიამ ავდიივკის დაკავება შეძლო. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქიდან გავიდნენ. ამ ქალაქისთვის ბრძოლა 2014 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა 2024 წლის თებერვლის დასაწყისში სიტუაცია კრიტიკული გახდა და რუსებმა თითქმის მოახერხეს ქალაქის დამცველებისთვის მიწოდების გზების გაწყვეტა. ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლის შემდეგ, რომელიც, ალბათ, ჯარების მხრივ ბახმუტისთვის ბრძოლაზე მძიმე იყო, უკრაინულ ძალებს საბრძოლო მასალის და პერსონალის დიდი დეფიციტი შეექმნათ.

უკრაინამ განაცხადა, რომ მან თავისი ჯარისკაცები გამოიყვანა, რათა გადაერჩინა ჯარები სრული ალყაში მოქცევისგან თვეების სასტიკი ბრძოლის შემდეგ. პუტინი ავდიივკას დაცემას მიესალმა და ის რუსული ჯარის მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა.

ავდიივკას დაცემა რუსეთის ყველაზე დიდი მონაპოვარია 2023 წლის მაისში ქალაქ ბახმუტის აღების შემდეგ. თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში შეჭრის ბრძანებით.

For.ge-სთან ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ავდიივკადან უკრაინის არმიის გაყვანაზე გავლენა დასავლეთის დახმარების შეფერხებამ იქონია. სწორედ ამ ფონზე უკრაინის არმიას შეექმნა საარტილერიო ჭურვების, საჰაერო თავდაცვის რაკეტების და სხვა იარაღის დეფიციტი.

მათივე თქმით, ამავე დროს, ავდიივკა მნიშვნელოვანი იყო უკრაინისთვის, როგორც მთავარი სარკინიგზო კვანძი და სამრეწველო ცენტრი. ის ასევე მუდმივი პოტენციური საფრთხე იყო დონეცკისთვის.

უფრო შორს წავლენ თუ არა ოკუპანტები?

ავდიივკას აღებიდან ორი დღის შემდეგ რუსული ჯარი აგრძელებს შეტევას ქალაქთან ახლოს, თუმცა ოკუპანტებს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

აღსანიშნავია, რომ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ადრინდელმა ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ თუ ავდიივკას დაიპყრობდნენ, რუსები ვერ შეძლებდნენ სწრაფად წინსვლას და ქალაქის დასავლეთით დიდ დასახლებებს ვერ დაიკავებდნენ. რუსეთის ჯარებმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღეს ავდიივკას ასაღებად. დიდი დანაკარგები აქვთ, ამიტომ საჭირო იქნება აღდგენისა და დასვენების ხანგრძლივი პერიოდი, რათა ახალი ტერიტორიების დაკავება შეძლონ.

ამის პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ავდიივკას ირგვლივ დასახლებულ პუნქტებთან კარგი თავდაცვითი ფორტიფიკაციები ააშენეს, რომელთა აღებას რუსული ჯარები ცდილობენ, განსაკუთრებით ქალაქის დასავლეთით და ჩრდილოეთით, თუმცა არაფერი გამოსდით.

იარაღის დეფიციტი ავდიივკას დაკარგვის მიზეზი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი გააფრთხილა, რომ ავდიივკა შეიძლება საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო დაცემულიყო. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა ზელენსკის, სადაც ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძალაშია. ხოლო აღნიშნა, რომ ამისთვის კონგრესმა სასწრაფოდ დახმარების პაკეტი უნდა მიიღოს.

თეთრმა სახლმა თქვა, რომ უკრაინას ჯარების გაყვანა აიძულა „კონგრესის უმოქმედობის შედეგად მომარაგების შემცირებამ“, რამაც აიძულა უკრაინელი ჯარისკაცები გაეწია საბრძოლო მასალის დაზოგვა, ამას კი „რუსეთის პირველი შესამჩნევი მოგება თვეების განმავლობაში“ უკვე მოჰყვა.

ზელენსკიმ შაბათს მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების გლობალურ კონფერენციაზე მოკავშირეებს მოუწოდა, შეემცირებინათ იარაღის „ხელოვნური“ დეფიციტი და თქვა, რომ აშშ-ს დახმარება შეფერხებული იყო. მან შეაქო თავისი ჯარები ავდიივკაში რუსული ძალების „გამოწურვისთვის“ და თქვა, რომ გაყვანა ნაწილობრივ იარაღის ნაკლებობით იყო გამოწვეული.

ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ავდიივკას დაკავებით რუსეთი შეძლებს უკრაინას შეუქმნას პრობლემები დონეცკის მიმართულებით და ამ რეგიონის დაბრუნება დროში კიდევ უფორ გადავადდება. ბერიძე for.ge-სთან ამბობს, რომ დონეცკი აღმოსავლეთ ფრონტის გრავიტაციის მიმართულების ცენტრია, როგორც სამხრეთისთვის ყირიმი. ამიტომ ორივე მხარისთვის ავდიივკა მნიშვნელოვანი ქალაქია.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ავდიივკას აღების შემდეგ აქვს კიდევ იმის რესურსი, რომ იმის იქით წავიდეს და სხვა ქალაქებიც აიღოს. ეს იქნება გრძელი და მომქანცველი ომი, რომელიც ნელი წინსვლით და მომქანცველი შეტევებით იქნება გაჯერებული. მე, მაგალითად, უკრაინის კონტრშეტევასაც სერიოზულად ვერ განვიხილავდი, რადგან შეუძლებელია გადახვიდე მტერზე შეტევაზე, როემლიც რიცხობრივად სამჯერ მეტია შენზე.

ახლა, ამ ომში ორი მთავარი მიმართულებაა და ყველგან სრულიად სხვა სიტუაციაა. აღმოსავლეთ ფორნტზე სხვა და სამხრეთ ფრონტზე სრულიად სხვა. მთლიანობაში უკრაინა უნდა იყოს თავდაცვაში. თუმცა გარკვეულ მიმართულებებზე მოუწევს შეტევაზე გადასვლა. იგივეს აკეთებს რუსეთი. ამიტომ სტრატეგიულად რომ ვთქვათ, რომელიმე მათგანი შეტევაში ან თავდაცვაში იმყოფება, სწორი არ გამოვა. მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ბრძოლები ყევლა მიმართულებაზე. მხოლოდ მაღალი ინტენსივობის ბრძოლის შედეგად შეუძლია უკრაინას რუსეთის თავდაცვაში ბზარები შეიტანოს. ამით კი ისარგებლოს და რაღაცა ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლოს. ასე რომ, კონტრშეტევა დაიწყება და რუსებს გაყრიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან არასწორია“, - ამბობს ბერიძე.

მისივე თქმით, სწორედ დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინამ, როდესაც ყველა მიმართულებაზე, ფრონტის ხაზზე შეტევა დაიწყო. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამის რესურსი უკრაინას არ ჰქონდა. შექმნეს ფუჭი მოლოდინი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამიტომ მოხდა ის, რომ ეს კონტრშეტევა ჩავარდა და სიტუაცია კრიტიკული გახდა.

„ახლა რუსები რასაც აკეთებენ, არის ასეთი ტაქტიკა, რომ სამხრეთის მიმართულებაზე ააფეთქეს ნოვოკახოვკას ხიდი, რის შემდეგაც არიან თავდაცვაში გადასულები. ხოლო აღმოსავლეთში, სადაც უფრო მეტი უპიარტესობა აქვთ, ახორციელებენ შეტევას, მომქანცველ ბრძოლებს. საზარბაზნე ხორცის ფასად, სადაც ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს, ყოველ დღე სადღაც 50 მეტრს იკავებენ. ხან წინ მიდიან და ხან უკან, რაღაცა წარმატების ილუზიას ქმნიან“, - ამბობს ბერიძე.

საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა უკრაინამ რუსეთს რომელიმე მიმართულებაზე დილემა უნდა შეუქმნას და ფრონტის ხაზზე გარკვეული გარღვევა მოახდინოს. კაპანაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ეს უნდა იყოს რუსეთის სიღრმეში მოქმედება, დივერსიების სახით, რაც რუსეთს სრულიად სხვა მმართულებით გადაატანინებს ყურადღებას.

„დაპირისპირების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანა უნდა მოხდეს, რომ ამ ფრონტის ხაზზე რაღაცა ახალი გარღვევა ვიხილოთ. უკრაინამ თავისი წარმოების რაკეტებით უნდა მოახერხოს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები, რითაც რუსეთი იძულებული გახდება უკრაინელებს კონცენტრაცია შეუმცირონ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით უნდა დადგეს, თავის თავზე უნდა აიღოს რუსეთთან გამოფიტვაზე დაპირისპირება. ავდიივკას დაკარგვა სწორედ დასაველთიდან თავის დროზე, არმოწოდებული დახმარების შედეგია. სამწუხაროდ, ბახმუტისგან განსხვავებით, ავდიივკა სტარტეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია. უკრაინული თავდაცვის ზღუდე დონეცკიდან ახლოა, ამასთანავე შემაღლებული ტერიტორიაა, სადაც ბრძოლები 2014 წლიდან მიდიოდა და მისი გამაგრება ხდებოდა. როგორც ვიცი, რუსებს ეს იაფი არ დაუჯდათ, მათ ტექნიკით და ადამიანური რესურსით დიდი ფასი გადაიხადეს“, - ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, უკრაინის ჯარში როტაცია არ ხდება და არც უკრაინელები არიან კარგ მდგომარეობაში. კაპანაძე ამბობს, რომ უკრაინას, მიუხედევად ემიგრაციისა და სხვა რიგი პრობლემებისა, მაინც აქვს იმის საშუალება, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. გენერალი ამბობს, რომ აქ არის მთავარი ამ პრობლემის ტექნიკური უპირატესობით გადაფარვა, რაც ისევ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.

trampi შორს არა---------------- დამკაში გავლენ, დამკაში

გუშინ ტრამპმა თქვა მაათთვის ომი ჰობია, მაგათთან ომი არ შეიძლებაო ..
.. ნაპოლეონი და ჰიტლერიც ახსენა

ნაცებმა კიდევბ ომი გამოვუცხადოთო ...სამალიოტი მოგვეცით ომში უნდა წავიდეთო
ოღონდ ეგენი წავიდნენ და ........... სამალიოტს მე ვუქირავებვ
2 თვის უკან
trampi Кэндис Оуэнс о Такере Карлсоне и В. Путине

ნახეთ ეს ინტერვიუ ..... 3 დღისაა ...მაგარია
ეს ქალი ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობას აპირებს
2 თვის უკან